ანალიტიკა

გლობალური სავაჭრო ომი და ქართული ღვინის მომავალი: როგორ აისახება აშშ-ევროპის დაპირისპირება საქართველოს ღვინის ექსპორტზე

გლობალური ვაჭრობის სამყაროში დაძაბულობა სულ უფრო ძლიერდება, ხოლო ალკოჰოლური სასმელების სექტორი ამ კონფლიქტის ცენტრში ექცევა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ

გლობალური სავაჭრო ომი და ქართული ღვინის მომავალი: როგორ აისახება აშშ-ევროპის დაპირისპირება საქართველოს ღვინის ექსპორტზე

გლობალური ვაჭრობის სამყაროში დაძაბულობა სულ უფრო ძლიერდება, ხოლო ალკოჰოლური სასმელების სექტორი ამ კონფლიქტის ცენტრში ექცევა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპული ალკოჰოლური სასმელებისთვის 200%-იანი ტარიფის დაწესების მუქარა და ევროკავშირის პასუხად ამერიკულ ვისკიზე 50%-იანი ტარიფის დაწესება აჩვენებს, რომ სავაჭრო ომი ახალ ეტაპზე გადადის.

ევროპიდან აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ღვინო გადის, საიდანაც ყველაზე დიდ ნაწილს საფრანგეთი და იტალია წარმოადგენენ. ამერიკული ტარიფების შედეგად, ეს პროდუქტები მკვეთრად გაძვირდება, რაც ევროპელ მწარმოებლებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. მომხმარებლები იძულებულნი იქნებიან, იპოვონ ალტერნატიული ღვინოები, რაც ახალი შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.

ქართული ღვინის ექსპორტი ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება, რაც ციფრებშიც ნათლად აისახება. 2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ 54.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 26%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექსპორტის ღირებულება 24%-ით გაიზარდა და 156.7 მილიონ დოლარს მიაღწია. ქართული ღვინო უკვე გადის 61 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, პოლონეთი, კანადა, თურქეთი და გერმანია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტი აშშ-ში 53%-ით გაიზარდა, რაც ცხადყოფს, რომ ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება მზარდია. პოლონეთში, სადაც საქართველო უკვე კარგად არის წარმოდგენილი, ექსპორტი 19%-ით გაიზარდა, ხოლო გერმანიაში – 34%-ით. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა კანადაში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტი 110%-ით გაიზარდა.

ამერიკასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო დაპირისპირება პირდაპირ აისახება ქართული ღვინის სამომავლო პერსპექტივებზე. თუ ევროპული ღვინო ვერ შეძლებს ამერიკის ბაზარზე შესვლას, ისინი იძულებულნი გახდებიან, თავიანთი პროდუქცია ევროპის შიდა ბაზარს მიაწოდონ, რაც ევროპაში კონკურენციას გაამწვავებს. ევროპელი მწარმოებლები ფასებს შეამცირებენ, რათა საკუთარი პროდუქცია გაყიდონ, რაც ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ევროპაში ღვინის დაბალი ფასები ქართველ მეწარმეებს სერიოზულ სირთულეებს შეუქმნის, რადგან მათ მოუწევთ, ან ფასები შეამცირონ, ან ევროპის ალტერნატიული ბაზრები მოძებნონ.

ამასთან, არსებობს შესაძლებლობები, რომლებიც ქართველმა მწარმოებლებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ამერიკაში ევროპული ღვინის დრამატული გაძვირება ნიშნავს, რომ ქართული ღვინოს აქვს შანსი დაიმკვიდროს თავი ამერიკულ ბაზარზე. ბოლო წლების ტენდენციები აჩვენებს, რომ აშშ-ში ღვინის მოხმარება იზრდება, ხოლო მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან უნიკალური და ავთენტური ღვინოებით, რაც ქართულ ღვინოს განსაკუთრებულ პოზიციას აძლევს.

გარდა ამისა, ბოლო ექვს თვეში ქართული სპირტიანი სასმელების ექსპორტმაც რეკორდულ ზრდას მიაღწია. მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23.4 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი, რაც 55%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სპირტიანი სასმელების ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 132.8 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ქართული ალკოჰოლური პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაძლიერებულ პოზიციას იკავებს.

მიუხედავად არსებული შესაძლებლობებისა, რისკებიც რეალურია. თუ ევროპული ღვინის ჭარბი მიწოდება ევროპულ ბაზარს გადაავსებს და ფასი დაეცემა, ქართული ღვინო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ფასზე ორიენტირებული კონკურენცია მაღალია. ამ სცენარში, ქართველმა მწარმოებლებმა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთონ პრემიუმ ხარისხის ღვინოზე და გონივრულად დაგეგმონ ბაზარზე შესვლის სტრატეგია.

აშკარაა, რომ გლობალური სავაჭრო ომი არა მხოლოდ ევროპის და ამერიკის საკითხია, არამედ მასზე გავლენა ექნება ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ფართო სპექტრზე, მათ შორის საქართველოზე. თუ ქართული ღვინის ინდუსტრია მოახერხებს ამ ცვლილებებზე ადაპტირებას, ის შეძლებს ახალ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას და კიდევ უფრო გაზრდის თავისი პროდუქციის ექსპორტს. თუმცა, თუ ევროპული ღვინის ჭარბი მიწოდება ევროპულ ბაზარზე ფასებს დრამატულად შეამცირებს, ქართულ ღვინოს მოუწევს ახალი სტრატეგიების შემუშავება, რათა ამ ვითარებაში დარჩეს კონკურენტუნარიანი.