ქათმის ხორცის და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი სამაცივრეებიდან: რა იმალება ციფრების მიღმა?
2024 წლის მონაცემებით, საქართველოს სამაცივრე მეურნეობების საქმიანობა სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ლოგისტიკის ერთ–ერთი ყველაზე კომპლექსური და დინამიკური სექტორია, რომლის

2024 წლის მონაცემებით, საქართველოს სამაცივრე მეურნეობების საქმიანობა სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ლოგისტიკის ერთ–ერთი ყველაზე კომპლექსური და დინამიკური სექტორია, რომლის სტრუქტურა და ბაზრის კონფიგურაცია ქვეყნის კვების უსაფრთხოების და საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვან ინდიკატორად იქცა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციისაგან ექსპორტზე ყველაზე დიდი წილით სწორედ ქათმის ხორცი (59.2%) და ხილ–ბოსტნეული (29.9%) გავიდა, რაც მთლიანობაში სამაცივრეებიდან გაყიდული პროდუქციის ღირებულების 3.3 პროცენტს შეადგენს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად შთამბეჭდავი ტექნოლოგიური მოდერნიზაციისა და წარმოების მზარდი მასშტაბებისა, უცხოურ ბაზარზე რეალიზებული პროდუქციის წილი ჯერ კიდევ დაბალია და ქართული სამაცივრე სექტორი, ძირითადად, შიდა ბაზარზეა ორიენტირებული.
2024 წელს საქართველოში 387 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, მათგან თითქმის 60% შიდა ქართლში იყო განთავსებული, რაც რეგიონს ქვეყნის სასურსათო ინვარსტრუქტურის ერთ–ერთ მთავარ ჰაბად აქცევს. დედაქალაქი, კახეთი და ქვემო ქართლიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან ლოკაციებს, თუმცა რეგიონული დისბალანსი აშკარად შეიმჩნევა: ეს ნიშნავს, რომ ზოგი რეგიონი სამაცივრე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის სხვა ნაწილებს.
სამაცივრე მეურნეობების გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქციის შენახვით: ისინი 1,964 ადამიანს ასაქმებენ და წლის განმავლობაში ჯამში 340.8 ათასი ტონა პროდუქციის მიღება/შენახვა განახორციელეს. აქედან თითქმის ნახევარი (41.3%) ქათმის ხორცია, რასაც მოჰყვება პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (19.8%), ხილი–ბოსტნეული (12.8%), თევზეული (12.7%) და რძის პროდუქტები (7.8%). განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციის თითქმის ნახევარი (48.3%) ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, ხოლო იმპორტირებულ პროდუქციაში ისევ პირუტყვის ხორცის, ქათმის ხორცისა და თევზეულის წილი დომინირებს.
სექტორის ფინანსური მაჩვენებლებიც მნიშვნელოვანი სიგნალია: 2024 წელს სამაცივრე მეურნეობებმა პროდუქციის რეალიზაციით 544 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს (96.3 ათასი ტონა პროდუქცია), ხოლო უშუალოდ მომსახურების სახით — 27.1 მილიონი ლარი. ბაზრის ფინანსური და ტექნოლოგიური განვითარება ცალსახად უკავშირდება სესხით სარგებლობის მზარდ პრაქტიკასაც: 70% სამაცივრე მეურნეობებისა აქტიურად იყენებს საბანკო პროდუქტებს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისთვის.
ტექნოლოგიური მოდერნიზაციის კუთხით პროგრესი შეინიშნება — სექტორის 63.6% სრულად თანამედროვე სტანდარტების მიხედვითაა აღჭურვილი, თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი წილი ნაწილობრივ ან საერთოდ არ არის მოდერნიზებული. ეს უთანასწორობა პირდაპირ აისახება პროდუქტების შენახვის ხარისხსა და საექსპორტო შესაძლებლობებზე, რაც გამოწვევად რჩება ქვეყნის სასურსათო ლოგისტიკის გრძელვადიანი განვითარებისათვის.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ სამაცივრე სექტორი საქართველოში სწრაფი ცვლილებების და ტექნოლოგიური გაუმჯობესების რეჟიმშია, ექსპორტის პოტენციალი ჯერ კიდევ შეზღუდულია. ქათმის ხორცისა და ხილ–ბოსტნეულის მიმართულებით მზარდი ექსპორტი პოზიტიურ ტენდენციად რჩება, თუმცა სექტორის სტაბილური და გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია რეგიონული ინფრასტრუქტურის დაბალანსება, ინოვაციებისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდა, ასევე საექსპორტო ხარისხის გაუმჯობესება. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ქართული სამაცივრე სექტორი საკუთარი რესურსების სრულად რეალიზებას და საერთაშორისო ბაზრებზე უფრო კონკურენტული პოზიციის დაკავებას.