როგორ იქცევა ეკონომიკა AI აგენტურ სისტემად?
მთავარი ეკონომიკაში მილიონობით ადამიანი შეიძლება ყოველდღიურად იყენებდეს AI-ს და ეკონომიკა მაინც არ იყოს აგენტური. კომპანიებს შესაძლოა ჰყავდეთ გაყიდვების, ფინანსების,
მთავარი
ეკონომიკაში მილიონობით ადამიანი შეიძლება ყოველდღიურად იყენებდეს AI-ს და ეკონომიკა მაინც არ იყოს აგენტური. კომპანიებს შესაძლოა ჰყავდეთ გაყიდვების, ფინანსების, კვლევის, შესყიდვების და მომხმარებელთა მომსახურების აგენტები; მოქალაქეები AI-ს იყენებდნენ სამუშაოში, მოგზაურობაში ან პროდუქტების არჩევისას; სახელმწიფო ორგანიზაციებიც ნელ–ნელა ამატებდნენ ხელოვნურ ინტელექტს საკუთარ სერვისებს – მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ცალკეული ციფრული კუნძულების ერთობლიობა იყოს. ეკონომიკური სისტემის ძირითადი არქიტექტურა ამ დროს უცვლელი რჩება: ადამიანები იწყებენ ტრანზაქციებს, ადამიანებს გადააქვთ ინფორმაცია ორგანიზაციებს შორის, ადამიანები ამოწმებენ უფლებამოსილებას, ერთმანეთს უთანხმებენ პირობებს და სხვადასხვა ციფრულ სისტემას ხელით აკავშირებენ.
ეკონომიკა AI აგენტურ სისტემად უფრო გვიან ეტაპზე იწყებს გარდაქმნას მაშინ, როდესაც ეს ცალკეული აგენტები ერთმანეთს ხვდებიან. კომპანიის შესყიდვების აგენტი უკავშირდება მომწოდებლის გაყიდვების სისტემას; მომხმარებლის პირადი აგენტი სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებებს დამოუკიდებლად ამუშავებს; ციფრული იდენტობის სისტემა ადასტურებს, ვისი სახელით მოქმედებს კონკრეტული აგენტი; გადახდის ინფრასტრუქტურა ამოწმებს, რა თანხის ფარგლებში აქვს მას ოპერაციის შესრულების უფლება; შესაბამისობის სისტემა აფასებს წესებს; ხოლო უჩვეულო ან მაღალი რისკის შემთხვევაში პროცესი ადამიანს უბრუნდება. ამ დროს AI აღარ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანის ან ორგანიზაციის პროდუქტიულობის ინსტრუმენტი. ის ეკონომიკურ ქსელში მოქმედების მონაწილედ იქცევა.
BTU-ს AI აგენტური ეკონომიკის კვლევითი ჩარჩოს მთავარი განსხვავებაც სწორედ აქ არის. აგენტური ეკონომიკა არ განისაზღვრება იმით, რამდენი AI მოდელი ან აგენტი არსებობს ქვეყანაში. გადამწყვეტია, იწყებს თუ არა ეკონომიკური მოქმედება განაწილებას ადამიანებს, პროგრამულ აგენტებს, რობოტებსა და ციფრულ პროტოკოლებს შორის. ეკონომიკა სისტემურად აგენტური ხდება მაშინ, როდესაც ეს მონაწილეები ერთმანეთთან უკვე არა შემთხვევით, არამედ საერთო ტექნიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური წესებით ურთიერთობენ.
ამიტომ გარდაქმნის მთავარი კითხვა არ არის მხოლოდ „რამდენად გავრცელდა AI?“. უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა: შეუძლია თუ არა ეკონომიკას უსაფრთხოდ დაუშვას მანქანური მოქმედება ადამიანისა და ორგანიზაციის სახელით იდენტობის, უფლებამოსილების, გადახდის, პასუხისმგებლობის, აუდიტისა და ადამიანის საბოლოო კონტროლის დაკარგვის გარეშე?
პირველი ეტაპი: აგენტები ცალკეულ კომპანიებში ჩნდებიან
აგენტური ეკონომიკის დასაწყისი ყველაზე ბუნებრივად კომპანიების შიგნით ჩანს. ორგანიზაციები პირველად AI-ს იყენებენ ინფორმაციის მოძიებისთვის, წერილების მოსამზადებლად, მონაცემების გასაანალიზებლად და ანგარიშების შესაჯამებლად. შემდეგ იგივე სისტემებს უფრო მუდმივი როლები ეძლევა: ფინანსური აგენტი ყოველდღიურად ამოწმებს ხარჯებს, გაყიდვების აგენტი მომხმარებლის აქტივობას აკვირდება, მარაგების აგენტი დეფიციტს პროგნოზირებს, შესყიდვების აგენტი მომწოდებლებს ადარებს. ამ ეტაპზე ეკონომიკაში აგენტები უკვე არსებობენ, მაგრამ ისინი ძირითადად საკუთარი კომპანიის საზღვრებში მოქმედებენ.
შემდეგი ნაბიჯი ორგანიზაციის შიგნით სამუშაო პროცესის ცვლილებაა. თუ გაყიდვების აგენტის მიერ აღმოჩენილი მოთხოვნის ზრდა ავტომატურად გადადის მარაგების სისტემაში, იქიდან შესყიდვების აგენტთან, შემდეგ ფინანსურ შემოწმებაზე და მხოლოდ მაღალი რისკის შემთხვევაში – მენეჯერთან, კომპანიის შიგნით ეკონომიკური მოქმედების ნაწილი უკვე ადამიანებისა და აგენტების ერთობლივ ჯაჭვად იქცევა. სწორედ ეს არის ის ეტაპი, რომელიც ცალკეული AI გამოყენებისგან აგენტურ ორგანიზაციას განასხვავებს.
