ლუდის ბუმი ქართულ ბაზარზე: ახალი რეკორდი, იმპორტის ზრდა და საექსპორტო ბაზრების გადანაწილება
2024 წელს საქართველოს ლუდის ბაზარმა სრულიად ახალი რეკორდი დაამყარა, როგორც ადგილობრივმა მოხმარებამ, ისე იმპორტის მოცულობამ. თიბისი კაპიტალის უახლესი კვლევის

2024 წელს საქართველოს ლუდის ბაზარმა სრულიად ახალი რეკორდი დაამყარა, როგორც ადგილობრივმა მოხმარებამ, ისე იმპორტის მოცულობამ. თიბისი კაპიტალის უახლესი კვლევის მიხედვით, ადგილობრივი ლუდის მოხმარება ბოლო წლების მანძილზე შეუჩერებლად იზრდებოდა და გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის ქცევის ცვლილებებს, ეკონომიკურ ტრენდებსა და ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებს შორის.
ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სექტორი საქართველოში დღეს ორი ძირითადი სეგმენტით — FMCG-სა (სწრაფმზარდი მომხმარებლური საქონელი) და HORECA-ს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) — ოპერირებს, სადაც უახლოესი წლების განმავლობაში ასევე მოსალოდნელია სტაბილური ზრდის გაგრძელება. ამასთან, 2024 წელს ადგილობრივ ლუდზე მოთხოვნა ახალი სიმაღლეზე ავიდა, თუმცა წარმოების მოცულობა წინა წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და 127 მილიონ ლიტრს მიაღწია, ლიტრზე საშუალო ფასი კი 2.8 ლარს შეადგენდა. საბოლოო მოხმარება კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა — 138 მილიონი ლიტრი, საიდანაც 87% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, ხოლო იმპორტირებულ ლუდზე წილი უკვე 13%-ს აღემატება. 2023 წელთან შედარებით, როცა იმპორტის წილი მხოლოდ 10% იყო, ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო ბრენდების მიმართ ინტერესიც სწრაფად იზრდება.
ამ ტრენდს კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმპორტის მონაცემები: 2024 წელს საქართველომ 15.5 ათასი ტონა ლუდი შემოიტანა, რაც 3.8 ათასი ტონით მეტია წინა წელთან შედარებით. იმპორტის ძირითადი მიმართულებებია გერმანია (31%), რუსეთი (17%), თურქეთი (15%), ჩეხეთი (7%) და უკრაინა (6%). ეს ქვეყნები, ფაქტობრივად, ლუდის გემოვნებისა და ბრენდული მრავალფეროვნების ზრდას უწყობენ ხელს ქართულ ბაზარზე.
ექსპორტის სურათი კი საპირისპირო ტენდენციას აჩვენებს — 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის რაოდენობა ათასი ტონით, 6.9 ათასიდან 5.9 ათას ტონამდე შემცირდა. საექსპორტო ბაზრებში ლიდერობს ყაზახეთი (31%), სომხეთი (18%), რუსეთი (8%), აზერბაიჯანი (5%) და ისრაელი (5%). ექსპორტის შემცირება ერთი მხრივ შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლოგისტიკურ სირთულეებთან ან კონკურენციის ზრდასთან, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ქართულ მწარმოებლებს აქცენტს ქვეყნის შიგნით გაყიდვებზე გადაატანინებს.
ასეთ ვითარებაში ადგილობრივი ლუდსახარშებისთვის გამოწვევაც და შესაძლებლობაც ერთდროულად ჩნდება — ერთის მხრივ, ბაზარზე გაიზარდა ფასები და კონკურენცია, მეორეს მხრივ კი გაზრდილმა მოხმარებამ და იმპორტის ზრდამ ახალი სტრატეგიული გეგმების ჩამოყალიბების აუცილებლობა გამოკვეთა. ქართული ლუდის ინდუსტრია ახალი ციფრების პირობებში გადადის შემდეგ ეტაპზე, სადაც ხარისხი, ფასები და ბრენდის ცნობადობა ერთდროულად განსაზღვრავს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო წარმატებას. ეს პროცესები საბოლოოდ ცვლის არა მხოლოდ ბიზნეს სტრატეგიებს, არამედ ქართულ ყოფით კულტურასაც, სადაც ლუდის მოხმარება ახალი ყოველდღიურობის ნაწილად ჩამოყალიბდა.