მსოფლიო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა
მსოფლიო ეკონომიკაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია ვალის საერთო მოცულობამ – პირველად ისტორიაში გლობალური სახელმწიფო და კორპორატიული ვალის ოდენობამ 2024 წლის

მსოფლიო ეკონომიკაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია ვალის საერთო მოცულობამ – პირველად ისტორიაში გლობალური სახელმწიფო და კორპორატიული ვალის ოდენობამ 2024 წლის განმავლობაში $100 ტრილიონს გადააჭარბა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ამ უზარმაზარი თანხიდან $65 ტრილიონზე მეტი სახელმწიფო ვალია, ხოლო $35 ტრილიონამდე – კორპორატიული სექტორის წილი.
გასული წლის განმავლობაში, სახელმწიფოებმა და კომპანიებმა ობლიგაციების გამოშვებით რეკორდული მოცულობის, $25 ტრილიონამდე ფინანსური რესურსი მოიზიდეს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი თითქმის სამჯერ აღემატება 2007 წლის მონაცემებს და მნიშვნელოვნად უსწრებს პანდემიამდელ პერიოდს. აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება ვალის გამოყენებაზე, რაც ზრდის მომავალში შესაძლო ფინანსური კრიზისის რისკებს.
საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი წილი 2024 წელს OECD-ის ქვეყნებზე მოდის, რომელთაგან მხოლოდ აშშ–მა მიიზიდა საერთო თანხის ორი მესამედი. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები – აშშ, იაპონია, საფრანგეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი – საერთო ჯამში OECD-ის ქვეყნებში დაფიქსირებული ვალის 85%-ზე მეტს ფლობენ. ამავე დროს, განვითარებად ქვეყნებზე მხოლოდ $2.8 ტრილიონი მოდის, რაც საერთო სურათში შედარებით მცირე მოცულობაა, მაგრამ ამ ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელიც მნიშვნელოვანი ტვირთია.
ფინანსური ვალდებულებების ზრდის ფონზე, საგანგაშოდ გამოიყურება ის ფაქტიც, რომ ამ ვალების მნიშვნელოვანი ნაწილი მოკლევადიანია. OECD-ის მონაცემებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს მსოფლიო სახელმწიფო ვალის 42%, ხოლო კორპორატიული ვალის – 38%. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები და კომპანიები უახლოეს პერიოდში დიდი ფინანსური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი გლობალურად ნელდება, ხოლო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკები მატულობს.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკები ბოლო პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას იწყებენ, ეს განაკვეთები კვლავაც მნიშვნელოვნად მაღალი რჩება 2022 წლის კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით. შედეგად, ძველი იაფი ვალი ეტაპობრივად ჩანაცვლდება უფრო ძვირი ვალით, რაც ზრდის ფინანსური ხარჯების ტვირთს და მომავალში შეიძლება ფინანსური კრიზისის წინაპირობა გახდეს.
კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია ის არის, რომ კორპორატიული ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი არა ინვესტიციებისთვის, არამედ ძველი ვალის რეფინანსირებისა და აქციონერებისთვის მოგების განაწილებისთვის გამოიყენება. ამ შემთხვევაში, კომპანიები რეალურად არ ახორციელებენ იმ ტიპის ინვესტიციებს, რომლებიც მომგებიანობას გაზრდიდა, შესაბამისად, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ფინანსურ გარემოს.
ამ პირობებში OECD-ის გენერალური მდივანი მატიას კორმანი მთავრობებს მოუწოდებს, რომ უფრო ეფექტურად მართონ სახელმწიფო ხარჯები და გაზარდონ იმ ინვესტიციების მოცულობა, რომლებიც ეკონომიკის რეალურ სექტორებში პროდუქტიულობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია კომპანიების წახალისება, რათა მათი ვალებით მოზიდული თანხები რეალურად იყოს მიმართული წარმოებისა და პროდუქტიულობის გაზრდისკენ.
მთლიანობაში, $100 ტრილიონზე მეტი მოცულობის ვალის ნიშნულის გადალახვა ერთის მხრივ, ხაზს უსვამს გლობალური ეკონომიკის დაფინანსების ზრდად საჭიროებას, ხოლო მეორეს მხრივ, ქმნის რეალურ საფრთხეს გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. მაღალი ვალის მაჩვენებლის პირობებში, ქვეყნების ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო კრიზისული სცენარები. ასეთი მიდგომა მომავალში მნიშვნელოვანი გამოწვევების დასაძლევად საკვანძოა