რა ტიპის ინოვაციებია წამყვანი და რამდენად არის საქართველო მზად ინოვაციური კონკურენციისთვის?
ინოვაცია ეკონომიკის ძრავია, თუმცა მას დღეს გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ ახალი ნივთის შექმნა. გლობალური პრაქტიკა აჩვენებს,

ინოვაცია ეკონომიკის ძრავია, თუმცა მას დღეს გაცილებით უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ ახალი ნივთის შექმნა. გლობალური პრაქტიკა აჩვენებს, რომ ინოვაცია შეიძლება გამოჩნდეს ოთხ ძირითად ფორმაში: პროდუქტის ინოვაცია (ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტი), მომსახურების ინოვაცია, ბიზნეს პროცესების ინოვაცია (შიდა მუშაობის ოპტიმიზაცია) და მარკეტინგული ინოვაცია (გაყიდვების და რეკლამირების ახალი გზები). წარმატებული ქვეყნები სწორედ ამ ოთხივე მიმართულებას იყენებენ სისტემურად, რათა გაზარდონ პროდუქტიულობა და მოახდინონ გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრება.
თუ საქართველოში ამ სურათს დავაკვირდებით, 2024 წელს მხოლოდ 7%-მა კომპანიებმა შემოიტანეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული პროდუქტი ბაზარზე, ხოლო მომსახურების ინოვაცია იმავე წილად დაფიქსირდა (საქსტატი, 2025). ეს მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება ევროპის საშუალო დონეს, რომელიც 53%-ზე მეტია. მაგალითად, ფინეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში ინოვაციური საწარმოების წილი 70%-ს აღემატება (OECD, 2024).
ბიზნეს პროცესების ინოვაცია საქართველოში შედარებით უფრო ფართოდ არის გავრცელებული. კომპანიების ნაწილი ცდილობს შიდა ოპერაციების გაუმჯობესებას — იქნება ეს წარმოების ოპტიმიზაცია, ბუღალტრული პროცესების ციფრულად გადაყვანა თუ ლოჯისტიკის ან თანამშრომელთა მართვის გაუმჯობესება. 2024 წელს 10% მუშაობდა მარკეტინგული მეთოდების განახლებაზე (შეფუთვა, ფასების სტრატეგია, გაყიდვების სერვისი), 9% ახორციელებდა ინოვაციას წარმოების პროცესში, ასევე 9%-ზე მეტი კომპანიები ამუშავებდა ახალი ტიპის ადმინისტრაციულ სისტემებსა და ტექნოლოგიებს. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ კომპანიები ყველაზე ხშირად ცვლილებებს ახორციელებენ იმ ნაწილებში, სადაც ხარჯების შემცირება ან გაყიდვების ზრდა უფრო პირდაპირი შედეგია.
პროცესული ინოვაციების პარალელურად, პროდუქტისა და მომსახურების მიმართულებით სიახლეები შედარებით იშვიათად ფიქსირდება. ეს ნაწილობრივ აიხსნება იმითაც, რომ პროდუქტის ინოვაცია უფრო მეტ რისკთან და ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. თუმცა გლობალური ტენდენცია ზუსტად ამ მხარეს იხრება — ახალი პროდუქტი ან სერვისი ხშირად განაპირობებს კომპანიის ბაზარზე გარღვევას და კონკურენტული უპირატესობის შექმნას.
მიუხედავად დაბალი მაჩვენებლებისა, ერთი დადებითი ფაქტორი მაინც გამოიკვეთა — იმ საწარმოთა უმრავლესობამ, ვინც ინოვაციას ეწევა, თავად ქმნის სიახლეებს. 2024 წელს პროდუქტის ინოვაციების 81% და ბიზნეს პროცესების 81%-ზე მეტიც უშუალოდ საწარმოების მიერ შეიქმნა. თუმცა, ეს სურათი მიანიშნებს იმაზეც, რომ თანამშრომლობითი ინოვაცია — უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან ან სხვა კომპანიებთან ერთად შექმნილი გადაწყვეტილებები — თითქმის არ ფიქსირდება.
დღევანდელ მსოფლიოში ინოვაცია სულ უფრო ხშირად დაკავშირებულია ციფრულ ტრანსფორმაციასთან, მწვანე ტექნოლოგიებთან და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებთან. ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და big data-ს გამოყენება ბიზნესში უკვე ყოველდღიურობად იქცა მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში. მაგალითად, McKinsey-ის მონაცემებით, კომპანიების 75%-მა უკვე დაიწყო AI-ის ინტეგრირება ოპერაციულ სტრუქტურაში. საქართველოში ეს პროცესები ძალიან ნელა ვითარდება და უმეტესწილად შეზღუდულია მხოლოდ ცალკეული შემთხვევებით.
არსებულ სურათს ემატება ისიც, რომ საქართველოს კომპანიების მხოლოდ ნაწილი ანიჭებს პრიორიტეტს ხარისხზე ორიენტირებულ სტრატეგიას — 47%-მდე ორგანიზაცია ამბობს, რომ პროდუქტის ხარისხი მათთვის მთავარია, რაც ინოვაციისადმი პრაგმატულ მიდგომას უსვამს ხაზს.
საერთო ჯამში, საქართველოში ინოვაციის ძირითადი ტიპებიდან ყველაზე გავრცელებულია შიდა პროცესების გაუმჯობესება და მარკეტინგის ცვლილება, რაც მოკლევადიან შედეგებზე ორიენტაციას ასახავს. ნაკლებია ტექნოლოგიურად გამორჩეული ახალი პროდუქტის ან სერვისის შექმნის შემთხვევები — რაც გლობალურ ბაზრებზე წარმატების მისაღწევად სულ უფრო გადამწყვეტი ფაქტორი ხდება.
იმისათვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ ინოვაციების მომხმარებელი, არამედ შემქმნელიც, საჭიროა ინოვაციის ყველა ტიპის მიმართ გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება, თანამშრომლობითი მოდელების წახალისება და ისეთ გარემოს შექმნა, სადაც რისკის აღება სტიმულირებულია — როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად.