რამდენად მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკისთვის?
ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ რამდენად დიდია ეს გავლენა? ამის დასადგენად, შეგვიძლია შევადაროთ იგი ქვეყნის მთლიანი

ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ რამდენად დიდია ეს გავლენა? ამის დასადგენად, შეგვიძლია შევადაროთ იგი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტს (მშპ). 2024 წელს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ გაგზავნილი თანხები საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 10.2%-ს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეათე ლარი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობებში მონაწილეობს, საზღვარგარეთიდან გზავნილების სახით შემოდის.
ფულადი გზავნილები ისტორიულად იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო არა მხოლოდ ცალკეული ოჯახებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. 2024 წელს საქართველომ 3.36 მილიარდი დოლარი მიიღო გზავნილების სახით (წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი), რაც ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობს როგორც სამომხმარებლო, ისე საინვესტიციო მიმართულებით. თუმცა, ბოლო წლებში ამ ნაკადების წყაროებში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ, იტალია და გერმანია ამ გზავნილების წამყვანი წყაროებია, მთავარი საკითხი ისაა, რამდენად დამოკიდებულია ქვეყანა ამ თანხებზე. შედარებისთვის, მოლდოვაში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში ფულადი გზავნილები მშპ-ის 15-30%-ს შეადგენს, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკას მნიშვნელოვნად მოწყვლადს ხდის. საქართველოსთვის 10%-იანი წილი შედარებით დაბალია, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს მაჩვენებელი საგარეო ვაჭრობის მთლიანი მოცულობის (იმპორტი + ექსპორტი) დაახლოებით 14%-ს შეადგენს.
2024 წელს ფულადი გზავნილების მოცულობა 19%-ით შემცირდა, რაც ძირითადად რუსეთიდან გზავნილების 65%-იან ვარდნას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდინება ზრდას განაგრძობს, რაც შესაძლოა მიგრაციის ახალი ტენდენციის ნაწილია – ქართველები უფრო მეტად მიდიან დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც უკეთესი დასაქმების შესაძლებლობები აქვთ.
გზავნილების ასეთი დიდი წილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდწილად ემიგრანტების შრომაზეა დამოკიდებული. მთავარი კითხვა ისაა, შეუძლია თუ არა საქართველოს, ამ თანხების გამოყენება უფრო სტრატეგიულად – მაგალითად, ბიზნესის განვითარებისთვის, განათლების გაუმჯობესებისთვის ან ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაბანდებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულადი გზავნილების შემცირების ნებისმიერი ტალღა ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს.