ახალკურსდამთავრებულთა დასაქმება საქართველოში – რეალური პერსპექტივა თუ მუდმივი გამოწვევა?
2023 წელს საქართველოში 20-34 წლის ასაკის ახალკურსდამთავრებულთა დასაქმების დონემ 54.8% შეადგინა (წყარო: საქსტატი). ქალებში ეს მაჩვენებელი 50.5%-ია, ხოლო მამაკაცებში

2023 წელს საქართველოში 20-34 წლის ასაკის ახალკურსდამთავრებულთა დასაქმების დონემ 54.8% შეადგინა (წყარო: საქსტატი). ქალებში ეს მაჩვენებელი 50.5%-ია, ხოლო მამაკაცებში – 58.9%. აღნიშნული რიცხვები ნათლად გვიჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა ვერ ახერხებს შესაბამისი სამუშაო ადგილის პოვნას.
ახალგაზრდა კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხის შეფასება საინტერესო და მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაქმების სტატისტიკა კი არ ფასდება, არამედ ისიც, რამდენად ეფექტურად გარდაიქმნება განათლებაში ჩადებული რესურსი სამუშაო ბაზარზე არსებულ რეალურ შესაძლებლობებად. ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლისას დროს, ენერგიასა და ფინანსურ რესურსს დებენ იმ იმედით, რომ მათ მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები პირდაპირ და მარტივად ინტეგრირდება შრომის ბაზარზე. თუმცა არსებული რეალობა სხვაგვარია: ახალკურსდამთავრებულთა ნახევარზე მეტი ვერ იყენებს საკუთარ ცოდნას შესაბამის სფეროში ან საერთოდ ვერ ახერხებს დასაქმებას.
საქართველოში ახალგაზრდები რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას აწყდებიან. მთავარი პრობლემა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებულ განათლებას შორის არსებული დიდი სხვაობაა. კერძო სექტორი ხშირად აღნიშნავს, რომ კურსდამთავრებულებს აკლიათ პრაქტიკული უნარ–ჩვევები, რაც მათ დასაქმებას აფერხებს. შედეგად, კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილ კადრებს, ახალგაზრდები კი იძულებულნი ხდებიან, დროებით ან დაბალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდნენ.
ახალგაზრდების დასაქმების საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მისი პირდაპირი კავშირი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივასთან. ახალგაზრდების დაუკმაყოფილებელი დასაქმება ამცირებს მათი შრომითი რესურსების პროდუქტიულობას და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პოტენციალს. გარდა ამისა, დაბალი დასაქმების დონე ახალკურსდამთავრებულებში იწვევს იმედგაცრუებას, რაც შესაძლოა აისახოს საზოგადოებრივ აქტივობაზე, სამოქალაქო ჩართულობაზე და მიგრაციის ზრდაზე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გენდერულ უთანასწორობასაც. ის ფაქტი, რომ მამაკაცების დასაქმება მნიშვნელოვნად აღემატება ქალებისას, მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა, ქალებისთვის შრომის ბაზარი კვლავ ნაკლებად ხელშემწყობია. ეს კი სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას აღრმავებს და ქვეყნის განვითარებას აფერხებს.
სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების დასაქმების საკითხი არ არის მხოლოდ ახალგაზრდების პრობლემა – ეს არის საერთო გამოწვევა, რომელიც განათლების სისტემას, შრომის ბაზარს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას ეხება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენი ახალგაზრდა ახერხებს მუშაობის დაწყებას, არამედ რამდენად ხდება რეალურად მათ მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება ეკონომიკის სასარგებლოდ.