საქართველოს გლობალური საფინანსო გამოწვევა 2025 წელს
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 660.1 მილიონი აშშ დოლარი (1.9 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ქვეყნის მშპ–ის

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 660.1 მილიონი აშშ დოლარი (1.9 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ქვეყნის მშპ–ის 8.5%-ს უტოლდება. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, როდესაც დეფიციტი 351 მილიონ დოლარს შეადგენდა და მშპ–ის მხოლოდ 5% იყო. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის იმ უმნიშვნელოვანეს საზომს, რომელიც ასახავს რამდენად აჭარბებს უცხოური ვალუტის გადინება მის შემოდინებას. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს რომ ქვეყანა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს — განსაკუთრებით საქონლის იმპორტსა და ვალის მომსახურებაზე.
2025 წლის პირველ კვარტალში დეფიციტის ზრდის მთავარი მამოძრავებელი რგოლი კვლავ საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდოა, რომლის მოცულობამაც წლიურად 15.1%-ით მოიმატა და 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ზრდა ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: ერთის მხრივ, საქართველოს ექსპორტმა 5.5%-ით იმატა, მაგრამ იმპორტმა კიდევ უფრო სწრაფად — 10%-ით მოიმატა. როდესაც ქვეყანამ ვერ მოახერხა საექსპორტო პროდუქტების გაყიდვების ზრდის იმ დონეზე უზრუნველყოფა, რომ დაბალანსებულიყო მზარდი იმპორტის საჭიროება, დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდა.
მიუხედავად ამისა, ქართული ეკონომიკის სუსტი წერტილების ფონზე, არსებობს ზრდადი სექტორები, რომლებიც ნაწილობრივ ახერხებენ დეფიციტის ამოცილებას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომლის ექსპორტმაც კვარტალში 826 მილიონ დოლარს მიაღწია და ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. ასევე, სწრაფი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი — 266 მილიონი დოლარი, რაც მშპ–ის 3.4%-ს შეადგენს. ტრანსპორტირების მომსახურების ექსპორტმაც მაღალ დონეზე შეინარჩუნა პოზიციები და 386 მილიონ დოლარამდე გაიზარდა (მშპ–ის 5%).
ამავდროულად, ქვეყნის წმინდა შემოსავლის ანგარიშში უარყოფითი ბალანსი კიდევ უფრო გაღრმავდა: წმინდა შემოსავალმა 537.5 მილიონი დოლარით დაიკლო, განსაკუთრებით კი წმინდა შრომის ანაზღაურებამ, რომელიც 63%-ით შემცირდა. უარყოფითი გავლენა იქონია საინვესტიციო შემოსავლის ზრდამაც, რაც ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტორები უფრო მეტ შემოსავალს გამოაქვთ ქვეყნიდან, ვიდრე ქვეყანაში შემოდის.
მიმდინარე ანგარიშის შედარებით მყარი კომპონენტი — ტრანსფერები, განსაკუთრებით კი ფულადი გზავნილები, 2025 წლის პირველ კვარტალში ასევე შემცირდა და 876 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ეს იყო კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერების 5%-იანი კლების შედეგი.
რაც შეეხება უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს, პირველ კვარტალში მათი წმინდა მოცულობა მხოლოდ 74 მილიონი დოლარი იყო, რაც ქვეყანაში ინვესტიციების დაბალ დონეზე მიუთითებს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკას სჭირდება უფრო დივერსიფიცირებული საექსპორტო პორტფელი, ინვესტიციების ზრდა და იმპორტდამოკიდებულების შემცირება, რათა უარყოფითი გარე ბალანსის მაჩვენებლები კვლავ არ გახდეს საფრთხის მატარებელი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის.
ამრიგად, 2025 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკა მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ჯანსაღობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმპორტის შემცირების, ექსპორტისა და მაღალი ტექნოლოგიური სერვისების ზრდას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ფულად გზავნილებზე ნაკლები დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ამ გამოწვევებზე ეფექტური პასუხის გაცემის გარეშე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პრობლემის გამწვავება შეიძლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რისკების წყარო გახდეს.