ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) დაასრულა პრაქტიკული კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ სტუდენტები და ლექტორები ხელოვნურ ინტელექტს სწავლისა და სწავლების პროცესში. ეს სტატია BTUAI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშს მოკლედ მიმოიხილავს. ანგარიში აერთიანებს სამ განიკვლევას, რომლებიც 2025 წლის ზაფხულიდან 2026 წლის ზაფხულამდე ჩატარდა: 2026 წლის ივნისში 1 651 სტუდენტის გამოკითხვას; 2025 წლის დეკემბერში DIGITECH პროექტის კითხვარებით ჩატარებულ გამოკითხვას, რომელშიც ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელებული Erasmus+ პროექტის ფარგლებში 203 სტუდენტი და 46 ლექტორი მონაწილეობდა და 2025 წლის ზაფხულში 167 სტუდენტის გამოკითხვას, რომელსაც ლექტორებთან ინტერვიუები ახლდა.
AI სასწავლო დავალებების შესრულების ყოველდღიურ ნაწილად იქცა. ათიდან ექვსი სტუდენტი AI ჩათბოტს ყოველდღიურად იყენებს, კიდევ 31 პროცენტი კი – ყოველკვირეულად. მას არასოდეს იყენებს მხოლოდ 2 პროცენტი. ათიდან ცხრა სტუდენტმა სემესტრის განმავლობაში სასწავლო დავალებებისთვის გამოყენებულ ინსტრუმენტებს შორის გენერაციული AI-ის რომელიმე ინსტრუმენტი დაასახელა.
ყველაზე მეტად სასწავლო ტექსტების კითხვა მცირდება. სტუდენტებს ვკითხეთ, როგორ სწავლობენ მაშინ, როცა სასწავლო მასალა ტექსტსაც შეიცავს და სლაიდებსაც. აღმოჩნდა, რომ 37 პროცენტი ძირითად ტექსტს საერთოდ არ ხსნის: ან მხოლოდ სლაიდებით სწავლობს, ან მასალას მთლიანად AI-ის დახმარებით ეცნობა. ყველაზე გავრცელებული მიდგომა, რომელსაც სტუდენტთა დაახლოებით მესამედი მიმართავს, ასეთია: ჯერ სლაიდებს ეცნობიან, ტექსტს კი მხოლოდ მაშინ კითხულობენ, როცა სხვა გზა აღარ რჩება. ეს მხოლოდ სუსტი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს არ ეხება: IT-ისა და კომპიუტერული მიმართულების პროგრამებზე სტუდენტთა 21 პროცენტი თავდაპირველ სასწავლო მასალას AI-ით ანაცვლებს, დანარჩენ პროგრამებზე კი ეს მაჩვენებელი 11 პროცენტია.
დახმარებისთვის სტუდენტები ლექტორს იშვიათად მიმართავენ პირველ რიგში. ტექნიკური პრობლემის გადაჭრისას სტუდენტთა 48 პროცენტი ჯერ AI ჩათბოტს მიმართავს, 36 პროცენტი საძიებო სისტემას, 12 პროცენტი თანაკურსელს, 5 პროცენტი კი ლექტორს. მიუხედავად ამისა, ლექტორის განმარტება პასუხის სისწორის შეფასების მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება: სტუდენტთა 53 პროცენტი AI-ის პასუხს მაშინ ენდობა, როცა ის ლექტორის ნათქვამს ემთხვევა. პირველკურსელები პასუხის სანდოობას უფრო ხშირად ადამიანის ნათქვამის მიხედვით აფასებენ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები კი მითითებული წყაროს მიხედვით.
სტუდენტებმა იციან, რომ AI შეიძლება შეცდეს, მაგრამ შეცდომის ამოცნობა უჭირთ. ყველაზე ხშირად ისინი პასუხების სიზუსტესთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებდნენ: ამაზე მიუთითა იმ 586 სტუდენტის 26 პროცენტმა, რომლებმაც პრობლემა აღწერეს. AI-ის კრიტიკულად გამოყენების უნართან ყველაზე სუსტი კავშირი გამოყენების სიხშირეს აქვს. უფრო ძლიერი კავშირი ჩანს AI ინსტრუმენტების გამოყენებისას თავდაჯერებულობასა და საკუთარი სწავლის მართვის უნართან. ამასთან, ლექტორების 39 პროცენტი ამბობს, რომ სტუდენტებს AI-ის პასუხის შეფასება უჭირთ, თავად სტუდენტები კი ამ უნარში საკუთარ თავდაჯერებულობას ხუთიდან 3,7-ით აფასებენ.
AI-ის გამოყენების შემთხვევები, რომლებსაც სტუდენტები არ ამხელენ, ხშირად სწავლას ემსახურება. ასეთი გამოყენების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ლექციაზე უკვე განხილული მასალის AI-ის დახმარებით ხელახლა ახსნა – მასზე პასუხების 16 პროცენტი მოდის. სტუდენტები ხშირად ამ გზას იმიტომ ირჩევდნენ, რომ აუდიტორიაში კითხვის დასმა ეუხერხულებოდათ.
სასწავლო მასალის ფორმატსა და სტუდენტთა სწავლის ჩვევებს მნიშვნელობა აქვს. სტუდენტები პირველად სლაიდებს (39 პროცენტი) ან ვიდეოს (34 პროცენტი) გაეცნობოდნენ. კითხვაზე, რომელ ფორმატს საერთოდ არ გახსნიდნენ, ყველაზე ხშირად აუდიოს (45 პროცენტი) ან ტექსტს (40 პროცენტი) ასახელებდნენ. კვლევა სტუდენტთა ხუთ ტიპს გამოყოფს: ზედაპირული მკითხველები (49 პროცენტი), სქროლერები (21 პროცენტი), ღრმა მკითხველები (14 პროცენტი), სტუდენტები, რომლებიც სასწავლო მასალას AI-ში ტვირთავენ (11 პროცენტი) და სტუდენტები, რომლებიც მასალის ატვირთვის გარეშე პირდაპირ AI-ს ესაუბრებიან (5 პროცენტი).
ლექტორები AI-ის გამოყენებას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათი მიდგომები ერთმანეთთან შეთანხმებული არ არის. დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ადრეულ ეტაპზევე იწყებს. მათ სჭირდებათ ლიცენზიები, დრო, მოკლე პრაქტიკული ტრენინგები და, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობა.
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი; უმაღლესი განათლება; სტუდენტთა ქცევა; AI-წიგნიერება; სასწავლო მასალა; ლექტორები; საქართველო; BTU
სრული ანგარიში „ხელოვნური ინტელექტი სწავლასა და სწავლებაში: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგალითი“ ხელმისაწვდომია ბმულზე.