მაგრამ მთელი ეკონომიკა ჯერ კიდევ არ შეცვლილა. ერთ კომპანიაში მოქმედი ფინანსური აგენტი, მეორეში მოქმედი შესყიდვების აგენტი და მოქალაქის პირადი AI შეიძლება ერთმანეთისთვის სრულიად „უხილავი“ დარჩეს. მათ შეიძლება არ ჰქონდეთ საერთო იდენტობა, უფლებამოსილების ენა, მონაცემთა ფორმატი ან ტრანზაქციის შესრულების გზა. ასეთ გარემოში გვაქვს ბევრი ჭკვიანი სისტემა, მაგრამ ჯერ არა ერთი აგენტური ეკონომიკური სისტემა.
ეკონომიკის უფრო ღრმა გარდაქმნა იწყება მაშინ, როდესაც კომპანიის შიდა აგენტურობა მის საზღვრებს სცდება.
მეორე ეტაპი: აგენტები კომპანიის საზღვრებს ცდებიან
ტრადიციულ ეკონომიკაში კომპანიებს შორის ურთიერთობა ხშირად ადამიანური ინტერფეისებით იწყება. ზოგიერი მათგანი წერს წერილს, ითხოვს შეთავაზებას, აგზავნის დოკუმენტს, ამოწმებს ფასს, ათანხმებს ხელშეკრულებას, ინვოისს ფინანსურ გუნდს გადასცემს და ბოლოს გადახდა სრულდება. ციფრულმა პლატფორმებმა ამ ნაბიჯების ნაწილი უკვე გაამარტივა, მაგრამ მოქმედების ინიციატორი და კოორდინატორი უმეტეს შემთხვევაში კვლავ ადამიანია.
აგენტურ სისტემაში ეს საზღვარი თანდათან იცვლება. წარმოიდგინეთ მცირე ქართული სასტუმრო, რომლის შემოსავლების აგენტი ხედავს, რომ მომდევნო კვირისთვის თავისუფალი ოთახები მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ის აანალიზებს ფასებს, მაგრამ მხოლოდ საკუთარ მონაცემებში არ რჩება; განსაზღვრული წესის ფარგლებში აგზავნის მანქანურად წაკითხვად შეთავაზებებს სხვადასხვა გაყიდვის არხში. მომხმარებლის მოგზაურობის აგენტი, თავის მხრივ, ამ შეთავაზებებს სხვა სასტუმროების პირობებთან ადარებს, ამოწმებს გაუქმების პოლიტიკას, მდებარეობას, მომხმარებლის ბიუჯეტს და წარსულ პრეფერენციებს. ორი მხარის პროგრამული სისტემები ერთ ეკონომიკურ პროცესში ხვდებიან, ხოლო ადამიანი პროცესში იმ ეტაპზე ერთვება, რომელსაც მისთვის რეალური მნიშვნელობა აქვს.
მსგავსმა ურთიერთქმედებამ შესყიდვებში, ლოგისტიკაში, ფინანსებში, დაზღვევაში, ტურიზმსა და ონლაინ ვაჭრობაში შეიძლება ეკონომიკური კოორდინაციის ხარჯის ნაწილი შეამციროს. მაგრამ სწორედ ამ მომენტიდან ჩნდება გაცილებით რთული პრობლემებიც. როგორ იცის მომწოდებელმა, რომ მოთხოვნის გამომგზავნი აგენტი რეალურად კონკრეტული კომპანიის სახელით მოქმედებს? საიდან იცის აგენტმა, რა თანხის დახარჯვის უფლება აქვს? როგორ ვადასტურებთ, რომ შეთავაზება არ შეცვლილა? ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა, თუ ერთი აგენტი მეორის მოთხოვნას არასწორად გაიგებს?
სწორედ ამიტომ ეკონომიკის აგენტურ სისტემად გარდაქმნა მხოლოდ უფრო ძლიერი მოდელების შექმნას არ ნიშნავს. მას სჭირდება ინფრასტრუქტურა, რომელიც პროგრამულ მოქმედებას ეკონომიკურად სანდოს გახდის.
მესამე ეტაპი: იდენტობა და უფლებამოსილება ეკონომიკური ინფრასტრუქტურა ხდება
ადამიანურ ეკონომიკაში ჩვენ ხშირად ბუნებრივად ვიღებთ იმას, რომ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. კომპანიას აქვს იურიდიული სახელი, ბანკში ანგარიშის გახსნას იდენტიფიკაცია სჭირდება, ხელშეკრულებას უფლებამოსილი ადამიანი აწერს ხელს, თანამშრომელს კი ორგანიზაციაში კონკრეტული როლი აქვს. ციფრულ აგენტურ ეკონომიკაში ამ არსებული ინსტიტუტების პროგრამულად წაკითხვადი ანალოგი უნდა გაჩნდეს.
აგენტს არ უნდა შეეძლოს უბრალოდ განაცხადოს, რომ იგი კონკრეტული კომპანიის სახელით მოქმედებს. მეორე მხარემ უნდა შეძლოს მისი იდენტობის, მფლობელის, მანდატის და უფლებამოსილების შემოწმება. კომპანიის ფინანსურ აგენტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ხარჯების ანალიზის უფლება, ხოლო შესყიდვების აგენტს – დამტკიცებულ მომწოდებელთან 1,000 ლარამდე ოპერაციის მომზადების შესაძლებლობა. სხვა მოქმედებისთვის მას ადამიანის თანხმობა უნდა დასჭირდეს. ეკონომიკურ ქსელს უნდა შეეძლოს ამ განსხვავების დანახვა.
