ოთხდღიანი სამუშაო კვირა – რა ვიცით სინამდვილეში

ოთხდღიანი სამუშაო კვირის იდეა მარტივია: იმუშავე ნაკლები, მიიღე იგივე ხელფასი და აჩვენე იგივე შედეგი. რვა წლის განმავლობაში ათობით ქვეყანაში ასობით კომპანიამ სცადა ეს მოდელი. BTUAI-ის ეს ანალიზი სათითაოდ განიხილავს ყველა მსხვილ ექსპერიმენტს და პასუხობს ერთ კითხვას: რა დადასტურდა და რა — არა.

რა არის ოთხდღიანი კვირა?

სამი სხვადასხვა მოდელი არსებობს ერთი სახელით. პირველი — ნამდვილი შემცირება: 40 საათის ნაცვლად 32, ხელფასი უცვლელი. ამას ჰქვია „100-80-100“: ხელფასის 100%, დროის 80%, შედეგის 100%. მეორე სამუშაო დროის “შეკუმშვა”: საათები არ მცირდება, უბრალოდ ოთხ დღეში ეწყობა, ანუ სამუშაო დღე ხდება ათსაათიანი. მესამე — სამუშაო დროის კანონით ცვლილება მთელ ქვეყანაში. სამივეს სხვადასხვა შედეგი აქვს და მათი ერთმანეთში აღრევა ყველაზე ხშირი შეცდომაა.

რატომ არის შედეგების შეფასება რთული?

ექსპერიმენტებში კომპანიები ნებაყოფლობით მონაწილეობენ. სანამ განაცხადს შეიტანენ, ისინი ითვლიან, გამოუვათ თუ არა — და თუ არა, უბრალოდ არ მონაწილეობენ. შედეგად შერჩევაში ხვდებიან სწორედ ისინი, ვისთანაც მოდელს ყველაზე დიდი შანსი აქვს. ამას ემატება ორი პრობლემა: ექსპერიმენტების უმეტესობას შედარების ჯგუფი არ ჰყავს, შედეგები კი ხშირად თავად თანამშრომლების შეფასებას ეყრდნობა და არა ობიექტურ გაზომვას.

რა დადასტურდა?

ადამიანების მდგომარეობა მართლა უმჯობესდება. ჟურნალ Nature Human Behaviour-ის 2025 წლის კვლევამ, რომელმაც 141 კომპანია და 2 896 თანამშრომელი მოიცვა, აჩვენა გადაწვის შემცირება და კმაყოფილების ზრდა. მთავარი კი ისაა, რომ რაც მეტი საათი დააკლდა ადამიანს, მით უფრო შემცირდა მისი გადაწვა — ეს კავშირი შემთხვევითობით არ აიხსნება. გერმანულმა კვლევამ, სადაც ძილი ფიტნეს-ტრეკერით იზომებოდა, დაადასტურა: მონაწილეები კვირაში 38 წუთით მეტს იძინებდნენ, სტრესის დრო კი 89 წუთით შემცირდა.

რა არ დადასტურდა?

რომ ეს კომპანიას არაფერი უჯდება. Nature-ის კვლევამ პროდუქტიულობა საერთოდ არ გაზომა. გერმანულმა კვლევამ, რომელმაც ბუღალტრულ ჩანაწერებს დახედა, შემოსავალსა და მოგებაში ცვლილება ვერ იპოვა; ავადმყოფობის დღეებიც უცვლელი დარჩა. ბრიტანული ექსპერიმენტის ცნობილი „35%-იანი ზრდა“ პანდემიური 2021 წლის შედარებაა — ხოლო თუ თავად ექსპერიმენტის დასაწყისსა და დასასრულს შევადარებთ, ზრდა მხოლოდ 1.4%-ია. 

რა ხდება გრძელ ვადაში?

ექსპერიმენტების უმეტესობა ექვს თვეს გრძელდება — სწორედ მაშინ გვაქვს შთამბეჭდავი მაჩვენებლები. ერთადერთი დამოუკიდებელი ორწლიანი შემოწმება გერმანულია: 2026 წლის თებერვლისთვის მონაწილე ორგანიზაციების 30% ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდა, კიდევ 22%-მა მოდელი შეცვალა. მიზეზები პრაქტიკულია — დატვირთვის პიკები, არასტაბილური შეკვეთები, ვადები. ეს ზუსტად ის პრობლემაა, რომელსაც ექვსთვიანი ექსპერიმენტი ვერ დაინახავს.

რას აკეთებენ სახელმწიფოები?

ნაკლებს, ვიდრე ჩანს. ესპანეთმა 60-70 კომპანიისთვის 10 მილიონი ევრო გამოყო, დაფინანსება კი ხუთმა მიიღო — ბიუჯეტის დაახლოებით 5%. შოტლანდიამ ერთწლიანი ექსპერიმენტი ჩაატარა, კარგი შედეგი მიიღო და 2025 წელს პოლიტიკაზე მაინც უარი თქვა. პორტუგალიის პილოტი, სადაც სახელმწიფომ ფული არ დახარჯა, ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა — კომპანიების 89%-მა გააგრძელა. დღეს ყველაზე დიდი პროგრამა პოლონეთშია, თუმცა მისი შედეგები 2027 წლამდე არ იქნება ცნობილი.

დასკვნა?

ოთხდღიანი კვირა თანამშრომლისთვის სავარაუდოდ სასარგებლო რეფორმაა და ეს კარგად არის ნაჩვენები. დამსაქმებლისთვის კი მისი ღირებულება ჯერ დაუდასტურებელია. კამათს გადაწყვეტდა კვლევა, სადაც კომპანიები შემთხვევით გადანაწილდებოდნენ ორ ჯგუფად და პროდუქტიულობა ბუღალტრული ჩანაწერებით გაიზომებოდა სულ მცირე ორი წლის განმავლობაში. ასეთი კვლევა დღემდე არავის ჩაუტარებია.

ეს ანალიზი მომზადებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) აკადემიური გუნდისა და BTUAI-ის მიერ და ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ დარგობრივ ანგარიშებსა და კვლევებს. სრული ანგარიში გრაფიკებით თან ერთვის ცალკე ფაილად.

ციტირება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და BTUAI. (2026). ოთხდღიანი სამუშაო კვირა — რა ვიცით სინამდვილეში. თბილისი, საქართველო.