რატომ მიიჩნევს MIT Orbit ქართულ განათლებას SaaS სტარტაპებისთვის სტრატეგიულ სექტორად
ბოლო წლების განმავლობაში ციფრულმა სწავლებამ საგრძნობლად შეცვალა გლობალური განათლების ლანდშაფტი, მაგრამ საქართველოში ეს პროცესი ჯერ კიდევ არაერთ დაბრკოლებას აწყდება.

ბოლო წლების განმავლობაში ციფრულმა სწავლებამ საგრძნობლად შეცვალა გლობალური განათლების ლანდშაფტი, მაგრამ საქართველოში ეს პროცესი ჯერ კიდევ არაერთ დაბრკოლებას აწყდება. პანდემიის დროს დისტანციური სწავლების აუცილებლობამ გამოავლინა არა მხოლოდ ტექნოლოგიური პოტენციალი, არამედ სისტემური სისუსტეებიც — დაწყებული ინტერნეტის ხელმისაწვდომობით, დასრულებული მასწავლებლებისა და სტუდენტების ციფრული უნარებით. სწორედ ამ წერტილში იკვეთება SaaS (Software-as-a-Service) ტექნოლოგიების შესაძლებლობა — უნივერსიტეტებისთვის, სკოლებისთვის და პროფესიული დაწესებულებებისთვის.
სწავლის მართვის სისტემები (LMS), ციფრული კონტენტის პლატფორმები, სტუდენტური ადმინისტრირების ინსტრუმენტები და ონლაინ შეფასების მოდულები — ეს ყველაფერი უკვე აღარ არის მხოლოდ საერთაშორისო უნივერსიტეტების ინოვაცია. BTUAI-ის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, საქართველოში განათლების სექტორში არსებული მოთხოვნა ამ ტიპის გადაწყვეტილებებზე იზრდება, განსაკუთრებით პროფესიულ განათლებასა და უნივერსიტეტებში, სადაც ადმინისტრაციული ეფექტიანობა და ხარისხიანი ციფრული სწავლება უკვე აუცილებლობაა.
საქართველოში 60-მდე უნივერსიტეტი და დაახლოებით 2000 სკოლაა. ეს ბაზარი, რაოდენობრივად, შესაძლოა არ იყოს ისეთი მასშტაბური, როგორიც სხვა სეგმენტებია, მაგრამ მისი ღირებულება სხვა ფაქტორებში იკვეთება. ერთი მხრივ, განათლების სექტორი შედარებით სტაბილურია და იმ ტიპის მომხმარებელია, რომელსაც SaaS გადაწყვეტილება გრძელვადიანად სჭირდება. მეორე მხრივ, უნივერსიტეტებს აქვთ საერთაშორისო პარტნიორობით ან დონორებით მხარდაჭერილი პროექტები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ტექნოლოგიური დანახარჯის დაფინანსებას შესაძლებელს ხდის.
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სოფლად ინტერნეტის შეზღუდული ხარისხი, მასწავლებლების ტექნოლოგიური მომზადება და ბიუროკრატიული შეზღუდვები — ეს სექტორი მაინც რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან და პოლიტიკურად პრიორიტეტულ მიმართულებად. ციფრული უნარების გაძლიერება დღეს უკვე არა მხოლოდ სასწავლო ხარისხის ამაღლების, არამედ შრომის ბაზარზე სტუდენტების მომზადების საკითხია.
მნიშვნელოვანია, რომ SaaS სტარტაპებმა გაითვალისწინონ განათლების სექტორის სპეციფიკა — როგორც ფინანსური შესაძლებლობების, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესის კუთხით. ზოგჯერ გადაწყვეტილება ცენტრალიზებულად მიიღება, ზოგჯერ — ინდივიდუალურად, კონკრეტული სკოლის ან ფაკულტეტის დონეზე. შესაბამისად, საჭირო ხდება მოქნილი მარკეტინგული და ტექნიკური მიდგომა: პროდუქტი, რომელიც მუშაობს ონლაინ და ოფლაინ, აქვს ინტეგრაციის შესაძლებლობა და მარტივი სასწავლოა.
ეს შესაძლებლობები და გამოწვევები დეტალურად არის ანალიზირებული BTUAI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში „B2B SaaS ეკოსისტემის ბაზრის ანალიზი სტარტაპის პერსპექტივიდან საქართველოში“, რომელიც განხორციელდა MIT Orbit-ის დისციპლინური მეწარმეობის ჩარჩოს გამოყენებით და სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.