საქართველოს IT სექტორის ზრდა: ეკონომიკური ტრანსფორმაციის ახალი ფაზა
2025 წლისთვის საქართველოს IT სექტორი ერთ–ერთ მთავარ ეკონომიკურ მოთამაშედ ყალიბდება. თუ 2019 წელს მისი წილი ქვეყნის მშპ–ში მხოლოდ 0.4%

2025 წლისთვის საქართველოს IT სექტორი ერთ–ერთ მთავარ ეკონომიკურ მოთამაშედ ყალიბდება. თუ 2019 წელს მისი წილი ქვეყნის მშპ–ში მხოლოდ 0.4% იყო, 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 2.6%-მდე გაიზარდა. სექტორმა ეკონომიკაში 2.1 მილიარდი ლარის დამატებითი ღირებულება შექმნა, რაც აჭარბებს ისეთ დარგებს, როგორიცაა სამთომოპოვებითი მრეწველობა. ეს ზრდა არ არის მოკლევადიანი იმპულსის შედეგი — ის სისტემური ტრანსფორმაციის ნაწილია.
ერთი მხრივ, ზრდას აჩქარებს გლობალური პროცესები. რუსეთისა და უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გადმოინაცვლა ათეულობით საერთაშორისო კომპანია და სპეციალისტი. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც ბაზრის მასშტაბი, ისე კონკურენცია, რაც ადგილობრივ IT ეკოსისტემას ახალი სტიმულით ამარაგებს. გაიზარდა ცოდნის გავრცელება, გაძლიერდა კავშირები უცხოურ ბაზრებთან და შეიქმნა ახალი თანამშრომლობის პლატფორმები.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი აისახა ექსპორტზეც. 2023 წელს საქართველომ IT სერვისების ექსპორტით 209 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ექსპორტის თითქმის ორი მესამედი მოდის ხუთ განვითარებულ ბაზარზე — აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები და მალტა. ეს მიუთითებს, რომ ქართული კომპანიები არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ კონკურენციაშიც შედიან.
ერთ–ერთი სტრუქტურული ფაქტორია შრომითი ბაზრის სწრაფი გაფართოება. 2024 წლისთვის IT პროფილის კომპანიებში დასაქმებულია 13 ათასი ადამიანი. აგრეთვე, IT პროფსიონალთა მხოლოდ მესამედი მათგანი მუშაობს უშუალოდ IT კომპანიებში. დანარჩენები გადანაწილებულნი არიან განათლების, ფინანსების, მედიისა და სხვა სექტორებში. ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ IT გარს ეკვრის არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ მთელი ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციას.
სექტორში მაღალია ანაზღაურება — საშუალო ხელფასი 6973 ლარს აღწევს, რაც ქვეყნის საშუალოზე 3.4-ჯერ მეტია. მიუხედავად ამისა, ტვინების გადინების საფრთხე კვლავ რჩება. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, გლობალურ ბაზართან კონკურენციის პირობებში არსებული ანაზღაურება არ არის საკმარისად მიმზიდველი, რათა ყველა პროფესიონალი დარჩეს ადგილობრივ ბაზარზე.
დასაქმებულთა პროფილი ახალგაზრდა და დინამიურია — თითქმის მესამედი 26 წლამდეა. ქალთა წილმა 2023 წლისთვის 24%-ს მიაღწია და ბოლო ორ წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, სფერო კვლავ სქესობრივად ასიმეტრიული რჩება.
IT სექტორის ზრდა, ექსპორტის გაძლიერება, ახალგაზრდა კადრების ინტეგრაცია და ბაზრის დივერსიფიკაცია აყალიბებს ახალ ეკონომიკურ რეალობას. თუმცა, მისი მდგრადობა დამოკიდებული იქნება რამდენიმე სტრატეგიულ ფაქტორზე: პროფესიული განათლების ხარისხზე, გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის სიღრმეზე და ინოვაციების ხელშეწყობის პოლიტიკაზე. ამ ეტაპზე კი აშკარაა, რომ საქართველო ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ფაზაში გადავიდა.
იხილეთ BTU-ს კვლევა IT სექტორის ტენდენციების შესახებ აქ.