რამდენად გაიზრდება ელექტრომობილების ბაზარი საქართველოში? ზრდის ტემპი და სამომავლო პოტენციალი
2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობამ 9,045 ერთეულს მიაღწია — რაც წინა წელთან შედარებით 79%-იანი ზრდაა. მხოლოდ ერთ

2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობამ 9,045 ერთეულს მიაღწია — რაც წინა წელთან შედარებით 79%-იანი ზრდაა. მხოლოდ ერთ წელიწადში ქვეყანაში დამატებით 3,993 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც ქვეყნის ისტორიული ტემპით უპრეცედენტოა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს მსგავსი ავტომობილების რაოდენობა მხოლოდ 852 იყო, ბაზარი შვიდ წელიწადში ათჯერ გაიზარდა.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია შევაფასოთ არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ფულად გამოსახულებაშიც ზრდაც. საქსტატის მიხედვით, ელექტრომობილების იმპორტის საერთო ღირებულებამ 2024 წელს 107.6 მილიონ დოლარს მიაღწია. საშუალოდ, ბოლო წლებში ერთ ელექტრომობილზე იმპორტის ღირებულება მერყეობს 12,000-17,000 დოლარს შორის — დაბალი ფასით ჩინურ და იაპონურ მოდელებში.
ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ელექტრომობილების წლიური ბაზარი საქართველოში დაახლოებით 4,000–5,000 ერთეულის დონეზეა, ფულად გამოსახულებაში კი — უკვე 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. თუმცა ეს რიცხვები მხოლოდ იმპორტს ასახავს და არ მოიცავს მომსახურებას, ნაწილებს, დამტენ ინფრასტრუქტურას და სხვა აქსესუარებს, რაც კიდევ რამდენიმე მილიონით ზრდის რეალურ ეკონომიკურ წვლილს.
სცენარი 1: ინერციული ზრდა
თუ ელექტრომობილების რეგისტრაცია განაგრძობს იმავე ტემპით ზრდას, რაც 2023-2024 წლებში გვქონდა (დაახლოებით 50-60%), 2025 წლის ბოლოს ქვეყანაში დაახლოებით 13,500–14,000 ელექტრომობილი იქნება. ამ სცენარით, 2030 წლისთვის რაოდენობა მიაღწევს დაახლოებით 70-80 ათასს — რაც მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 5-6% იქნება.
ბაზრის სავარაუდო წლიური ფულადი მოცულობა 2030 წელს: 250–300 მილიონი დოლარი.
სცენარი 2: ხელშეწყობილი განვითარება
თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მათ შორის დამტენების რაოდენობის გაზრდასა და წახალისების პოლიტიკის გატარებაში, ბაზარი შესაძლოა ყოველწლიურად გაორმაგდეს რამდენიმე წელი. ამ შემთხვევაში, ელექტრომობილების რაოდენობა 2025 წლისთვის 18-20 ათასამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის შესაძლოა 150-170 ათასს მიაღწიოს — ეს უკვე ავტოპარკის 10%-ზე მეტი იქნება.
ბაზრის სავარაუდო წლიური ფულადი მოცულობა 2030 წელს: 500–600 მილიონი დოლარი.
სცენარი 3: სტაგნაცია ან ინფრასტრუქტურული ბარიერები
თუ ინფრასტრუქტურის განვითარება შეფერხდება და მომხმარებლები არ მიიღებენ შესაბამის სარგებელს ან სტიმულს, ბაზრის ზრდა შესაძლოა შენელდეს. ამ პირობებში 2025 წლის ბოლოს მხოლოდ 11,000-მდე ელექტრომობილი იქნება ქვეყანაში, ხოლო 2030 წლისთვის — დაახლოებით 30-40 ათასი.
ბაზრის სავარაუდო წლიური ფულადი მოცულობა 2030 წელს: 120–150 მილიონი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის წლიური განახლების ტემპი დაახლოებით 100,000-მდე ავტომობილს შეადგენს, რაც ნიშნავს, თუნდაც ჩანაცვლების 20% რომ ელექტრომობილებზე გადავიდეს, ბაზარი სწრაფად გახდება საწვავის მოდელების კონკურენტი.