AI-ინვესტიციების ახალი ეტაპი – Microsoft-ის და Meta-ს პასუხი ჩინეთის გამოწვევაზე
ტექნოლოგიური სამყაროს გიგანტები Microsoft და Meta არ აპირებენ უკან დახევას ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებაში ინვესტირების კუთხით, მიუხედავად ჩინური კომპანია

ტექნოლოგიური სამყაროს გიგანტები Microsoft და Meta არ აპირებენ უკან დახევას ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებაში ინვესტირების კუთხით, მიუხედავად ჩინური კომპანია DeepSeek-ის მოულოდნელი წარმატებისა, რომელმაც შედარებით მცირე ხარჯებით შეძლო მოწინავე AI მოდელის შექმნა.
Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა და Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ადასტურებენ, რომ DeepSeek-მა რეალურად წარმოადგინა მნიშვნელოვნად ინოვაციური პროდუქტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკული კომპანიების უზარმაზარი კაპიტალდაბანდება AI-ს განვითარებაში უაზროა. მათი თქმით, ეს ტექნოლოგიური ევოლუციის ნაწილია და AI-ის უფრო ფართო და ხელმისაწვდომი გამოყენების საშუალებას მისცემს.
Microsoft-მა ბოლო კვარტალში გაყიდვების 12%-იანი ზრდა დააფიქსირა, თუმცა მისი ღრუბლოვანი სერვისების მიმართულებით მოლოდინებზე დაბალი შედეგები ჰქონდა. კომპანია უკვე გეგმავს 80 მილიარდი დოლარის დახარჯვას AI მონაცემთა ცენტრების გაფართოებაზე მიმდინარე ფინანსურ წელს და ინვესტიციები მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით.
AI-ის განვითარება ფინანსურ და ტექნოლოგიურ სამყაროში იგივე პროცესია, რაც იყო კომპიუტერული ინდუსტრიის ევოლუცია: მთავარი გამოწვევაა ხარჯების შემცირება და ეფექტიანობის გაზრდა. როცა რესურსის ფასი მცირდება, მისი მოხმარება იზრდება. შესაბამისად, Microsoft ფიქრობს, რომ AI-ის დაბალი ხარჯი კიდევ უფრო გაზრდის მის გამოყენებას და მოთხოვნას.
Meta-ს ფინანსურმა შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანია უფრო გაბედულად აბანდებს AI ინფრასტრუქტურაში, რაც გამოიხატება 60-65 მილიარდი დოლარის კაპიტალურ ინვესტიციაში – რაც 70%-ით მეტია ანალიტიკოსების პროგნოზებზე. ცუკერბერგის აზრით, სწორედ AI-ის მასშტაბური ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს გამარჯვებულს ტექნოლოგიურ რბოლაში.
ცუკერბერგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ AI-ის მომავალი სწორედ პერსონალიზაციაშია. მისი თქმით, მომხმარებლები არ მოითხოვენ ერთგვაროვან AI-ს, არამედ უნდათ ისეთი ინტელექტუალური სისტემები, რომლებიც მათ ინტერესებს, კულტურას და მენტალობას მოერგება.
DeepSeek-ის წარმატებამ მნიშვნელოვანი დისკუსია გამოიწვია AI განვითარების ხარჯების აუცილებლობაზე. ჩინურმა კომპანიამ დაამტკიცა, რომ დიდი AI მოდელის შექმნა არ მოითხოვს მხოლოდ უზარმაზარ კაპიტალსა და მაღალტექნოლოგიურ ჩიპებს. თუმცა, Microsoft და Meta ამას ტექნოლოგიურ პროგრესად აღიქვამენ და არა საფრთხედ.
ზოგიერთი ინვესტორი შეშფოთებულია იმით, რომ DeepSeek-ის მიდგომამ შესაძლოა შეცვალოს AI-ის განვითარების დინამიკა და გააუფასუროს მასიური ინვესტიციების საჭიროება. თუმცა, ნადელა და ცუკერბერგი ფიქრობენ, რომ AI-ის განვითარება არ გაჩერდება და ტექნოლოგიის ღირებულების შემცირებამ შესაძლოა მისი მასობრივი დანერგვა გამოიწვიოს.
მთავარი კითხვა ის არის, შეძლებენ თუ არა ტექნოლოგიური გიგანტები ინვესტიციების გაგრძელებით ისეთი AI ეკოსისტემის შექმნას, რომელიც არა მხოლოდ ინოვაციურია, არამედ კომერციულად მდგრადიც. Microsoft-ისა და Meta-ს ამჟამინდელი მიდგომა მიუთითებს, რომ ისინი მზად არიან გააგრძელონ თავიანთი კურსი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოთამაშეები ბაზარზე ხელმისაწვდომ AI მოდელებს ნერგავენ.
გამოყებულია – wsj.com-ს წყაროები