რატომ ხდება თბილისში ცივი საწყობების მიმართ მოთხოვნის სწრაფი ზრდა და როგორ ცვლის ეს რეგიონულ ლოგისტიკას?
ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის ლოგისტიკური სექტორის ერთ–ერთი ყველაზე შესამჩნევი ტრენდია ცივი საწყობების მიმართ გაზრდილი ინტერესი. თუ 2019 წელს დასაწყობებული

ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის ლოგისტიკური სექტორის ერთ–ერთი ყველაზე შესამჩნევი ტრენდია ცივი საწყობების მიმართ გაზრდილი ინტერესი. თუ 2019 წელს დასაწყობებული პროდუქტების მოცულობა მხოლოდ 77 ათასი ტონა იყო, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 118 ათას ტონამდე გაიზარდა, ხოლო ცივი საწყობების რაოდენობაც ხუთწლიან პერიოდში თითქმის გაორმაგდა (წყარო: Galt & Taggart).
ამ დინამიკის ძირითადი მამოძრავებელი იყო რუსეთ–უკრაინის ომი, რომელმაც საგარეო სავაჭრო მარშრუტები მნიშვნელოვნად შეცვალა. თუ ადრე ცენტრალური აზიის მიმართულებით გაყინული ან მალფუჭებადი პროდუქცია ძირითადად რუსეთის გავლით გადაადგილდებოდა, ახლა ამ ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოზე გადის. შესაბამისად, თბილისი იქცა გადამუშავებისა და შუალედური დასაწყობების მნიშვნელოვან წერტილად.
ცვლილებები შეინიშნება არა მხოლოდ მოცულობებში, არამედ დასაწყობებული პროდუქციის სტრუქტურაშიც. ქათმის ხორცისა და ხორცპროდუქტების წილი ჯერ კიდევ დომინირებს, თუმცა ბოლო წლებში ის მცირდება, ხოლო იზრდება რძის პროდუქტებისა და აკვაკულტურის წილი. ეს ცვლილება მიუთითებს ბაზრის დივერსიფიკაციაზე და იმაზე, რომ ცივი ჯაჭვის ინფრასტრუქტურა აღარ არის მხოლოდ ერთი სექტორისთვის საჭირო.
ახალი ცივი საწყობების განვითარება ძირითადად მოდის კომპანიების საკუთრებაზე — 2023 წლისთვის ასეთი საწყობების 68% საკუთრებაშია, რაც ნიშნავს, რომ ბევრი კომპანია თავად აშენებს ინფრასტრუქტურას კონკრეტული საჭიროებებისათვის. ეს ტენდენცია მიუთითებს ბაზრის ზრდაზე, თუმცა ასევე აჩვენებს იმასაც, რომ ჯერ არ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი 3PL სერვისების ბაზარი ცივი ლოგისტიკის მიმართულებით.
დამატებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასებიც — 2020-2023 წლებში ცივი საწყობების საშუალო თვიური ღირებულება ტონაზე გაიზარდა $17-დან $23-მდე (ზრდა დაახლოებით +30%) (წყარო: Galt & Taggart). ეს ასახავს არამარტო მოთხოვნის ზრდას, არამედ ელექტროენერგიის, მშენებლობისა და შრომის ხარჯების მატებასაც.
საქართველოსთვის ეს ტენდენცია შეიძლება იქცეს სტრატეგიულ შესაძლებლობად: გაზარდოს ღრმა გაყინვის, სწრაფი გადამუშავებისა და რეგიონული გადაზიდვების სერვისები. თუმცა, ამ პროცესს სჭირდება ინფრასტრუქტურის გეგმარება არა მხოლოდ კერძო, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეც — ისეთი კომპონენტებით, როგორებიცაა ენერგოეფექტური სტანდარტები, სერტიფიცირების მექანიზმები და საკვების უსაფრთხოების კონტროლი.