ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა თვალსაჩინოდ შეცვალა საქართველოს შრომის ბაზარი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ახალი ანგარიში ამ სურათს 112 ვაკანსიის ანალიზზე დაყრდნობით იკვლევს (LinkedIn, HR.ge, Jobs.ge).
რა სახის AI ვაკანსიები არსებობს ახლა საქართველოში?
ანგარიში ტექნიკური AI პოზიციების ოთხ ჯგუფს გამოყოფს: AI ინჟინერიის ძირითადი როლები (AI/ML ინჟინერი, გუნდის ლიდერი, LLM ინტეგრაციის ინჟინერი); AI მონაცემთა და ანალიტიკის როლები (Data Scientist, Data Engineer, Data Operations Specialist); AI ოპერაციებისა და ინფრასტრუქტურის როლები (MLOps ინჟინერი, GenAI ოპერაციების ინჟინერი, AI RPA Developer); AI არქიტექტურისა და სისტემური დიზაინის როლები (AI Solutions Architect, ტექნიკური AI კონსულტანტი).
ეს ტექნიკური AI როლები ამ ეტაპზე ორიენტირებულია გლობალური კლიენტებისთვის სერვისების მიწოდებაზე, და არა ადგილობრივ AI კვლევებზე — საქართველო ამჟამად სერვისისა და დანერგვის ცენტრია, R&D ჰაბი კი — არა.
დისტანციურია ეს ვაკანსიები?
ძირითადად დიახ. AI ვაკანსიების ხუთიდან ოთხი დისტანციურ ან ჰიბრიდულ მუშაობას სთავაზობს. სამი ტიპის დამსაქმებელი გამოიკვეთა: საქართველოში ოფისის მქონე საერთაშორისო კომპანიები (ჰიბრიდული), სრულად დისტანციურად დამსაქმებელი საერთაშორისო კომპანიები და გლობალური ბაზარი. მაგ: EPAM (ჰიბრიდული/სრული დისტანცია, AI/Data/Cloud), Impel (Pulsar AI-ის შემსყიდვე) და Talkpal AI (EdTech AI სტარტაპი).
რა უნარები სჭირდება ტექნიკურ AI როლებს?
ანგარიში AI უნარებზე მოთხოვნას ოთხ შრედ ყოფს: ინტელექტის შრე (ML/DL, LLMs, RAG, ავტონომიური აგენტები); წარმოების შრე (MLOps, Cloud, DevOps, Vector DB); გამოყენებითი შრე (Edge AI, ავტომატიზაცია, სწრაფი პროტოტიპირება); მართვისა და ნდობის შრე (პასუხისმგებლიანი AI, Compliance, მონაცემთა არქიტექტურა). დამსაქმებლები ღრმა ტექნიკური ცოდნის საწარმოო ან რეგულაციების ცოდნასთან შერწყმას ელიან.
ეწყობა თუ არა საგანმანათლებლო სისტემა?
იწყებს. ოთხ უნივერსიტეტს უკვე გააჩნია AI საბაკალავრო პროგრამა, სამს — ეროვნული გამოცდებით სტუდენტებიც ჰყავთ მიღებული. ერთ-ერთი პროგრამა 100-დან 300 სტუდენტამდე გაიზარდა 2024-დან 2025 წლამდე. AI სხვა სპეციალობებშიც ინტეგრირდება — AI და ბიზნესი, ციფრული მმართველობისა და AI-ის სადოქტორო პროგრამა.
ჰიბრიდული AI ვაკანსიები — ინჟინერიის მიღმა
ბაზარზე ჩნდება ჰიბრიდული AI პოზიციები — პრაქტიკულ AI ცოდნას საჭიროებს, მაგრამ არა სიღრმისეულ IT გამოცდილებას: AI კონტენტის მენეჯერი (AI ხელსაწყოებით მარკეტინგული კონტენტი); AI იმპლემენტაციის ლიდერი (ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია No-code ინსტრუმენტებით); AI მიმართულების ხელმძღვანელი (ორგანიზაციის AI სტრატეგია); AI ბრენდის ცნობადობის სპეციალისტი (SEO/AEO ოპტიმიზაცია AI-ის დახმარებით).
რომელი AI უნარებია ყველაზე მოთხოვნადი?
ფართო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია: AI-ის დახმარებით კონტენტის შექმნა, No-code Workflow ავტომატიზაცია, AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა და რეპორტინგი, AI ინსტრუმენტების ყოველდღიური გამოყენება და AI-ის დახმარებით SEO/AEO ოპტიმიზაცია. მოთხოვნა ყველაზე მაღალია IT და პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემებისა და ანალიტიკის და მარკეტინგისა და კონტენტის მიმართულებებში.
კონცენტრირებულია თუ განაწილებულია AI უნარებზე მოთხოვნა?
ანგარიში პოლარიზებულ ტენდენციას ადასტურებს: მოთხოვნა მაღალია ორ პოლუსზე — ძლიერი ტექნიკური ექსპერტიზა სპეციალიზებული როლებისთვის და საბაზისო AI წიგნიერება ყველა სხვასთვის. საშუალო დონეზე მოთხოვნა დაბალია. ნიშური უნარები: AI აგენტები, NLP, ML, AI ჩარჩოები. ფართო AI წიგნიერება: პრომპტის წერა, ChatGPT-ის ყოველდღიური გამოყენება, No-code ავტომატიზაცია.
შეესაბამება თუ არა ტრენინგები ბაზრის მოთხოვნებს?
ნაწილობრივ. AI ტრენინგები 800-1,500 ლარი ღირს. არსებული კურსები კარგად ფარავს ყველაზე მოთხოვნად უნარებს: პრომპტ ინჟინერია, AI აგენტები, No-code ავტომატიზაცია, GenAI ინსტრუმენტები, AI ვიზუალური მასალების შექმნა. ხარვეზი — cross-skill, ინტერდისციპლინური კურსები: ტრენინგები, სადაც AI-ის ბიზნეს-პროცესებში ინტეგრაციას ასწავლიან, ჯერ კიდევ მწირია.
შეჯამება
საქართველოს AI შრომის ბაზარი ორ პარალელურ მიმართულებად ვითარდება: მცირე, მაღალტექნიკური AI/ML საინჟინრო შრე, რომელიც ძირითადად საერთაშორისო, ხშირად დისტანციურ დამსაქმებლებს ემსახურება, და ფართო შრე ჩვეულებრივი ვაკანსიებისა, სადაც AI-ის საბაზისო ცოდნა სწრაფად იქცევა მოსალოდნელ მოთხოვნად. შემდეგი შესაძლებლობა — ვიწრო ტექნიკურ AI უნარებსა და ფართო AI წიგნიერებას შორის უფსკრულის დახურვა ინტეგრირებული ტრენინგებით.
სტატია ეფუძნება Digital Ecosystem Digest-ის 2026 წლის ზამთრის ანგარიშს ‘ახალი AI პროფესიები და AI უნარებზე მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე’, გამოცემულს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ. სრული ანგარიშის სანახავად: [ბმული].
საკვანძო სიტყვები: AI ვაკანსიები, შრომის ბაზარი, საქართველო, AI უნარები, ტექნიკური AI როლები, ჰიბრიდული პოზიციები, AI ინჟინერია, MLOps, კადრების განვითარება, AI ტრენინგები.



