რომელ სფეროებში იყენებენ გენერაციულ AI-ს ყველაზე მეტად? Claude-ის მონაცემებზე დაფუძნებული პასუხი
ხელოვნური ინტელექტის როლი სხვადასხვა სფეროში სულ უფრო იზრდება, მაგრამ მისი გამოყენება ყველა სექტორში ერთნაირი არ არის. ზოგიერთ ინდუსტრიაში AI

ხელოვნური ინტელექტის როლი სხვადასხვა სფეროში სულ უფრო იზრდება, მაგრამ მისი გამოყენება ყველა სექტორში ერთნაირი არ არის. ზოგიერთ ინდუსტრიაში AI უკვე ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია, სხვაგან კი მისი დანერგვა შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს. კომპანია Anthropic-მა, რომელიც Claude.ai-ს ავითარებს, ჩაატარა კვლევა, სადაც მილიონზე მეტი მომხმარებლის ინტერაქცია გაანალიზდა, რათა გაერკვია, რომელ სექტორებშია გენერაციული AI ყველაზე აქტიურად გამოყენებული და როგორ შეესაბამება ეს მონაცემები სამუშაო ძალის ბაზრის საერთო სტრუქტურას.
ანალიზმა აჩვენა, რომ AI-სთან ინტერაქციების ყველაზე დიდი ნაწილი ტექნიკურ და ანალიტიკურ სფეროებზე მოდის, განსაკუთრებით იმ ინდუსტრიებზე, სადაც მონაცემებთან მუშაობა, კოდის წერა და კონტენტის გენერირება მნიშვნელოვანია.
ყველაზე დიდი განსხვავება, რაც კვლევამ გამოავლინა, ტექნოლოგიური და მათემატიკური პროფესიების მიმართულებაა, რომელიც ყველა სხვა სფეროს მნიშვნელოვნად აღემატება. პროგრამისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები და საინჟინრო სპეციალისტები იყენებენ AI-ს კოდის გენერირებისთვის, შეცდომების გამოსწორებისთვის, ალგორითმების ოპტიმიზაციისთვის და ტექნიკური დოკუმენტაციის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ ტიპის თემები უკავშირდება Claude-ში გამართული საუბრების 37 პროცენტს, მაშინ როცა ამ პროფესიების წარმომადგენლები მთლიანად აშშ-ის სამუშაო ბაზრის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ.
განათლება და კვლევა AI-სთან აქტიურ ინტერაქციას ავლენენ. მონაცემები აჩვენებს, რომ მასწავლებლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ბიბლიოთეკარები ხშირად იყენებენ AI-ს სწავლისა და სწავლების პროცესში. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გენერაციული AI აქტიურად გამოიყენება როგორც სასწავლო მასალების შექმნის, ისე ცოდნის მიღების მიზნით. ამ კატეგორიაში განსაკუთრებული ინტერესი შეინიშნება სამეცნიერო და სამედიცინო სფეროებში, სადაც მეცნიერები და სტუდენტები იყენებენ AI-ს ინფორმაციის დასამუშავებლად და ახალი იდეების დასაგენერირებლად.
კრეატიული სფეროებიც შედარებით მაღალი აქტივობით გამოირჩევიან. ხელოვნებისა და დიზაინის სფეროში მომუშავე ადამიანები ხშირად იყენებენ AI-ს ტექსტებისა და იდეების გენერირებისთვის, ვიზუალური კონცეფციების დასაგეგმად და სხვადასხვა შემოქმედებითი პროცესის გასამარტივებლად. ეს სფერო Claude-ში გამართული საუბრების 10 პროცენტს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ამ პროფესიის წარმომადგენელთა წილს ეკონომიკაში.
მეორე მხრივ, ის სექტორები, სადაც საქმიანობა ძირითადად ფიზიკურ შრომას და მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციას მოითხოვს, გენერაციულ AI-ს ნაკლებად იყენებენ. სატრანსპორტო, მშენებლობის, სარესტორნო და ჯანდაცვის დამხმარე პროფესიებში AI-ის გამოყენება მინიმალურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გენერაციული მოდელები ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად ეფექტიანები პრაქტიკული, ხელით შესასრულებელი სამუშაოებისთვის.
გამონაკლისია ჯანდაცვის პროფესიონალები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ AI ვერ ცვლის ექიმების უშუალო საქმიანობას, მას აქტიურად იყენებენ კვლევებისთვის, დოკუმენტაციის წარმოებისთვის და დიაგნოსტიკის პროცესის გასაუმჯობესებლად. ამ თემაზე საუბრები Claude-ში საუბრების 13 პროცენტს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მათი სამუშაო ძალის წილს ეკონომიკაში.
ანალიზი აჩვენებს, რომ გენერაციული AI ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გამოიყენება ანალიტიკურ, ტექნიკურ და შემოქმედებით საქმიანობებში, სადაც მომხმარებლები მას იდეების გენერირებისთვის, მონაცემების დამუშავებისთვის და ტექსტების შესაქმნელად იყენებენ. სხვა მხრივ, ფიზიკური შრომის, მომსახურებისა და ლოჯისტიკის სექტორებში AI-ს ინტეგრაცია შედარებით ნელა მიმდინარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტექნოლოგია ჯერ ვერ ახერხებს ამ ტიპის პროფესიების ავტომატიზაციას ისე, როგორც ამას ციფრული ინდუსტრიებში აკეთებს.
საინტერესო იქნება დაკვირვება, როგორ შეიცვლება ეს ტენდენცია მომდევნო წლებში. შეძლებს თუ არა გენერაციული AI უფრო ფართოდ შეაღწიოს ტრადიციულ სექტორებში, თუ მისი მთავარი როლი კვლავ შემოქმედებით და ტექნიკურ სფეროებში დარჩება? ამ ეტაპზე კი მონაცემები ცხადყოფს, რომ AI-ს ყველაზე მეტად იყენებენ ის პროფესიონალები, რომლებიც ტექსტთან, კოდთან და მონაცემებთან მუშაობენ, ხოლო ფიზიკურ შრომაზე დაფუძნებულ ინდუსტრიებში მისი გამოყენება ჯერ კიდევ მინიმალურია.