ეს პრობლემა უკვე იმდენად პრაქტიკულია, რომ “NIST”-მა 2026 წელს “AI Agent Standards Initiative” დაიწყო და მის მთავარ მიმართულებებში თავსებადობასთან ერთად აგენტების უსაფრთხოება, იდენტობა და ავტორიზაციის ინფრასტრუქტურაც გამოყო. ”NIST”-ის მიდგომაში აგენტების ფართო ეკონომიკური გამოყენების ერთ–ერთ წინაპირობად სწორედ ის ითვლება, რომ სისტემებმა უსაფრთხოდ იმოქმედონ მომხმარებლის სახელით და ერთმანეთთან თავსებადი გზით ითანამშრომლონ.
ეს თითქოს კიბერუსაფრთხოების საკითხია, მაგრამ ეკონომიკური მნიშვნელობა უფრო ფართოა. სანდო იდენტობისა და უფლებამოსილების გარეშე აგენტური ტრანზაქციის ხარჯი მაღალი დარჩება, რადგან ადამიანებს კვლავ მოუწევთ ყველა ნაბიჯის ხელით გადამოწმება. იმ მომენტში, როდესაც იდენტობა და მანდატი ავტომატურად შემოწმებადი ხდება, პროგრამულ აგენტებს შორის ურთიერთქმედება პირველად შეიძლება რეალურად მასშტაბური გახდეს.
სხვა სიტყვებით, აგენტური ეკონომიკისთვის ციფრული იდენტობა მხოლოდ პიროვნების ონლაინ დადასტურების საშუალება აღარ არის. იგი ხდება პასუხი კითხვაზე: ვინ ან რა მოქმედებს, ვისი სახელით და რის ფარგლებში?
მეოთხე ეტაპი: გადახდა მხოლოდ ღილაკი აღარ არის
სანამ აგენტს შეუძლია მხოლოდ პროდუქტის მოძიება, ან შეთავაზების შედარება, ეკონომიკური რისკი შედარებით შეზღუდულია. ტრანზაქციის დასრულებისთვის კვლავ ადამიანია საჭირო. აგენტური ეკონომიკა უფრო ღრმა ფაზაში შედის მაშინ, როდესაც პროგრამულ სისტემას შეუძლია გარკვეული ფინანსური მოქმედების მომზადება, ან შესრულება წინასწარ განსაზღვრული მანდატის ფარგლებში.
აქ საკითხი აღარ არის უბრალოდ ის, შეუძლია თუ არა პროგრამას “API”-ის საშუალებით თანხის გადარიცხვის ინიცირება. გაცილებით მნიშვნელოვანია, რა წესით ხდება ეს. აქვს თუ არა აგენტს კონკრეტული ბიუჯეტი? რომელ მიმღებებთან შეუძლია გადახდა? რა შემთხვევაში მოითხოვება დამატებითი დამტკიცება? შეიძლება თუ არა ოპერაციის უკან დაბრუნება? როგორ ინახება ჩანაწერი და რა ხდება მაშინ, როდესაც ფასი, ან პირობა მანდატის მიღების შემდეგ შეიცვალა?
BTU-ს აგენტური ეკონომიკის კვლევითი ჩარჩო ავტონომიურ გადახდას სწორედ ეკონომიკური მანდატის გაგრძელებად განიხილავს. აგენტს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური წვდომა საბანკო ან საგადახდო ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ეს წვდომა არ უნდა გადაიქცეს შეუზღუდავ ეკონომიკურ თავისუფლებად. გადახდის უფლება უნდა იყოს თანხით, კონტექსტით, მიმღებით, მიზნობრიობითა და რისკით შეზღუდული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კვლავ ადამიანს დაუბრუნდეს.
როცა მსგავსი წესები მასშტაბურად მუშაობს, ეკონომიკური პროცესი მნიშვნელოვნად იცვლება. შეკვეთა, შესაბამისობის შემოწმება, ინვოისი და გადახდის მომზადება ერთ ციფრულ ჯაჭვად შეიძლება გაერთიანდეს. მაგრამ იგივე ცვლილება ზრდის მოთხოვნას აუდიტზე, კიბერუსაფრთხოებაზე და აღდგენადობაზე. სწრაფი ავტომატური გადახდა ეკონომიკური უპირატესობაა მხოლოდ მაშინ, როდესაც შეცდომის, თაღლითობის ან არასწორი მანდატის შემთხვევაში სისტემა ასევე სწრაფად ამჩნევს პრობლემას და შეუძლია მოქმედების შეჩერება.
მეხუთე ეტაპი: ბაზარი პროგრამულად შესრულებად გარემოდ იქცევა
კლასიკური ბაზარი დიდწილად ფასისა და არჩევანის მექანიზმად წარმოგვიდგენია. პლატფორმულმა ეკონომიკამ ამ სურათს შუამავალი დაუმატა: ონლაინ პლატფორმა ადგენს, როგორ ხვდებიან მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს, როგორ ხდება ძიება, შეფასება და გადახდა. აგენტურ ეკონომიკაში ამ შუამავლობას კიდევ ერთი ფენა ემატება – პროტოკოლი, ანუ წესების სისტემა, რომლის მიხედვითაც ციფრულ მონაწილეებს მოქმედება შეუძლიათ.
თუ მომხმარებლის აგენტს სასტუმროს დაჯავშნა უნდა, საკმარისი არ არის იცოდეს სასტუმროს სახელი და ფასი. მან უნდა გაიგოს მონაცემების ფორმატი, პირობები, გაუქმების წესი, უფლებამოსილების ფორმა, გადახდის მექანიზმი და დადასტურების სტანდარტი. თუ მომწოდებლის სისტემაც ამავე მონაცემებს ამუშავებს, ურთიერთქმედების დიდი ნაწილი ადამიანური შუამავლობის გარეშე შეიძლება შესრულდეს. ბაზრის გარკვეული ნაწილი ამ დროს ტექსტური აღწერილობიდან პროგრამულად შესრულებად წესებად გადადის.
