ანალიტიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება საქართველოში: გამოწვევები და მდგრადი ზრდის პერსპექტივები

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა 2024 წლის პირველ სამ კვარტალში დაახლოებით 966 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა,

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება საქართველოში: გამოწვევები და მდგრადი ზრდის პერსპექტივები

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა 2024 წლის პირველ სამ კვარტალში დაახლოებით 966 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა პერიოდთან შედარებით საგრძნობი კლებაა. მათ შორის, მესამე კვარტალში ინვესტიციებმა დაახლოებით 198 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სააქციო კაპიტალის შემცირება ამ ვარდნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მესამე კვარტალში სააქციო კაპიტალმა დაახლოებით 131 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს, თუმცა მანამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. რეინვესტიციებიც დაეცა, რაც ეკონომიკურ გაურკვევლობაზე მიანიშნებს.

საქართველოს ეკონომიკის სექტორებში განსხვავებული ტენდენციებია. მესამე კვარტალში დამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციებმა დაახლოებით 64 მილიონი შეადგინა. ენერგეტიკაში 43 მილიონი გამოვლინდა, ხოლო ვაჭრობაში 32 მილიონი. ამ სამ ძირითად სექტორში ინვესტიციების კონცენტრაცია  დაბალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.

წამყვან ინვესტორ ქვეყნებს შორის ნიდერლანდები (60 მილიონი), მალტა (58 მილიონი) და გაერთიანებული სამეფო (55 მილიონი) გამოირჩევიან და აჩვენებს ქვეყნის დამოკიდებულებას მცირე რაოდენობის უცხოურ ინვესტორებზე. ახალი ინვესტორების მოზიდვა კვლავ გამოწვევად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკამ დაახლოებით 8%-იანი ზრდა აჩვენა, FDI-ის შემცირება ქვეყნის მდგრად განვითარებას საფრთხეს უქმნის. FDI მნიშვნელოვანია კაპიტალის, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის პრაქტიკის ტრანსფერისთვის, რაც ზრდის წარმოების ეფექტიანობასა და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას. მისი ნაკლებობა ამ პროცესებს აფერხებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდას ზღუდავს.

კვლევები აჩვენებს, რომ FDI-სა და ეკონომიკურ ზრდას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. მაღალ FDI-სთან ერთად ქვეყნები ხშირად უფრო სწრაფად იზრდებიან, განსაკუთრებით ძლიერი ადგილობრივი ინსტიტუციების მხარდაჭერით. საქართველოში FDI-ის კლების გამო ეს კავშირი სუსტდება და ზრდის მდგრად განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი FDI-ის კლებასთან ერთად შესაძლოა სხვა ფაქტორებით აიხსნას, მაგრამ ასეთი ზრდა, როგორც წესი, დროებითია და ვერ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას. FDI-ის დაბალი დონე დიდხანს ვერ იქნება სტაბილური ზრდის გარანტი. უცხოური ინვესტიციები უზრუნველყოფს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საექსპორტო სექტორების გაძლიერებას. მათი ნაკლებობა ზრდის შიდა ბაზარზე დამოკიდებულებას, ამცირებს გლობალურ კონკურენტუნარიანობას და ზრდის ფინანსური დეფიციტის რისკს.

FDI-ის გრძელვადიანი კლება და ინფრასტრუქტურული თუ ტექნოლოგიური პროექტების შეფერხება მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს შესაძლებლობებს. მდგრადი ზრდისთვის აუცილებელია მიზნობრივი პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ინვესტორების ნდობის აღდგენას და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.