საქართველოში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობა: როგორ ვუდგებით გლობალურ ეთიკურ სტანდარტებს?
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია, არამედ მისი პასუხისმგებლიანი მართვაც, როგორ იცავს

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია, არამედ მისი პასუხისმგებლიანი მართვაც, როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებებს, რამდენად გამჭვირვალეა ალგორითმები, არსებობს თუ არა რეგულაციები მონაცემთა დაცვისა და ეთიკური გამოყენების კუთხით. ამ საკითხებზე პასუხის გასაცემად მსოფლიოში შემუშავდა პასუხისმგებლიანი AI-ის გლობალური ინდექსები, რომლებიც სხვადასხვა კომპონენტზეა დაფუძნებული: სამართლებრივი ჩარჩოები, სამთავრობო ქმედებები, სამოქალაქო ჩართულობა და ადამიანის უფლებების დაცვა ტექნოლოგიების გამოყენებისას.
საქართველო 138 ქვეყანას შორის 60-ე ადგილზე იმყოფება პასუხისმგებლიანი AI-ის გლობალურ ინდექსში (წყარო: Global Index on Responsible AI Governance). ქვეყნის საერთო ქულა მხოლოდ 17.8-ია 100–იდან, რაც გლობალურად დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ცალკეულ კომპონენტებში შედარებით პოზიტიური სურათიც ფიქსირდება. მაგალითად, სასამართლო და სამართლებრივი ჩარჩოები საუკეთესოთა 29%-შია, ხოლო არასამთავრობო სექტორის ჩართულობა — საუკეთესოთა 38%-ში. ეს მიუთითებს, რომ საქართველოში არსებობს ფორმალური საფუძველი და სამოქალაქო აქტივობა, მაგრამ რეალური შესაძლებლობები და სისტემური ქმედებები ჯერ კიდევ სუსტია.
იმის დასადგენად, სად ვდგავართ რეგიონის და გლობალურ ლიდერებთან შედარებით, უნდა შევხედოთ რამდენიმე პარალელს. საქართველოზე დაბალ პოზიციაზე არიან სომხეთი და აზერბაიჯანი, თუმცა ორივე ქვეყანასთან შედარებით საქართველო მნიშვნელოვნად წინ დგას სამთავრობო ქმედებებისა და კერძო სექტორის აქტივობის თვალსაზრისით. ევროპის მაგალითზე კი აშკარაა სხვაობა — ლიდერ ქვეყნებად დასახელებულ ნიდერლანდებსა და გერმანიას აქვთ მაღალი მაჩვენებლები თითქმის ყველა კომპონენტში, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და ეთიკური შეფასების ინტეგრაციაში პოლიტიკასა და ბიზნესში.
ერთი შეხედვით, საქართველოს პოზიცია საშუალოზე უკეთესია იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც მსგავსი შემოსავლის დონე აქვთ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტზე ინტერესი უკვე მკვეთრად გაიზარდა (განსაკუთრებით სტარტაპებსა და განათლებაში), კითხვად რჩება — როგორია იმ ახალი სისტემების რეგულირება, რაც ყოველდღიურად ერთვება ციფრულ სივრცეში?
პრაქტიკაში პასუხისმგებლიანი AI მმართველობა მხოლოდ კანონებით არ განისაზღვრება. სჭირდება რეალური ტექნიკური კომპეტენცია, შინაგანი პოლიტიკა, საჯარო სექტორის შესაძლებლობა, რომ შეაფასოს რისკები და იმუშაოს როგორც ინოვაციების მხარდამჭერი, ისე მომხმარებლების დაცვის გარანტი. ამ კუთხით საქართველოს ყველაზე სუსტი კომპონენტები სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის და პასუხისმგებლიანი AI შესაძლებლობების მიმართულებით ფიქსირდება, ორივე შემთხვევაში ქვეყანა ყველაზე ქვედა 50%-შია.
კერძო სექტორი საქართველოში აქტიურად ერთვება ამ დისკუსიებში, განსაკუთრებით იმ სტარტაპების სახით, რომლებიც ქმნიან სამომხმარებლო პლატფორმებს ან გამოიყენებენ დიდ მონაცემებს. მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, ეთიკის საკითხები ამ ეტაპზე უმეტესად იგნორირებულია. მაგალითად, არ არსებობენ სპეციალიზებული პროფესიონალები, როგორიცაა AI ეთიკის სპეციალისტები ან ზედამხედველები გენერაციულ შინაარსზე, და სტანდარტები ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური დეველოპერების შეხედულებაზეა დამოკიდებული.
სამთავრობო დონეზე საქართველოში ჩამოყალიბებულია ზოგადი სტრატეგიები და ციფრული განვითარების დოკუმენტები, თუმცა ჯერ არ არსებობს სპეციალიზებული უწყება ან ინსპექტორი, რომელიც პირდაპირ პასუხს აგებს AI სისტემების ეთიკურ ზედამხედველობაზე. შედარებისთვის, ეს პრაქტიკა უკვე დანერგილია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც სამთავრობო AI ოფისები მონიტორინგს უწევენ როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებს.
ამრიგად, საქართველოს ეთიკური მზაობა ხელოვნური ინტელექტის მიმართ შუაშია — ფორმალური ჩარჩოები და სამოქალაქო ჩართულობა არსებობს, თუმცა ინსტიტუციური შესაძლებლობები, დამოუკიდებელი მონიტორინგი და ადამიანის უფლებების დაცვა ჯერ კიდევ გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს კი კრიტიკულია არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ტექნოლოგიური სექტორის სანდოობისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც AI სისტემები სულ უფრო ხშირად ახდენენ გავლენას რეკომენდაციებზე, შინაარსის ფორმირებაზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე.
BTU-ს სრული კვლევა — „AI სექტორი საქართველოში: მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო პოტენციალი“ ხელმისაწვდომია ბმულზე.