BTU-ს კვლევითი ჩარჩო ასეთ გარემოს პროტოკოლით შუამავლობით ბაზრად განიხილავს. პროტოკოლი აქ უბრალოდ ტექნიკური კავშირი არ არის. მას შეუძლია განსაზღვროს, ვინ შედის ბაზარზე, რა ინფორმაციას ხედავს, როგორ ხდება შეთავაზებების შედარება, რომელ ოპერაციას აქვს უფლება შესრულდეს და როგორ დასტურდება შედეგი. ამიტომ იგი თანდათან ინსტიტუციური წესის ფუნქციასაც იძენს.
ეს შესაძლებლობა დიდ ეფექტიანობას ქმნის, მაგრამ მასთან ერთად ჩნდება ახალი ეკონომიკური ძალაუფლებაც. თუ ერთი დახურული პროტოკოლი განსაზღვრავს, რომელი კომპანიები არიან ხელმისაწვდომი მომხმარებლის აგენტისთვის, რა მონაცემი შეუძლია მათგან მიიღოს და როგორ ალაგებს შეთავაზებებს, ბაზარზე შეიძლება ასობით გამყიდველი არსებობდეს და რეალური კარიბჭე მაინც ერთ ტექნიკურ სისტემაში იყოს კონცენტრირებული.
ამიტომ აგენტური ეკონომიკისთვის თავსებადობა – სხვადასხვა აგენტისა და სისტემის რეალური თავსებადობა – არა მხოლოდ პროგრამისტების კომფორტის საკითხია; იგი კონკურენციის საკითხიც ხდება.
მეექვსე ეტაპი: ნდობა რეპუტაციიდან შემოწმებადობაზე გადადის
ადამიანებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაში ნდობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ვენდობით ბრენდს, ბანკს, იურისტს, მომწოდებელს ან სახელმწიფო ინსტიტუტს. მაგრამ როცა ერთ ტრანზაქციაში რამდენიმე პროგრამული აგენტი, პროტოკოლი და ავტომატური გადაწყვეტილება ერთვება, მარტო რეპუტაცია საკმარისი აღარ არის.
კომპანიას უნდა შეეძლოს ზუსტად აღადგინოს, რა მოხდა. რა მიზანი მიიღო აგენტმა? რა მანდატით მოქმედებდა? რა მონაცემი გამოიყენა? რომელ სხვა სისტემას დაუკავშირდა? რა თანხის ფარგლებში იყო უფლებამოსილი? სად მოხდა ადამიანის მიერ დადასტურება? და რა შეიცვალა ოპერაციის შესრულების შემდეგ?
ამ პირობებში ნდობა უფრო მეტად შემოწმებად ნდობად იქცევა. სისტემა სანდო მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ცნობილი კომპანიის მიერ არის შექმნილი. მას უნდა შეეძლოს მოქმედების კვალი დატოვოს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები აღადგინოს, გაურკვევლობისას გაჩერდეს და საჭიროების შემთხვევაში მოქმედება უკან დააბრუნოს, ან ადამიანს გადასცეს.
BTU-ს კვლევით ჩარჩოში აუდიტირებადობა სწორედ ამიტომ პროდუქტიული ინფრასტრუქტურის ნაწილია და არა მხოლოდ კონტროლის ხარჯი. თუ ბიზნესი სისტემას ვერ ენდობა იმდენად, რომ მას მნიშვნელოვანი მოქმედება გადასცეს, აგენტების ეკონომიკური სარგებელი შეზღუდული დარჩება. აუდიტირებადობა ამ ნდობის ფასს ამცირებს.
თანამედროვე აგენტური ინსტრუმენტები უკვე მოიცავს მოქმედებების ისტორიას, დამცავ მექანიზმებს, გადაცემებს და შეფასებას, რაც ცალკეული აგენტების მიღმა მთელი მოქმედების გზის ხილვადობას ზრდის.
მეშვიდე ეტაპი: ფიზიკური ეკონომიკაც უერთდება სისტემას
ეკონომიკა მხოლოდ ციფრული ტრანზაქციებისგან არ შედგება. რაღაც ეტაპზე პროდუქტი უნდა დამზადდეს, საწყობში გადაადგილდეს, მანქანით გადაიზიდოს, ენერგია გამოიმუშაოს, ან ფიზიკურ მომხმარებლამდე მივიდეს. ამიტომ სრულფასოვანი აგენტური ეკონომიკის შექმნა მხოლოდ პროგრამული აგენტების გავრცელებით ვერ დასრულდება.
როდესაც პროგრამული გადაწყვეტილება რობოტულ ან სხვა ავტომატიზებულ ფიზიკურ სისტემას უკავშირდება, ციფრულ მოქმედებას რეალურ სამყაროში გაგრძელება ეძლევა. საწყობის აგენტი ხედავს დეფიციტს, შესყიდვების აგენტი ამზადებს შეკვეთას, ლოჯისტიკური აგენტი მარშრუტს განსაზღვრავს, ხოლო ავტომატიზებული საწყობის სისტემა პროდუქტის რეალურ გადაადგილებას ასრულებს. საწარმოო გარემოში მსგავსი ჯაჭვი შეიძლება მანქანებს, სენსორებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასაც უკავშირდებოდეს.
აქ განსაკუთრებით მკაფიო ხდება, რატომ განიხილავს BTU-ს აგენტური ეკონომიკის ჩარჩო ეკონომიკას ადამიანების, პროგრამული აგენტების, რობოტებისა და პროტოკოლების ერთობლიობად. პროგრამული მოქმედება საბოლოო ეკონომიკურ ეფექტს მხოლოდ მაშინ ჰქმნის, როდესაც საჭიროების შემთხვევაში მატერიალურ ინფრასტრუქტურასაც უკავშირდება.
