ანალიტიკა

ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები

საქართველოში თხილის წარმოებას დიდი ტრადიცია აქვს და დღესაც ეს პროდუქტი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია. ბოლო ათი წლის განმავლობაში

ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები

საქართველოში თხილის წარმოებას დიდი ტრადიცია აქვს და დღესაც ეს პროდუქტი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც ფერმერების, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

2015 წელს საქართველოდან თხილის ექსპორტის ღირებულებამ 176 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა მომდევნო წლებში ექსპორტის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. განსაკუთრებით რთული პერიოდი იყო 2017-2018 წლებში, როდესაც ექსპორტი თითქმის განახევრდა. ამ შემცირების ძირითადი მიზეზები იყო მცენარის დაავადებები და კლიმატური პირობების გაუარესება. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მდგომარეობა ისევ გაუმჯობესდა და 2024 წლის მონაცემებით, საქართველომ თხილის ექსპორტით 101 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო (წყარო: საქსტატი).

2024 წელს თხილი ადგილობრივი ექსპორტის მთლიანი მოცულობის 3.5%-ს შეადგენდა. ერთი კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისთვის ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე შედარებით წარმატებით ოპერირებს. აღსანიშნავია, რომ თხილის ექსპორტის თითქმის 89% ნაჭუჭგაცლილ თხილზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე უმეტესად ხარისხობრივად უფრო კონკურენტუნარიანი, გადამუშავებული პროდუქციით შედის. ამ მიდგომით ქვეყანა ახერხებს პროდუქტის ღირებულების გაზრდას, რაც ზრდის ფერმერთა შემოსავლებს და დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის სოფლის რეგიონებში.

ქართული თხილის საექსპორტო ბაზარი მრავალფეროვანია. 2024 წელს ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა. საქართველოს მთავარი საექსპორტო მიმართულებებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი. გარდა ამისა, ქართული თხილი ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი, რუსეთი, ისრაელი, ჩეხეთი და ლიეტუვა.

საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რადგან თხილის წარმოებაში აქტიურად არიან ჩართულნი ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი და იტალია. ასეთ გარემოში საქართველოსთვის აუცილებელია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საექსპორტო ბაზრების გაფართოება. ასევე მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლება და მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწა, რაც საბოლოოდ დაეხმარება ქვეყანას, თხილის სფეროში საერთაშორისო ბაზარზე თავისი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს.