კორუფციის ინდექსი: საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერია, მაგრამ გლობალური ტენდენციები უარესდება
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (Transparency International) მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, მსოფლიოს კორუფციის დონე კვლავ საგანგაშოდ მაღალი რჩება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (Transparency International) მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, მსოფლიოს კორუფციის დონე კვლავ საგანგაშოდ მაღალი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთმა ქვეყანამ სცადა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, შედეგები მეტწილად უარყოფითია: რიგ ქვეყნებში ვითარება გაუარესდა, ხოლო უმეტეს ადგილებში სტაგნაცია შეინიშნება.
ინდექსის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანად კვლავ დანია რჩება, რომელიც 90 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მას მოჰყვებიან ფინეთი (88 ქულა), სინგაპური (84), ახალი ზელანდია (83) და სხვა ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე მინიმალურია. ამ ქვეყნების წარმატება უმეტესწილად მათი გამართული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ძლიერი სამართლებრივი სისტემების დამსახურებაა.
მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სიაში სამხრეთ სუდანი ლიდერობს 8 ქულით, რაც მიანიშნებს, რომ იქ სახელმწიფო მმართველობა უკიდურესად სუსტია და კორუფცია ყოვლისმომცველია. სომალი (9 ქულა), ვენესუელა (10) და სირია (12) ამ კატეგორიაში შემდეგ პოზიციებზე არიან, რაც ამ ქვეყნების პოლიტიკურ არასტაბილურობას და ხანგრძლივ კონფლიქტებს უკავშირდება.
რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, ქვეყანას კვლავ 53 ქულა აქვს, რაც საშუალო მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კორუფციის მხრივ შედარებით უკეთესი პოზიცია უკავია, 2015 წლის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი შედეგია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა კორუციისგან მეტწილად თავისუფალია, მაგრამ ანტიკორუფციული რეფორმები არ მიმდინარეობს საკმარისი მოცულობით.
საქართველო რეგიონში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად რჩება. მისი მეზობლებიდან ყველაზე ცუდი შედეგი რუსეთს და აზერბაიჯანს აქვთ (22 ქულა), რაც მათ 154-ე პოზიციაზე აყენებს. თურქეთი (34 ქულა) და სომხეთი (47 ქულა) შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს მაღალი სანდოობის მაჩვენებელი ანტიკორუფციული პოლიტიკის კუთხით.
ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ გლობალურ დონეზე კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა წარმატებას აღწევს, ზოგან მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. კორუფციის დაბალი დონე ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულია, რადგან ის ინვესტიციების მოზიდვას, სამართლებრივი სისტემის გამართულობას და ბიზნესის გარემოს გამჭვირვალობას უწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი პირდაპირ არ ასახავს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ კორუფციის დონეს, ის ნათლად აჩვენებს ზოგად ტენდენციებს და სახელმწიფოს მზაობას ამ პრობლემის დასაძლევად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა რეგიონის სხვა ქვეყნებში კორუფცია კვლავ სერიოზული გამოწვევაა.