ამავდროულად ფიზიკურ სამყაროში შეცდომის ფასი გაცილებით მაღალი შეიძლება იყოს. არასწორი ტექსტის გამოსწორება მარტივია; არასწორად განხორციელებული ლოჯისტიკური, სამრეწველო ან ენერგეტიკული მოქმედების გამოსწორება – გაცილებით რთული. ამიტომ ავტონომიის ზრდასთან ერთად იზრდება რისკზე დაფუძნებული შეზღუდვების, ადამიანის ჩარევის და უსაფრთხო შეჩერების მნიშვნელობაც.
მერვე ეტაპი: სახელმწიფოც ეკონომიკური სისტემის არქიტექტურის ნაწილი ხდება
აგენტური ეკონომიკის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო მხოლოდ AI-ის მარეგულირებელი ვეღარ იქნება. მას ერთდროულად რამდენიმე როლი უჩნდება. სახელმწიფო თავად შეიძლება იყენებდეს აგენტებს საჯარო სერვისების, ადმინისტრირების, მონიტორინგის, ან ინფორმაციის დამუშავებისას; ამავე დროს მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ისეთ საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ციფრული იდენტობა, გადახდები, მონაცემთა სტანდარტები, კიბერუსაფრთხოება, საჯარო რეესტრები და სისტემებს შორის თავსებადობის წესები.
BTU-ს აგენტური ეკონომიკის კვლევითი ჩარჩო სახელმწიფოს როლს ამიტომ „რეგულირების“ ვიწრო ფუნქციაზე ფართოდ უყურებს. სახელმწიფო შეიძლება იყოს წესების არქიტექტორი, შემოწმებადი ნდობის გარანტორი, პროტოკოლური ძალაუფლების ზედამხედველი და გარკვეულ კრიტიკულ სფეროებში – ბოლო ინსტანციის შეჩერების უფლებამოსილი. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავად უნდა მართავდეს ყველა აგენტს ან ეკონომიკურ პლატფორმას. პირიქით, ზედმეტმა ცენტრალიზაციამ ახალი მონოპოლიური პრობლემა შეიძლება შექმნას. მაგრამ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ის ფენები, რომლებზეც ბევრი კერძო აგენტი იქნება დამოკიდებული, საჯარო ინტერესის საკითხი ხდება.
“NIST”-ის 2026 წლის ინიციატივაც ზუსტად ამ გადასვლის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ასახავს: მასშტაბური აგენტური ეკოსისტემისთვის საჭიროა არა მხოლოდ ძლიერი მოდელები, არამედ სტანდარტები, ღია პროტოკოლები, იდენტობა, ავტორიზაცია და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, რათა აგენტებმა ერთმანეთთან და ციფრულ რესურსებთან სანდოდ იმუშაონ.
ევროპის “AI Act”-ის მოქმედი ჩარჩოც რისკის მიხედვით განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებს და შესაბამისი მაღალი რისკის სისტემებისთვის ლოგირებას, მიკვლევადობასა და შესაბამის ადამიანური ზედამხედველობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეკონომიკის აგენტურ სისტემად გარდაქმნისას მსგავსი პრინციპები ცალკეული AI პროდუქტის რეგულირებიდან თანდათან მთელი მოქმედების ქსელის მართვისკენ გადაადგილდება.
სრულ აგენტურ სისტემაში იცვლება არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ ეკონომიკური როლებიც
როდესაც ზემოთ აღწერილი ფენები ერთმანეთს უკავშირდება, ცვლილება შრომის ბაზარზეც უფრო ხელშესახები ხდება. ადამიანების ნაწილი ნაკლებად იქნება დაკავებული ინფორმაციების ხელით გადატანით, სტანდარტული დამტკიცებების დევნითა და ერთმანეთთან შეუთავსებელი სისტემების კოორდინაციით. სამაგიეროდ იზრდება მოთხოვნა იმ სამუშაოზე, რომელიც აგენტურ სისტემას აწყობს და აკონტროლებს: პროცესის დიზაინზე, აგენტების ორკესტრირებაზე, ცოდნის მართვაზე, აუდიტზე, რთულ გამონაკლისებზე, ადამიანურ ურთიერთობაზე და საბოლოო განსჯაზე.
BTU-ს კვლევითი ჩარჩო ამ ცვლილებაში რამდენიმე ახალი ტიპის შრომას გამოყოფს, მათ შორის კოორდინაციის, აუდიტის, ორკესტრირების და სუვერენული განსჯის ფუნქციებს. მთავარი აზრი ის არის, რომ ეკონომიკის აგენტურ სისტემად გარდაქმნა მხოლოდ იმაზე არ იქნება დამოკიდებული, რამდენ დავალებას შეასრულებს AI. ასევე მნიშვნელოვანი გახდება, რა რჩება ადამიანურ სამუშაოდ იმიტომ, რომ სწორედ იქ არის ღირებული: პასუხისმგებლობა, სოციალური ნდობა, მოლაპარაკება, ღირებულებითი არჩევანი, ან რთული კონტექსტის გაგება.
კაპიტალიც იცვლება. კომპანიას მხოლოდ მოდელი ან პროგრამა არ სჭირდება. პროდუქტიული შესაძლებლობა იქმნება მოდელის, მონაცემის, ცოდნის, ინსტრუმენტებზე წვდომის, პროტოკოლების, აუდიტის და ადამიანური კონტროლის ერთობლიობით. ეს აგენტური კაპიტალი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში განსხვავებული ხარისხით იქნება განვითარებული და სწორედ მისი სუსტი რგოლი შეიძლება გახდეს მთლიანი სისტემის შესაძლებლობის ზღვარი.
