ანალიტიკა

აზერბაიჯანი–რუსეთი: ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკურ ჩრდილში 

2025 წლის ზაფხულს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაცილებით უფრო დაძაბული და არასტაბილური გახდა, ვიდრე ეს ბოლო წლების განმავლობაში

აზერბაიჯანი–რუსეთი: ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკურ ჩრდილში 

2025 წლის ზაფხულს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაცილებით უფრო დაძაბული და არასტაბილური გახდა, ვიდრე ეს ბოლო წლების განმავლობაში იყო. ფორმალურად, რუსეთი კვლავ რჩება აზერბაიჯანის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვაჭრობის 12% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ იტალიასა და თურქეთს ჩამოუვარდება, რაც ხაზს უსვამს რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნების ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 3%-ით მოიმატა და თანხობრივად 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. თუმცა, დეტალებში ჩახედვისას, იკვეთება აშკარა დისბალანსი: აზერბაიჯანი რუსეთისგან თითქმის ხუთჯერ მეტ საქონელს ყიდულობს, ვიდრე თავად აწვდის. მაგალითად, 2025 წლის დასაწყისში რუსეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტმა 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მაშინ როცა აზერბაიჯანული ექსპორტი რუსეთში მხოლოდ 234 მილიონი დოლარი იყო. ამასთან, რუსეთის წილი აზერბაიჯანის მთლიან იმპორტში ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 18%- შეადგენდა, ხოლო ექსპორტში მხოლოდ 4%-.

რუსეთიდან აზერბაიჯანში, ტრადიციულად, ძირითადად შედის საწვავი, ლითონები, ტექნიკა, სოფლის მეურნეობის ნედლეული და საკვები პროდუქტები, ასევე სატრანსპორტო საშუალებები და ხეტყე. თავის მხრივ, აზერბაიჯანი რუსეთში აგზავნის ძირითადად ხილს, ბოსტნეულს, პლასტმასას, ტექსტილსა და ბამბას.

ამ ეკონომიკური ურთიერთობების პარალელურად, ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის პოლიტიკური დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა. რუსეთში აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაკავებამ, ბაქოში რუსეთის მოქალაქეების დაკავებამ და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ მოქმედებებმა ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლა გამოიწვია. შედეგად, აზერბაიჯანმა დროებით შეაჩერა რუსეთთან თანამშრომლობა ეკონომიკის რამდენიმე მიმართულებით და რიგი ერთობლივი პროექტები შეჩერდა.

ამ მოვლენებმა ცხადყო, რამდენად მყიფეა ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი პოლიტიკური კონტექსტის ფონზე. მიუხედავად სტატისტიკურად მაღალი სავაჭრო ბრუნვისა, ქვეყნებს შორის კოორდინაცია და ნდობა მნიშვნელოვნად შესუსტებულია. სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში აქცენტი გადავა არა ახალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად მოახერხებენ მხარეები არსებული პოლიტიკური კონფლიქტების განმუხტვას ან სულ მცირე დროებით გაყინვას, რათა რეგიონული ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს.