ანალიტიკა

“გამდიდრება ერის დაბერებამდე“ – გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის

საყურადღებოა, რომ ქვეყანა მოასწროს გამდიდრება, სანამ მოსახლეობის საშუალო ასაკი მკვეთრად გაიზრდება. ეს ფორმულა წარმატებით მუშაობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია

“გამდიდრება ერის დაბერებამდე“ – გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის

საყურადღებოა, რომ ქვეყანა მოასწროს გამდიდრება, სანამ მოსახლეობის საშუალო ასაკი მკვეთრად გაიზრდება. ეს ფორმულა წარმატებით მუშაობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია და იტალია, რომლებიც დღეს „მდიდარ და დაბერებულ“ ქვეყნებად ითვლებიან. მათ მოახერხეს ეკონომიკური რესურსების დაგროვება მაშინ, როცა მათი მოსახლეობა ჯერ კიდევ ახალგაზრდული იყო. ახლა ამ რესურსებს იყენებენ სოციალური სისტემების მართვისთვის და დაბერებული საზოგადოებისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფისთვის.

თუმცა, ყველა ქვეყნისთვის არ არსებობს მსგავსი „წარმატების რეცეპტი“. საქართველო დღეს იმ ქვეყნების ჯგუფში ხვდება, რომლებიც ერთდროულად დაბერებულ და ნაკლებად მდიდარ ქვეყანათა კატეგორიაში შეიძლება მივიჩნიოთ. ეს განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა. 2023 წელს საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 38 წელია, რაც აჩვენებს, რომ ქვეყანა მოსახლეობის დაბერების გზაზე დგას. ამავე დროს, ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ $8,000-ს შეადგენს. 

საქართველო, ამ მხრივ, კონტრასტულად გამოიყურება „მდიდარ და ახალგაზრდულ“ ქვეყნებთან შეადრებით, როგორიცაა მაგალითად ისრაელი და კუვეიტი. ისრაელში მოსახლეობის მედიანური ასაკი 30 წელია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე $50,000-ს აღემატება. ისრაელის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი არის განათლებისა და ტექნოლოგიებში აქტიური ინვესტირება, რაც ქვეყნის ეკონომიკას სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. კუვეიტის სიმდიდრე ძირითადად ნავთობის რესურსებზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი ახალგაზრდა მოსახლეობა ქვეყანაში ინოვაციების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

სხვა მაგალითია „ახალგაზრდა და ნაკლებად მდიდარი“ ქვეყნები, როგორიცაა ნიგერია და ინდოეთი. ნიგერიაში მოსახლეობის საშუალო ასაკი მხოლოდ 18 წელია, რაც ქმნის შრომისუნარიან რესურსს, თუმცა ეკონომიკური სტრუქტურა და ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ სუსტი რჩება. ეკონომიკური ზრდის პოტენციალი აშკარაა, მაგრამ გამოწვევებიც დიდია.

საქართველოსთვის ეს მდგომარეობა რთულია, რადგან დაბერებულ და ნაკლებად მდიდარ ქვეყნებში ყოფნა ქვეყნის განვითარების ტემპს ამცირებს. მოსახლეობის დაბერება პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე: სამუშაო ძალა მცირდება, რაც პროდუქტიულობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ხოლო სოციალური ხარჯები უფრო და უფრო იზრდება. ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის შენელებას იწვევს, რაც განვითარებისთვის დამატებით ბარიერად იქცევა.

გამოსავალი? საქართველოს სჭირდება სტრატეგიული ინვესტიციები განათლებაში, ტექნოლოგიებში და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნაში. დემოგრაფიული დაბერება მხოლოდ გამოწვევა არ არის, ის შეიძლება შესაძლებლობადაც იქცეს, თუ ქვეყანა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს. ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება და შრომის ბაზრის მოდერნიზაცია არის ის გზები, რომლებიც საქართველოს დაეხმარება დაბერების ტენდენციის ფონზე ეკონომიკური ტემპის შენარჩუნებაში.

გამდიდრება დაბერებამდე – ეს საქართველოს მთავარი გამოწვევაა. თუმცა სწორი ნაბიჯებით, ქვეყანა შეძლებს ამ მიზნის მიღწევას და დაბერებული ერის ეკონომიკურად მდგრად საზოგადოებად ქცევას.

Leave a Reply