ამიტომ აგენტური ეკონომიკა არ არის სისტემა, სადაც „AI ყველაფერს აკეთებს“. უფრო ზუსტი აღწერა ასეთია: ეს არის ეკონომიკა, სადაც მოქმედება ფართოდ ნაწილდება, ხოლო ადამიანური პასუხისმგებლობისა და საერთო წესების მნიშვნელობა იზრდება.
როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ერთი ჩვეულებრივი დღე აგენტურ ეკონომიკაში
წარმოვიდგინოთ არა შორეული სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ შედარებით მარტივი ყოველდღიური სცენარი. მცირე ქართული რესტორნის მარაგების აგენტი ხედავს, რომ ერთ ინგრედიენტზე მოთხოვნა ჩვეულებრივზე სწრაფად იზრდება. იგი ადგენს საჭირო რაოდენობას და განსაზღვრული მანდატით მიმართავს რამდენიმე დამტკიცებული მომწოდებლის სისტემას. მომწოდებლების აგენტები ავტომატურად აბრუნებენ ფასს, მიწოდების დროსა და პირობებს. რესტორნის აგენტი ამოწმებს ბიუჯეტს, ირჩევს საუკეთესო ვარიანტს და რადგან ოპერაცია წინასწარ განსაზღვრულ მცირე ლიმიტში ჯდება, შეკვეთისა და გადახდის მომზადება ავტომატურად გრძელდება.
ამავე დროს ერთ–ერთი მომწოდებლის ფასი უჩვეულოდ დაბალია. შესაბამისობის აგენტი ამჩნევს, რომ კონტრაქტის პირობები შეიცვალა, და ავტომატური შეძენის ნაცვლად საქმეს ადამიანს გადასცემს. მენეჯერი ხედავს არა მთელი პროცესის ათობით ნაბიჯს, არამედ გამონაკლისს და მიზეზს, რის გამოც მისი გადაწყვეტილება გახდა საჭირო. ტრანზაქციის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღრიცხულია, ხოლო მომწოდებელს შეუძლია გადაამოწმოს, რომ რესტორნის აგენტი ნამდვილად უფლებამოსილია განსაზღვრული ღირებულების შეკვეთაზე.
ამასობაშიმ რესტორნის მომხმარებელს საკუთარი პირადი აგენტი ჰყავს. ის სამ სხვადასხვა რესტორანს ადარებს არა მხოლოდ ფასით, არამედ კვებითი პირობებით, მანძილითა და მიწოდების დროით. რესტორნების სისტემები ადამიანისთვის შექმნილ ვებგვერდებთან ერთად აგენტებისთვის წაკითხვად შეთავაზებებსაც აქვეყნებენ.
ერთი შეხედვით არაფერია რევოლუციური. არც რობოტები დადიან ქუჩაში და არც ადამიანები გამქრალან. მაგრამ ეკონომიკური მოქმედების უამრავი პატარა ნაბიჯი, რომელსაც დღეს ადამიანები ხელით ასრულებენ, უკვე მანქანურ სისტემებს შორის გადანაწილდა. სწორედ ასეთი ყოველდღიური, თითქოს უმნიშვნელო ცვლილებების მასშტაბური დაგროვებით შეიძლება ეკონომიკა თანდათან აგენტურ სისტემად იქცეს.
BTU-ს მკვლევრების შეფასება
BTU-ს მკვლევრების შეფასებით, ეკონომიკის AI აგენტურ სისტემად გარდაქმნის მთავარი კრიტერიუმი AI-ის გავრცელების მაჩვენებელი არ არის. უფრო მნიშვნელოვანი საზომია ეკონომიკური მოქმედების ურთიერთდაკავშირებულობა: რამდენად შეუძლია ადამიანისა და ორგანიზაციის სახელით მოქმედ აგენტს სხვა აგენტებთან და ინსტიტუციურ სისტემებთან სანდო ურთიერთქმედება ისე, რომ იდენტობა, მანდატი, გადახდა, პასუხისმგებლობა და კონტროლი არ დაიკარგოს.
BTU-ს კვლევითი ჩარჩოს მიხედვით, ეკონომიკური მოქმედება თავიდან შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანის ან კომპანიის შიგნით ნაწილდებოდეს, მაგრამ სრულფასოვანი აგენტური სისტემა მაშინ ყალიბდება, როდესაც ეს განაწილება რამდენიმე დონეს ერთდროულად მოიცავს: ადამიანებსა და აგენტებს შორის სამუშაოს განაწილებას; კომპანიების შიგნით მრავალაგენტიან სამუშაო პროცესებს; კომპანიებს შორის Agent-To-Agent ურთიერთქმედებას; ციფრულ იდენტობასა და ავტორიზაციას; პროგრამულად შემოწმებად გადახდებსა და ანგარიშსწორებას; ღია ან თავსებად პროტოკოლებს; აუდიტირებად ნდობას; რობოტულ და სხვა ფიზიკურ შესრულებას; და საჯარო ინსტიტუტების მიერ ეკონომიკური მოქმედების საერთო წესების დაცვას.
ამ ხედვით, ეკონომიკის აგენტურ სისტემად გარდაქმნის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიძლება საერთოდ არ იყოს ყველაზე ძლიერი AI მოდელი. გადამწყვეტი გახდება ის ფენები, რომლებიც სხვადასხვა აგენტს ეკონომიკურ სისტემაში ერთმანეთთან სანდოდ აკავშირებს – იდენტობა, ავტორიზაცია, გადახდა, მონაცემთა პორტაბელურობა, თავსებადობა, აუდიტის შესაძლებლობა და ადამიანის მიერ კონტროლირებადობა. ძლიერი მოდელები ასეთი ინფრასტრუქტურის გარეშე ქმნის ბევრ დამოუკიდებელ ინტელექტს, მაგრამ არა ერთ მოქმედ ეკონომიკურ სისტემას.
