ანალიტიკა

რატომ იზრდება მშენებლობის ფასები საქართველოში?

თუ ბოლო წლებში ბინის ან ოფისის აშენებას აპირებდით, ალბათ, მშენებლობის ღირებულების ზრდამ თქვენი გეგმები შეცვალა. 2024 წლის დეკემბერში მშენებლობის

რატომ იზრდება მშენებლობის ფასები საქართველოში?

თუ ბოლო წლებში ბინის ან ოფისის აშენებას აპირებდით, ალბათ, მშენებლობის ღირებულების ზრდამ თქვენი გეგმები შეცვალა. 2024 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულება წინა წელთან შედარებით დაახლოებით 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის თებერვლიდან დღემდე ზრდამ 20%-ს გადააჭარბა (წყარო: საქსტატი). მაგრამ რა განაპირობებს ამ მატებას?

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელფასების ზრდაა. 2024 წლის დეკემბერში მშენებლობაში დასაქმებულთა ხელფასები 19.7%-ით გაიზარდა, რაც მშენებლობის მთლიანი ინდექსის ზრდაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს. მუშახელის გაძვირება პირდაპირ აისახება მშენებლობის ფასებზე, რადგან შრომის ხარჯი მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

მეორე მიზეზი სამშენებლო მასალების გაძვირებაა. მასალების ღირებულება წლიურად 3%-ით გაიზარდა, რაც ცალკე დიდ ზრდას არ იწვევს, მაგრამ ხელფასებთან ერთად ჯამურ ფასს მაღლა სწევს. ეს განსაკუთრებით იმპორტირებულ მასალებს ეხება – თუ დოლარი გაძვირდა ან მიწოდების ჯაჭვში შეფერხებებია, სამშენებლო მასალებიც მაშინვე ძვირდება.

ამჟამად, ტექნიკა და ტრანსპორტირება შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენს ფასზე. მანქანა-დანადგარების ფასი ოდნავ გაიზარდა, მაგრამ მისი ეფექტი საერთო ინდექსზე მცირეა. საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯები კი მცირედით შემცირდა, თუმცა ეს ვერ ანეიტრალებს ხელფასებისა და მასალების გაძვირებას.

მშენებლობის ფასზე გავლენას ასევე მოთხოვნა და აქტივობაც ახდენს. ბოლო წლებში მშენებლობის ტემპი არ შენელებულა, რაც ნიშნავს, რომ მშენებლებს მუშახელის დაქირავება და მასალების შეძენა მაინც უწევთ, მიუხედავად იმისა, რამდენად გაძვირდა ისინი. აქტიური მშენებლობა კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიები მზად არიან გაზრდილი ხარჯები მომხმარებლებზე გადაიტანონ.

დღეს მშენებლობის ღირებულების ზრდის მთავარი მიზეზი სწორედ ხელფასების მატებაა. ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუ მშენებლობაში დასაქმებულთა ანაზღაურება კვლავ მოიმატებს, რაც საბოლოოდ ბინებისა და კომერციული ფართების ფასებზეც აისახება.