საქართველოს მშენებლობის სექტორის 2024 წლის სტატისტიკა და გამოწვევები
2024 წელი საქართველოს მშენებლობის სექტორისთვის განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა. ქვეყანაში გაცემული სამშენებლო ნებართვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთო მოცულობით 12,080-ს მიაღწია,
2024 წელი საქართველოს მშენებლობის სექტორისთვის განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა. ქვეყანაში გაცემული სამშენებლო ნებართვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთო მოცულობით 12,080-ს მიაღწია, რაც 7.1 პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. კიდევ უფრო შესამჩნევია მშენებლობისთვის განკუთვნილი ფართობების ზრდა, რომელიც 12,040.4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ეს მონაცემები 28.4 პროცენტით აჭარბებს 2023 წლის მაჩვენებლებს და მიუთითებს, რომ საქართველოში შენდება არა მხოლოდ მეტი, არამედ უფრო მასშტაბური პროექტები.
სამშენებლო ნებართვების გაცემის მხრივ, ქვეყნის ოთხი რეგიონი ლიდერობს. პირველ ადგილზე კვლავ თბილისია, სადაც ნებართვების 46.8 პროცენტი გაიცა. ეს ცხადყოფს დედაქალაქის ურბანული განვითარების მაღალ ტემპს და მის ეკონომიკურ მნიშვნელობას. ქვემო ქართლის რეგიონი 10.5 პროცენტით მეორე ადგილს იკავებს, რასაც მოჰყვებიან მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონები, რომელთა წილი 8.2 და 8.0 პროცენტს შეადგენს შესაბამისად. ამ რეგიონებში ნებართვების ზრდა დაკავშირებულია როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მოთხოვნილებებთან, ისე ტურიზმისა და აგრარული სექტორების გაძლიერებასთან.
2024 წელს გაცემული ნებართვები მრავალფეროვან მშენებლობებს უკავშირდება, რაც ხაზს უსვამს სამშენებლო სექტორის დივერსიფიცირებული განვითარების ტენდენციას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას, რაც ურბანული გარემოს მოდერნიზაციის ნაწილია. ასევე იზრდება სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის რაოდენობა, რაც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების სტატისტიკა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც 2024 წლის სამშენებლო პროცესების მასშტაბებს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ობიექტების რაოდენობა 3,604-მდე გაიზარდა, რაც 13.3 პროცენტით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, მიღებული ფართობების საერთო მოცულობა 3,245.6 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ პროექტები შედარებით მცირე მასშტაბებისაა, თუმცა მათი რაოდენობა და ფუნქციური მრავალფეროვნება კვლავ იზრდება.
თბილისი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების მხრივაც ლიდერობს და მათი 36.2 პროცენტი დედაქალაქზე მოდის. მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და იმერეთის რეგიონები მნიშვნელოვანი წილს ინარჩუნებენ, რაც რეგიონული განვითარების პროცესში პროგრესის მტკიცებულებაა. თუმცა, ეს შედეგები არა მხოლოდ ეკონომიკური აქტივობის გაზრდის ინდიკატორია, არამედ მოითხოვს მდგრადი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც საქართველოს მშენებლობის სექტორის განვითარებას არაწარმოებად პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევებისგან დაიცავს.
მშენებლობის სექტორის ზრდა საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება. ახალი პროექტები ქმნის სამუშაო ადგილებს, ზრდის ეკონომიკურ აქტივობას და ხელს უწყობს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას. თუმცა, ამ ზრდასთან ერთად აუცილებელია ეკოლოგიური და მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა. ურბანული გარემოს გაფართოებამ არ უნდა გამოიწვიოს ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული გამოყენება ან გარემოსდაცვითი პრობლემები. მდგრადი სამშენებლო სტანდარტების დანერგვა და რეგულაციების მკაცრი დაცვა აუცილებელია, რათა მშენებლობის სექტორი ეკონომიკური ზრდის და საზოგადოებრივი კეთილდღეობის თანაბარი ბალანსით განვითარდეს.
2024 წლის მონაცემები ნათლად ასახავს, რომ საქართველოს მშენებლობის სექტორი სწრაფი განვითარების ფაზაშია და მისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში თანდათან იზრდება. თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია პოლიტრიკური სტაბილურობა, უცხოელი ინვესტორების კიდევ უფრო მეტი რაოდენობის დაინტერესება. ასევე არა მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა, არამედ ხარისხისა და მდგრადობის პრინციპების დაცვაც. სამშენებლო სექტორის განვითარება საქართველოსთვის არა მხოლოდ დღევანდელი წარმატების საფუძველია, არამედ გრძელვადიანი პროგრესის მნიშვნელოვანი გარანტი.