აქედან გამომდინარეობს მეორე მნიშვნელოვანი დასკვნაც: აგენტური ეკონომიკის კონკურენცია მხოლოდ მოდელების ხარისხზე არ იქნება. ეკონომიკური ძალაუფლება შეიძლება გადავიდეს იქ, ვინც აკონტროლებს იდენტობის სისტემას, გადახდებს, აგენტების ბაზარს, აუცილებელ მონაცემებს ან აგენტებს შორის კომუნიკაციის პროტოკოლს. თუ ასეთი ფენები დახურული და რთულად გადასატანია, ეკონომიკა ტექნოლოგიურად აგენტური გახდება, მაგრამ კონკურენციის თვალსაზრისით შეიძლება კიდევ უფრო ცენტრალიზებულიც აღმოჩნდეს.
საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არჩევანია. მცირე ქვეყნისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია გლობალური აგენტური ინფრასტრუქტურის ყველა ფენის დამოუკიდებლად შექმნა და არც არის აუცილებელი. მაგრამ ქვეყანას შეუძლია მიზანმიმართულად განავითაროს ის ფენები, სადაც ადგილობრივი ღირებულება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანია: ქართული ცოდნა და ენა, სანდო ადგილობრივი მონაცემები, პროფესიული აგენტები, ციფრული იდენტობისა და ავტორიზაციის თავსებადობა, გადახდებთან უსაფრთხო კავშირი, მონაცემთა პორტაბელურობა, კიბერუსაფრთხოება და ღია პროტოკოლებთან მუშაობის უნარი.
BTU-ს მკვლევრების შეფასებით, საქართველოს სტრატეგიული კითხვა ამიტომ არ არის მხოლოდ „როგორ გამოვიყენოთ AI აგენტები?“. უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა: როგორ გავხდეთ იმ ეკონომიკური ქსელის სრულფასოვანი მონაწილე, სადაც ადამიანები და აგენტები ერთმანეთს უკვე მანქანურადაც პოულობენ, ენდობიან, ეთანხმებიან და მოქმედებენ – ისე, რომ ქართული ბიზნესი და მოქალაქე მხოლოდ სხვისი პროტოკოლის მომხმარებელი არ დარჩეს.
ძირითადი მიგნებები
- ეკონომიკა AI აგენტურ სისტემად მხოლოდ AI-ის ფართო გამოყენებით არ იქცევა; საჭიროა აგენტების ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური მოქმედება.
- გარდაქმნის პირველი ეტაპი ცალკეულ კომპანიებში პროფესიული აგენტებისა და Human-Agent სამუშაო პროცესის გაჩენაა.
- უფრო ღრმა ცვლილება იწყება, როდესაც აგენტები კომპანიის საზღვრებს ცდებიან და სხვა კომპანიების ან მომხმარებლების აგენტებთან ურთიერთობენ.
- მასშტაბურ Agent-To-Agent ეკონომიკას სჭირდება სანდო იდენტობა და ავტორიზაცია – უნდა ჩანდეს, ვინ მოქმედებს, ვისი სახელით და რა მანდატით.
- პროგრამირებადი და ავტონომიური გადახდები ეკონომიკური მოქმედების მნიშვნელოვან ნაწილად შეიძლება იქცეს, მაგრამ მხოლოდ მკაფიო ფინანსური ლიმიტებითა და ადამიანური კონტროლით.
- პროტოკოლები შეიძლება ბაზრის ახალ ინსტიტუციურ ფენად ჩამოყალიბდეს და განსაზღვროს წვდომა, შეთავაზებების გაცვლა, შესაბამისობა, ანგარიშსწორება და აუდიტი.
- თავსებადობა და მონაცემთა გადატანადობა კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობას იძენს, რადგან დახურულმა აგენტურმა პროტოკოლმა შეიძლება ახალი ბაზრის კარიბჭე შექმნას.
- ნდობა სულ უფრო მეტად უნდა იყოს
აუდიტორული – მოქმედების გზა, მანდატი და დადასტურება აღდგენადი უნდა დარჩეს. - სრულფასოვან აგენტურ სისტემაში პროგრამული მოქმედება რობოტულ და სხვა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასაც უკავშირდება.
- სახელმწიფოს როლი გადადის მხოლოდ რეგულირებიდან საერთო წესების, ნდობის, თავსებადობისა და საჯარო ინფრასტრუქტურის არქიტექტურაზეც.
- აგენტური ეკონომიკა ადამიანების გარეშე ეკონომიკა არ არის; იგი არის ეკონომიკა, სადაც მოქმედება ნაწილდება და ადამიანური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა იზრდება.
- საქართველოსთვის მთავარი შესაძლებლობაა გლობალური აგენტური ინფრასტრუქტურის ადგილობრივ ცოდნასთან და ბიზნესთან დაკავშირება, ხოლო მთავარი რისკი – დახურულ უცხოურ პროტოკოლებზე დამოკიდებულება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
საქართველოსთვის აგენტური ეკონომიკის სისტემური განზომილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მცირე ეკონომიკას ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება შეეხოს. ერთი მხრივ, ღია და თავსებადი აგენტური ინფრასტრუქტურა მცირე ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას გაცილებით მარტივად ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრებში. ქართულ მცირე მწარმოებელს შეიძლება აღარ დასჭირდეს დიდი საერთაშორისო შესყიდვების ან გაყიდვების გუნდი იმისთვის, რომ სხვადასხვა ბაზარზე ფასები, მოთხოვნები, ლოგისტიკა და პარტნიორები მუდმივად შეადაროს. მომხმარებლის ან ბიზნესის პროფესიულ აგენტს შეუძლია ამ კოორდინაციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულოს და მცირე ეკონომიკის გეოგრაფიული და ორგანიზაციული მასშტაბის ნაწილი შეამციროს.
