ცქრიალა ღვინო: გლობალური ტენდენციები და საქართველოს პერსპექტივები
ცქრიალა ღვინის ბაზარი მსოფლიოში სტაბილურად იზრდება, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მოხმარების ტრანსფორმაციაა – თუ ადრე

ცქრიალა ღვინის ბაზარი მსოფლიოში სტაბილურად იზრდება, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მოხმარების ტრანსფორმაციაა – თუ ადრე ცქრიალა ღვინო ძირითადად განსაკუთრებულ შემთხვევებს უკავშირდებოდა, დღეს მომხმარებლები მას ყოველდღიური სიამოვნებისთვისაც არჩევენ. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პოპულარული გახდა მშრალი და მსუბუქი ცქრიალა ღვინოები, როგორიცაა პროსეკო და კრემანი, რომლებიც შამპანურთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია. აზიის სწრაფად მზარდ ბაზრებში კი ახალი თაობის მომხმარებლები უფრო მეტად ირჩევენ ინოვაციურ და მრავალფეროვან ცქრიალა ღვინოებს. აღმოსავლეთ ევროპაშიც, განსაკუთრებით პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, ამ კატეგორიის ღვინოების გაყიდვები სტაბილურად იზრდება. ამ ტენდენციას საქართველოც მიჰყვება და ცდილობს, თავისი ადგილი დაიმკვიდროს გლობალურ ცქრიალა ღვინის ბაზარზე.
ქართველი მწარმოებლები ბოლო წლებში აქტიურად მუშაობენ ცქრიალა ღვინის ექსპორტზე. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად 2024 წელს ექსპორტი წლიურად შემცირდა და 4.4 მილიონ დოლარი შეადგინა (წყარო: საქსტატი), გრძელვადიანად ქართული ცქრიალა ღვინის გატანა საერთაშორისო ბაზრებზე ნელა-ნელა იზრდება. მისი მთავარი საექსპორტო ქვეყნები ისევ რუსეთი, უკრაინა და ბელარუსია, რაც მეტწილად ტრადიციული სავაჭრო კავშირებითაა განპირობებული. ეს ბაზრები ქართული ღვინის მიმართ კარგად ჩამოყალიბებულ ინტერესს ინარჩუნებენ, თუმცა დივერსიფიკაცია კვლავ ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია საქართველოში ცქრიალა ღვინის იმპორტის ზრდაა. 2024 წელს იმპორტმა 3.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით მკვეთრი ზრდაა – 27%. ძირითადად, უცხოური ცქრიალა ღვინოები საქართველოში საფრანგეთიდან და იტალიიდან შემოდის. ეს ორი ქვეყანა ცქრიალა ღვინის მსოფლიო ლიდერებია – საფრანგეთი ცნობილია თავისი კლასიკური შამპანურით, რომელიც პრემიუმ კატეგორიის პროდუქტად ითვლება, ხოლო იტალია – პროსეკოს ფართო ასორტიმენტით, რომელიც ხელმისაწვდომობითა და მრავალფეროვანი გემოვნური პროფილით გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ცქრიალა ღვინის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, მისი ექსპორტი ნელ–ნელა მკვიდრდება, ხოლო იმპორტის ზრდა მიუთითებს, რომ ქართველ მომხმარებლებს ამ კატეგორიის ღვინო სულ უფრო მეტად ხიბლავთ. იმისათვის, რომ ადგილობრივმა ცქრიალა ღვინომ საერთაშორისო კონკურენციაში ღირსეული ადგილი დაიკავოს, აუცილებელია ხარისხის სტაბილურობა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და მარკეტინგული აქტივობების გაძლიერება.