წითელი ზღვის კრიზისი: გლობალური ვაჭრობის ახალი საფრთხე, რომელიც საზღვაო გზების გადახედვას გვაიძულებს
წითელი ზღვა გლობალური ვაჭრობის ერთ–ერთი მთავარი არტერიაა — მსოფლიოში გადაზიდული ტვირთების დაახლოებით 12% სწორედ ამ მარშრუტზე გადის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

წითელი ზღვა გლობალური ვაჭრობის ერთ–ერთი მთავარი არტერიაა — მსოფლიოში გადაზიდული ტვირთების დაახლოებით 12% სწორედ ამ მარშრუტზე გადის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სუეცის არხი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. მაგრამ 2023 წლის ბოლოდან ვითარება მკვეთრად შეიცვალა: იემენში მოქმედი ჰუსიტების მიერ გემებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა საერთაშორისო გადამზიდავები აიძულა, მარშრუტი სამხრეთ აფრიკის გარშემო გადაამისამართებინათ. შედეგად, გადაზიდვის დრო 10 დღემდე იზრდება, ხარჯები კი მნიშვნელოვნად მატულობს.
2025 წლის აპრილისთვის თავდასხმები კვლავ გრძელდება. გაეროს უშიშროების საბჭომ 2024 წლის იანვარში მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუსიტებს შეწყვეტისკენ მოუწოდებს და წევრ ქვეყნებს უფლებას აძლევს, თავიანთი გემების დაცვა უზრუნველყონ. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების რეალური გარანტიები ჯერ არ არსებობს. Maersk, MSC და სხვა წამყვანი კომპანიები კვლავაც ერიდებიან წითელ ზღვას, რაც უკვე სისტემურ შეფერხებად იქცა.
ამ კრიზისმა უკვე გავლენა მოახდინა ბაზრებზე. შეფერხებული მიწოდება ამძაფრებს ფასების ზრდას, განსაკუთრებით – საკვებისა და ტექნიკის კატეგორიაში. ტრანსპორტირების ხარჯების მატება ხშირად პირდაპირ გადადის პროდუქტის საბოლოო ფასზე. ენერგორესურსების მხრივაც ვითარება მერყევია – სუეცის არხი ერთ–ერთი მთავარი გზაა ევროპაში ნავთობისა და თხევადი გაზის მისაწოდებლად, და მისი შეფერხება ენერგეტიკულ არასტაბილურობას ამძაფრებს.
მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს კლიმატური ფაქტორები. პანამის არხში წყლის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, რის გამოც იქაც შეფერხდა გემების მოძრაობა. ასე აღმოჩნდა, რომ გლობალური ლოგისტიკის ორი საყრდენი წერტილი – სუეცი და პანამა – ერთდროულად წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.
პასუხად, მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, გააძლიერონ რეგიონული უსაფრთხოება და აღადგინონ ნავიგაციის სტაბილურობა. თუმცა ბიზნესები უკვე ფიქრობენ ალტერნატივებზე: იზრდება წარმოების რეგიონალიზაცია, ქარხნების გადატანა ახლო ლოკაციებში, მათ შორის მექსიკაში და სამხრეთ ევროპაში, ხოლო ინდოეთ–ევროპის ახალი ეკონომიკური დერეფანი აქტიურად განიხილება როგორც გრძელვადიანი გამოსავალი.
წითელი ზღვის კრიზისი გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა გლობალური სავაჭრო ქსელი. რთული ვითარება იძულებით გვაბრუნებს ძველ მარშრუტებზე, მაგრამ ამავე დროს გვაიძულებს, ვიფიქროთ სტრატეგიულად ახალ გზებზე — რათა მომავლის მსოფლიო არ დაეყრდნოს ერთ არხს ან ერთ რეგიონს.