საქართველოს IT სექტორი: ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტენდენციები
საქართველოს IT სექტორი აქტიურად ვითარდება, თუმცა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იმის გააზრება, თუ როგორია შიდა პროფესიული სტრუქტურა — ვინ ქმნის

საქართველოს IT სექტორი აქტიურად ვითარდება, თუმცა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იმის გააზრება, თუ როგორია შიდა პროფესიული სტრუქტურა — ვინ ქმნის ამ სფეროს რეალურ სამუშაო ძალას და რომელი მიმართულებები დომინირებს.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში IT პროფესიით დასაქმებულთა დაახლოებით 70% მუშაობს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ანუ პროგრამისტის პროფესიაში. დანარჩენი 30% ნაწილდება ისეთ როლებზე, როგორიცაა ქსელების მართვა, მონაცემთა ბაზები, IT მხარდაჭერა და სისტემური ადმინისტრირება. ეს მაჩვენებელი ასახავს იმას, რომ სექტორის განვითარება უმეტესწილად დაიწყო იმ პროფესიებით, სადაც მოთხოვნა ყველაზე მაღალი იყო როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად.
ამის მიზეზები ბევრია. ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი არის ბაზრის მოთხოვნა — ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ციფრული სერვისების, ვებ–პლატფორმების და მობილური აპლიკაციების რაოდენობა, რის გამოც ყველაზე მაღალი მოთხოვნა სწორედ პროგრამისტებზე შეიქმნა. მეორე მხრივ, განათლების სისტემაც ძირითადად სწორედ ამ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს: უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა უმრავლესობა ირჩევს პროგრამირებას, როგორც ყველაზე მკაფიო და მოთხოვნად კარიერულ გზას.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვა სპეციალიზირებული პროფესიები — როგორიცაა DevOps, მონაცემთა მეცნიერება, UI/UX დიზაინი ან IT არქიტექტურა, ხშირ შემთხვევაში ვითარდება ბაზრის მომწიფებასთან ერთად. იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც IT ეკოსისტემა უკვე ჩამოყალიბებულია, გვიჩვენებს, რომ პროფილური დივერსიფიკაცია ეტაპობრივად ვითარდება და მისი სტრუქტურა ძერწავს სექტორის ტექნიკურ სიღრმეს.
საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ სპეციალიზაციების ჩამოყალიბება. მაგალითად, ბიზნესის ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებები მზარდია, ხოლო კიბერუსაფრთხოება და სისტემური დიზაინი ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალური ხდება. თუმცა, მათი მასშტაბი ჯერ მცირეა საერთო სურათთან შედარებით.
პროფესიული პროფილების დივერსიფიკაცია ბუნებრივი პროცესია და ის უკვე დაწყებულია. სხვადასხვა კერძო აკადემიები და გადამზადების პროგრამები ცდილობენ უპასუხონ კონკრეტულ მოთხოვნებს, იქნება ეს DevOps, cloud ინფრასტრუქტურა, პროდუქტის მენეჯმენტი თუ მონაცემთა ინჟინერია.
ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ სექტორის ზრდასთან ერთად ფართოვდება საჭირო პროფესიათა სპექტრიც. მომდევნო ეტაპზე შესაძლოა ცვლილება აღარ შეეხოს მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ პროფესიული სიღრმის, კომპეტენციების და ფუნქციური მრავალფეროვნების განვითარებასაც.
დღეს უკვე აუცილებელია კითხვა მხოლოდ “რამდენი IT სპეციალისტი გვყავს?” კი არა, არამედ — “სად მუშაობენ ისინი, რა პროფილით და რა ტექნოლოგიური ამოცანების შესრულება შეუძლიათ?” ამ კითხვებზე დაფუძნებული ანალიზი დაეხმარება როგორც ბიზნესს, ისე განათლების სისტემას, რესურსების სწორად გადანაწილებასა და სექტორის გრძელვადიან განვითარებაში.
იხილეთ BTU-ს კვლევა IT სექტორის ტენდენციების შესახებ აქ.