Miu Miu-ის გაყიდვების ბუმი Prada-ს ფინანსურ წარმატებას განაპირობებს
იტალიურმა მოდის გიგანტმა Prada-მ გასული წლის განმავლობაში შემოსავლის მკვეთრი ზრდა დააფიქსირა, რაც მისმა პრემიუმ ბრენდმა Miu Miu-მ მნიშვნელოვნად შეუწყო

იტალიურმა მოდის გიგანტმა Prada-მ გასული წლის განმავლობაში შემოსავლის მკვეთრი ზრდა დააფიქსირა, რაც მისმა პრემიუმ ბრენდმა Miu Miu-მ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ძვირადღირებული მოდური პროდუქტების მიმართ მოთხოვნა მცირდება, Prada-მ ამ ტენდენციას თავი წარმატებით აარიდა.
2024 წელს Prada-ს შემოსავალი 5.43 მილიარდ ევროს (დაახლოებით $5.7 მილიარდი დოლარი) მიაღწია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიის შედეგები ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან შეფასებებით, შემოსავალი 5.37 მილიარდ ევროს არ უნდა გასცდენოდა.
კომპანიის წმინდა მოგება 25%-ით გაიზარდა და 839 მილიონ ევროს მიაღწია, რაც ასევე აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 812.6 მილიონ ევროს.
1993 წელს მიუჩია პრადას მიერ დაარსებულმა Miu Miu-მ გასულ წელს რეკორდული შედეგი აჩვენა. ბრენდის ორგანული ზრდა 93%-ს შეადგენს 2024 წლის მონაცემებით, ხოლო მხოლოდ მეოთხე კვარტალში Miu Miu-ს გაყიდვებმა 84%-ით მოიმატა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ბრენდის პოპულარობის ზრდა განსაკუთრებით იგრძნობა აზიის ბაზარზე, სადაც ახალგაზრდა მომხმარებლები აქტიურად ირჩევენ Miu Miu-ს მოდელებს. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ბევრ სხვა ლუქს–ბრენდს ჩინეთის ბაზარზე შემცირებული მოთხოვნა აწუხებს.
Prada-ს მთავარი ბრენდის საცალო გაყიდვებიც 2024 წლის ბოლო სამ თვეში 4%-ით გაიზარდა, რაც აჩვენებს, რომ მოდის სახლი დაღმასვლის ტენდენციას წარმატებით უმკლავდება.
კომპანია განიხილავს Capri Holdings-ისგან Versace-ს შეძენას, რომლის სავარაუდო ღირებულება 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც Prada-ს პოტენციურად კიდევ უფრო გააძლიერებს ლუქს–მარკეტში.
ამავდროულად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში Hermès, Cartier, Richemont და Burberry-მაც დადებითი შედეგები აჩვენეს ამერიკის ბაზარზე, რაც მიანიშნებს, რომ ლუქს–სექტორი კრიზისის შემდეგ აღდგენის გზას ადგას.
Prada აგრძელებს Miu Miu-ს წარმატების განმტკიცებას, რაც უკვე კომპანიის ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. თებერვალში ბრენდს ახალი CEO, სილვია ონოფრი ჩაუდგა სათავეში, რაც კომპანიის ხელმძღვანელობის ახალი სტრატეგიის ნაწილია.
ჰონგ–კონგის ბირჟაზე Prada-ს აქციები 0.3%-ით დაეცა და 68.30 ჰონგ–კონგურ დოლარად შეფასდა. კომპანიამ ასევე €0.164 დივიდენდი გამოაცხადა, რაც აქციონერებისთვის დამატებითი მოტივაციაა.
Miu Miu-ს წარმატება ნათლად აჩვენებს, რომ გონივრული სტრატეგიითაც შესაძლებელია მოდის ინდუსტრიაში კრიზისის დაძლევა. Prada-მ მოახერხა სწორი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, რაც მას საშუალებას აძლევს მომავალშიც განაგრძოს მდგრადი ზრდა