MIT Orbit-ს რეკომენდაცია: რატომ არის მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში საუკეთესო საწყისი ბაზარი B2B SaaS სტარტაპებისთვის
მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) უკვე მრავალი წელია საქართველოს ეკონომიკის მთავარი საყრდენია, თუმცა ციფრული ტრანსფორმაციის ტემპმა მათი საჭიროებები მკვეთრად

მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) უკვე მრავალი წელია საქართველოს ეკონომიკის მთავარი საყრდენია, თუმცა ციფრული ტრანსფორმაციის ტემპმა მათი საჭიროებები მკვეთრად შეცვალა. ქვეყანაში რეგისტრირებული 231 ათასზე მეტი მცირე ბიზნესი — რაც მთლიანი კომპანიების 78%-ს წარმოადგენს — არამხოლოდ დასაქმების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, არამედ ქმნის დიდ და ჯერ კიდევ ნაწილობრივ აუთვისებელ ბაზარს ციფრული გადაწყვეტილებებისთვის.
თუ მსხვილ კომპანიებს უკვე დანერგილი აქვთ რთული სისტემები, მცირე საწარმოები ეძებენ მარტივად გამოსაყენებელ, ხელმისაწვდომ და კონკრეტული სარგებლის მომტან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. სწორედ ასეთ მოთხოვნას პასუხობს SaaS (Software-as-a-Service) მოდელი, რომელიც ბიზნესს ბუღალტერიიდან მარკეტინგამდე, CRM-იდან ანალიტიკამდე ეფექტიან სერვისს სთავაზობს, მინიმალური დანახარჯით.
პანდემიის შემდეგ ციფრული აქტიურობა SME სეგმენტში გაიზარდა — ვებსაიტების გაუმჯობესება, ელექტრონული გადახდების დანერგვა, მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაცია — ეს ყველაფერი გახდა გადარჩენის საშუალება. თუმცა პროცესი ხშირად სტრატეგიის გარეშე მიმდინარეობს. აქ ჩნდება SaaS სტარტაპების სივრცე — ისეთი პროდუქტებით, რომლებიც იქნება მარტივი, მიზნობრივი და მორგებული კონკრეტულ საჭიროებებზე.
საქართველოში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო და დონორული პროგრამები დამატებით უწყობს ხელს ციფრულ ტრანსფორმაციას, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს დაბალი ციფრული წიგნიერება, შეზღუდული ფინანსური რესურსები და ციფრული სარგებლის მიმართ დაბალი ცნობიერება. ეს ნიშნავს, რომ სტარტაპმა მხოლოდ პროდუქტი კი არა, არამედ ნდობა, გამარტივებული დანერგვა და სასწავლო მხარდაჭერაც უნდა შესთავაზოს.
თუ შევადარებთ სხვა სეგმენტებს, მაგალითად, საჯარო სექტორს ან ჯანდაცვას, SME-ები ბევრად უფრო მოქნილები არიან ტექნოლოგიების დანერგვისას. მაშინ როდესაც სახელმწიფო შესყიდვები რთული ბიუროკრატიული პროცესებით ხასიათდება და ჯანდაცვაში მკაცრი რეგულაციებია საჭირო, მცირე ბიზნესი მზად არის სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ ხედავს ხელშესახებ სარგებელს.
მსოფლიო გამოცდილებაც ამას ადასტურებს — SaaS სტარტაპებისთვის საწყისი ბაზარი ხშირად სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებია ხოლმე, სადაც გადაწყვეტილებები მფლობელების დონეზე მიიღება და ცვლილებები უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
სწორედ ამ სტრუქტურული, ქცევითი და სტრატეგიული გარემოს გათვალისწინებით, BTUAI-ის კვლევა, რომელიც MIT Orbit-ის დისციპლინური მეწარმეობის ჩარჩოზეა დაფუძნებული, რეკომენდაციას აძლევს B2B SaaS სტარტაპებს ფოკუსირება მოახდინონ SME სეგმენტზე, როგორც საქართველოში ყველაზე პერსპექტიულ საწყის ბაზარზე. კვლევის დასახელებაა „B2B SaaS ეკოსისტემის ბაზრის ანალიზი სტარტაპის პერსპექტივიდან საქართველოში“ და სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.