მეორე მხრივ, სწორედ მცირე ქვეყანა შეიძლება გახდეს უფრო მოწყვლადი, თუ აგენტური ეკონომიკის მთავარი კარიბჭეები – იდენტობა, Cloud ინფრასტრუქტურა, გადახდები, Agent Marketplace-ები, მონაცემთა სტანდარტები და პროტოკოლები – მთლიანად რამდენიმე გარე პლატფორმაზე იქნება დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი კომპანიები უფრო პროდუქტიული გახდებიან, მაგრამ შეიძლება დაკარგონ კონტროლი იმაზე, როგორ ხვდებიან მომხმარებელს, რა მონაცემი მიეწოდება მათ აგენტებს, რა საფასური აქვს ბაზარზე წვდომას და რამდენად მარტივად შეუძლიათ სხვა ტექნოლოგიურ მიმწოდებელზე გადასვლა.
ამიტომ საქართველოსთვის აგენტურ სისტემაზე მზადება მხოლოდ AI განათლებას ან პროგრამული პროდუქტების დანერგვას არ უნდა ნიშნავდეს. მნიშვნელოვანია ქართული ენისა და ცოდნის ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ხარისხი, პროფესიული აგენტების შექმნის შესაძლებლობა, კიბერუსაფრთხოება, ციფრულ იდენტობასა და გადახდებთან უსაფრთხო ინტეგრაცია, ღია სტანდარტებთან მუშაობა და მონაცემის ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის შესაძლებლობა. მცირე ქვეყანამ ყველა გლობალური პლატფორმა თავად არ უნდა შექმნას; მაგრამ უნდა შეინარჩუნოს უნარი, მათ შორის არჩევანი გააკეთოს და საკუთარი ეკონომიკური ინტერესები მათ შიგნით დაიცვას.
საქართველოსთვის შესაძლო ფორმულა ამიტომ შეიძლება იყოს: გლობალური AI შესაძლებლობა + ქართული ცოდნა + ადგილობრივი პროფესიული აგენტები + სანდო იდენტობა და გადახდები + ღია თავსებადობა + აუდიტირებადი ნდობა + ადამიანის საბოლოო კონტროლი.
დასკვნა
ეკონომიკა AI აგენტურ სისტემად ერთ დღეს არ გადაიქცევა. ეს გარდაქმნა დაიწყება ათასობით მცირე პროცესით: ერთი აგენტი კომპანიაში მარაგს აკონტროლებს, მეორე მომხმარებელს არჩევანში ეხმარება, მესამე მომწოდებლებს ადარებს. შემდეგ ეს ცალკეული სისტემები ერთმანეთს დაუკავშირდება; გაჩნდება საერთო იდენტობის, ავტორიზაციის, გადახდისა და მონაცემთა გაცვლის წესები; პროტოკოლები ეკონომიკური ურთიერთქმედების უფრო დიდ ნაწილს გახდის პროგრამულად შესრულებადს; ხოლო აუდიტი და ადამიანური ჩარევა შეეცდება შეინარჩუნოს პასუხისმგებლობა იქ, სადაც მოქმედება უკვე ავტომატურად მოძრაობს.
ამ პროცესის საბოლოო შედეგი არ იქნება ეკონომიკა, სადაც ადამიანები აღარ მონაწილეობენ. უფრო რეალისტური სურათი ეკონომიკაა, სადაც ადამიანებს, პროგრამულ აგენტებს, რობოტებსა და პროტოკოლებს შორის ბევრად მეტი მოქმედება ნაწილდება, ხოლო ადამიანს სულ უფრო მეტად ეკუთვნის მიზნის, უფლებამოსილების, მნიშვნელოვანი გამონაკლისების და საბოლოო პასუხისმგებლობის განსაზღვრა.
სწორედ ამიტომ აგენტური ეკონომიკის მთავარი ინფრასტრუქტურა შეიძლება ყველაზე ჭკვიანი მოდელი საერთოდ არ აღმოჩნდეს. უფრო გადამწყვეტი იქნება ის, რაც ცალკეულ ინტელექტს ერთ ეკონომიკურ სისტემად აქცევს: სანდო იდენტობა, მკაფიო მანდატი, თავსებადი პროტოკოლები, უსაფრთხო გადახდები, აღდგენადი მოქმედების ისტორია და ადამიანის რეალური უფლება თქვას – აქ გაჩერდი.
მონაცემები და ძირითადი წყაროები
- BTU-ს კვლევითი და ანალიტიკური ნაშრომები– AI Agentic Economy: Humans, AI Agents, Robots and Protocols in the New Economic Order.
- BTU-ს კვლევითი მასალები – Distributed Economic Action, Agentic Capital, Protocol Markets, Auditable Trust, Protocol Power, Autonomous Payments, Agentic State და Sovereign Labour.
- OpenAI – აგენტური სისტემების, მრავალაგენტიანი orchestration-ის, tool use-ის, handoffs-ის, guardrails-ისა და tracing-ის ოფიციალური მასალები.
- National Institute of Standards and Technology – AI Agent Standards Initiative და AI Agent Identity and Authorization-ის მიმართულება. (NIST)
- European Commission – EU AI Act-ის მიმდინარე risk-based framework, logging, traceability და human oversight. (Digital Strategy)
მასალა არის ანალიტიკური და საგანმანათლებლო ხასიათის. იგი არ წარმოადგენს კონკრეტული ტექნოლოგიური, ფინანსური, საინვესტიციო, საგადასახადო, სამართლებრივი ან ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილების პროფესიულ რეკომენდაციას.
მომზადებულია BTU–ის აკადემიური გუნდისა და BTUAI მკვლევართა გუნდის მიერ, თბილისი, საქართველო.


