AI-ის ფარული გამოყენება და მისი გავლენა სამუშაო გარემოზე
ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი საოცარი სისწრაფით განვითარდა და მისმა გენერაციულმა მოდელებმა, როგორიცაა ChatGPT, საყოველთაო გამოყენება ჰპოვა როგორც პირად,

ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი საოცარი სისწრაფით განვითარდა და მისმა გენერაციულმა მოდელებმა, როგორიცაა ChatGPT, საყოველთაო გამოყენება ჰპოვა როგორც პირად, ასევე პროფესიულ გარემოში. თუმცა, კომპანიებისა და ორგანიზაციების უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ აუწყობს ფეხს ამ ტექნოლოგიის გამოყენების მასშტაბურ ზრდას და მისი მართვის პოლიტიკას. ეს იწვევს ე.წ. „ფარულ გამოყენებას“ – როდესაც თანამშრომლები AI-ს იყენებენ სამუშაო პროცესში ისე, რომ ეს კომპანიის ხელმძღვანელობას არც კი იცის.
წარმოიდგინეთ ბანკის თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში წერილობითი კომუნიკაციისთვის იყენებს AI-ს, რადგან თვლის, რომ გენერაციული მოდელები უფრო ზუსტ და პროფესიონალურ ტექსტს წერენ, ვიდრე თვითონ შეძლებდა. ეს არა მხოლოდ მის სამუშაოს ამარტივებს, არამედ ეფექტურობასაც ზრდის. თუმცა, ამავდროულად, მისი ხელმძღვანელობა შესაძლოა არც კი იცნობდეს ამ პრაქტიკას და ვერც აკონტროლებდეს მონაცემთა უსაფრთხოებას.
მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა უკვე ფართოდ გავრცელდა. Deloitte-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში გამოკითხული მომხმარებლების 47%-მა გენერაციული AI პირადი საჭიროებებისთვის გამოიყენა, ხოლო 23%-მა – სამსახურში. ბევრმა თანამშრომელმა თავად შეიძინა ეს მოდელები და იყენებს მათ ყოველდღიურ მუშაობაში, ხშირად ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე.
AI-ს ჩუმად და უკონტროლოდ გამოყენებას კომპანიებში ბევრი პოტენციური რისკი ახლავს. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე არაზუსტი და დეზინფორმაციული შინაარსის გავრცელებაა. თუ თანამშრომლები AI-ს მონაცემთა გადამოწმების გარეშე იყენებენ, შესაძლოა დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელდეს როგორც შიდა კომუნიკაციაში, ასევე მომხმარებლებთან ურთიერთობაში. მაგალითად, Deloitte-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70%-მა განაცხადა, რომ ენდობიან AI-ს მიერ გენერირებულ ახალ ამბებს, თუმცა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Factal დაადგინა, რომ AI-ინსტრუმენტები ხშირად არასწორად ამუშავებენ ფაქტებს და ტოვებენ მნიშვნელოვან დეტალებს.
გარდა ამისა, არსებობს კონფიდენციალურობისა და კიბერუსაფრთხოების რისკი. თუ თანამშრომლები AI-ს კომპანიაში არაოფიციალურად იყენებენ, შესაძლოა სისტემაში დაუცველი მონაცემები მოხვდეს. ეს განსაკუთრებით სენსიტიურია ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ფინანსები, იურიდიული სექტორი და ჯანდაცვა, სადაც მონაცემთა დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ მკაფიო წესები და გაიდლაინები AI-ს გამოყენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია უკვე ცდილობს ამის გაკეთებას, Deloitte-ის კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების 23%-ს საერთოდ არ აქვს AI-ის გამოყენების პოლიტიკა. ეს კი ნიშნავს, რომ თანამშრომლებს სრული თავისუფლება აქვთ მის გამოყენებაში, რაც ზრდის როგორც პროდუქტიულობის, ასევე შეცდომებისა და მონაცემთა გაჟონვის რისკს.
AI-ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციამ შეცვალა არა მხოლოდ სამუშაო გარემო, არამედ პირადი კომუნიკაციაც. დღეს ბევრი ადამიანი იყენებს AI-ს მეგობრებთან, ოჯახთან და კოლეგებთან კომუნიკაციისთვის. ზოგისთვის ეს კომფორტული და მოსახერხებელია, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ პირადი კომუნიკაციის ამგვარი ავტომატიზაცია ადამიანურ ურთიერთობებს ასუსტებს.
როგორც ჩანს, გენერაციული AI სულ უფრო ღრმად იჭრება როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ის ზრდის პროდუქტიულობას და ამარტივებს ყოველდღიურ ამოცანებს, მისი უკონტროლო გამოყენება გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. კომპანიებმა უნდა იპოვონ ბალანსი AI-ის სარგებელსა და მის პოტენციურ საფრთხეებს შორის.
თუ კომპანიები დროულად არ შეიმუშავებენ AI-ის გამოყენების მკაფიო პოლიტიკას, ჩრდილოვანი გამოყენება უფრო დიდ პრობლემად გადაიქცევა, რაც გავლენას მოახდენს მონაცემთა უსაფრთხოებაზე, სამუშაო პროცესის გამჭვირვალობაზე და მომხმარებელთა ნდობაზე.
საბოლოოდ, რაც უფრო მეტი კომპანია განსაზღვრავს მკაფიო წესებს AI-ის გამოყენებისთვის, მით უფრო ეფექტურად შეძლებენ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას პროდუქტიულობის ზრდისთვის, ხოლო მომხმარებლები მიიღებენ უფრო უსაფრთხო და სანდო მომსახურებას.