კარიერის საწყისი საფეხური, ის პირველი სამსახური, სადაც ახალგაზრდა სპეციალისტი პროფესიას ეუფლება – შრომის ბაზრის ყველაზე მოწყვლადი რგოლი აღმოჩნდა. BTUAI-ის ეს ანალიზი განიხილავს, მართლა მცირდება თუ არა საწყისი დონის სამუშაო ადგილები, რამდენად არის ამის მიზეზი ხელოვნური ინტელექტი, როგორ იცვლება თავად უმცროსი პოზიციის შინაარსი და რას ნიშნავს ეს ცვლილება საქართველოსთვის.
მართლა ქრება საწყისი დონის სამუშაო ადგილები?
რიგი მონაცემები ამას ადასტურებს. Revelio Labs-ის მიხედვით, საწყისი დონის ვაკანსიები 2023 წლის იანვრიდან 35%-ზე მეტით შემცირდა – თვეში დაახლოებით 100 000 განცხადებით ნაკლები. AI-ზე მაღალი ექსპოზიციის მქონე პოზიციებზე ვარდნა 40%-ს აღემატება, დაბალი ექსპოზიციისაზე კი 33%. SignalFire-ის მონაცემებით, კურსდამთავრებულთა დაქირავება მსხვილ ტექკომპანიებში 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 65%-ით, ადრეული ეტაპის სტარტაპებში კი 76%-ით შემცირდა. მნიშვნელოვანია ფორმა: მასობრივი დათხოვნები არ ხდება – კომპანიები უბრალოდ ნაკლებად იღებენ ახლებს.
რას აჩვენებს კვლევები?
სტენფორდის ციფრული ეკონომიკის ლაბორატორიის კვლევა, რომელიც ADP-ის სახელფასო ჩანაწერებს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ 22–25 წლის დასაქმებულებს AI-ზე მაღალი ექსპოზიციის პროფესიებში დაახლოებით 19%-ით დაბალი დასაქმება აქვთ, ვიდრე იმავე ასაკის თანატოლებს ნაკლებად ექსპოზირებულ სფეროებში. გამოცდილ თანამშრომლებში მსგავსი სხვაობა არ ჩანს. ჰარვარდის კვლევა, რომელიც 280 000-ზე მეტ კომპანიას მოიცავს, ამავე მოვლენას „სენიორობისკენ მიკერძოებულ ტექნოლოგიურ ცვლილებას“ უწოდებს. ამასთან, შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავდება – 13%-დან 19%-მდე, ამიტომ სწორია დიაპაზონზე საუბარი და არა კონკრეტულ რიცხვებზე.
მართლა ხელოვნური ინტელექტია მიზეზი?
ეს ჯერ არ არის დადასტურებული. იელის ბიუჯეტის ლაბორატორიის 2026 წლის დასკვნით, დასაქმებაზე ან ხელფასებზე AI-ის გავლენის მკაფიო მტკიცებულება ჯერ არ ჩანს. Frank-ისა და თანაავტორების კვლევა კი აჩვენებს, რომ უმუშევრობის რისკი AI-ზე ექსპოზირებულ პროფესიებში 2022 წლის დასაწყისიდან იზრდებოდა – ChatGPT-ის გამოშვებამდე თვეებით ადრე, იმავე პერიოდში, როცა ფედერალურმა რეზერვმა განაკვეთების მკვეთრი ზრდა დაიწყო. სტენფორდის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი მიზეზობრიობის დადგენას „ემპირიულად რთულ“ და ღია საკითხად მიიჩნევს.
რა არის „სენიორიზაცია“?
PwC-ის 2026 წლის გლობალური AI-შრომის ბარომეტრი, რომელიც ერთ მილიარდზე მეტ ვაკანსიას აანალიზებს 27 ქვეყანაში, მთავარ პასუხს იძლევა: საწყისი დონის სამუშაო არ გამქრალა, არამედ მასში შესვლა გაძნელდა. AI-ზე მაღალი ექსპოზიციის პროფესიებში საწყისი ვაკანსია შვიდჯერ უფრო ხშირად ითხოვს ადრე სენიორულ უნარებს; ასეთი ვაკანსიები 2019 წლიდან 35%-ით გაიზარდა, ტრადიციული საწყისი პოზიციები კი 10%-ით შემცირდა. პარადოქსი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი სწორედ იმ შაბლონურ სამუშაოს ითავსებს, რომელიც ადრე სწავლების საშუალება იყო.
რას აკეთებენ დამსაქმებლები?
სურათი ცალმხრივი არ არის. უმცროსი რგოლის შემცირებას უკუეფექტიც აქვს: სამუშაო ავტომატიზდება, პასუხისმგებლობა კი ზემოთ იწევს და საშუალო რგოლი გადაიტვირთება. ამას ემატება მემკვიდრეობითობის პრობლემა – თუ დღეს უმცროსს არ ვამზადებთ, ხუთ წელიწადში სენიორი აღარსაიდან გაჩნდება. ზოგიერთი კომპანია საპირისპირო ფსონს დებს: Cognizant-მა 2025 წელს 25 000 კურსდამთავრებული აიყვანა. აქედან იბადება გადააზრებული უმცროსი პოზიცია, სადაც აქცენტი ამოცანის შესრულებიდან მსჯელობაზე გადადის.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, განვითარებად ეკონომიკებში ახალი უნარების მოთხოვნა დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ხოლო მათი ათვისება მსგავს ბაზრებზე აშშ-ს 8–9 თვით ჩამორჩება. ამასთან, ახალგაზრდების დასაქმება სწორედ იმ პროფესიებშია კონცენტრირებული, სადაც AI-ის ექსპოზიცია მაღალია და კომპლემენტარობა დაბალი. საქართველოში 20–24 წლის ახალგაზრდების უმუშევრობა 17.6%-ია, ხოლო ყველაზე AI-ექსპოზირებული სექტორი – IT 2017–2023 წლებში ხუთჯერ გაიზარდა და 25 ათას დასაქმებულს მიაღწია.
საიდან უნდა დაიწყოს საქართველომ?
ჩამორჩენა დროს იძლევა: ქვეყანას შეუძლია ისწავლოს იმ ბაზრების შეცდომებზე, სადაც მაჩვენებელთა ვარდნა უკვე დაიწყო. ეს დრო კი მხოლოდ მაშინ იქცევა უპირატესობად, თუ სამი პირობა შესრულდება – უმცროსი პოზიცია ისე გადააზრდება, რომ AI-სთან მუშაობა მასში ჩაიწეროს; უნივერსიტეტი დარგობრივ მსჯელობასა და AI-წიგნიერებას ერთად ასწავლის და გაჩნდება შეგირდობის ან სუბსიდიის მექანიზმი. ვინაიდან ქვეყანას ჯერ არ აქვს ეროვნული AI-სტრატეგია, პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი დამსაქმებელსა და უნივერსიტეტს რჩება.
ეს ანალიზი მომზადებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) აკადემიური გუნდისა და BTUAI-ის მიერ და ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ დარგობრივ ანგარიშებსა და კვლევებს. სრული ანგარიში გრაფიკებით თან ერთვის ცალკე ფაილად.



