ინფლაციის პროგნოზი საქართველოში
ბოლო წლებში, სამომხმარებლო ფასები საქართველოში განსხვავებული ტემპებით იცვლებოდა. 2021-2022 წლებში ინფლაცია მაღალი იყო, ხშირად 10%-ს უახლოვდებოდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე

ბოლო წლებში, სამომხმარებლო ფასები საქართველოში განსხვავებული ტემპებით იცვლებოდა. 2021-2022 წლებში ინფლაცია მაღალი იყო, ხშირად 10%-ს უახლოვდებოდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდასთან, ლარის კურსის მერყეობასთან და შიდა ეკონომიკურ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, 2023-2024 წლებში ფასების ზრდა საგრძნობლად შენელდა და წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონემ მხოლოდ 2%-ს მიაღწია (წყარო: Geostat).
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2025 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ მოიმატებს და მესამე კვარტლისთვის 5%-ს მიაღწევს. ინფლაციის მოსალოდნელი ზრდა, რამდენიმე ძირითადი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. პირველ რიგში, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგომატარებლებისა და სურსათის ფასების ცვლილება პირდაპირ აისახება საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწვავისა და ხორბლის ფასები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენას ახდენენ. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება ავტომატურად იწვევს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გაძვირებას, რაც საბოლოოდ პროდუქტების თვითღირებულებას ზრდის.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის კურსი. როგორც მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, საქართველო ძლიერად დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე. თუ ლარი გაუფასურდა, ეს ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული პროდუქტი უფრო ძვირი გახდება, რაც საბოლოოდ ინფლაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ლარის კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ შიდა ეკონომიკურ ვითარებაზე, არამედ გლობალურ ფინანსურ ბაზრებზეც.
ინფლაციაზე ასევე მოქმედებს შიდა მოთხოვნა. თუკი მოსახლეობას უფრო მეტი შემოსავალი აქვს და ფულის ხარჯვას ზრდის, ეს პროდუქტებზე მოთხოვნას ზრდის, რაც შეიძლება კომპანიებმა ფასების მომატებით უპასუხონ. 2024 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ფიქსირდებოდა, თუმცა ყველა ძირითადი პროგნოზის მიხედვით, 2025 წელს ეს ტემპი შემცირდება. ეკონომიკური ზრდის შენელება, როგორც წესი, ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს, რადგან მოთხოვნის შემცირების გამო კომპანიები ფასების ზრდას ვეღარ გააგრძელებენ. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ინფლაციის ზრდა შესაძლოა სხვა ფაქტორებითაც იყოს განპირობებული და არა მხოლოდ შიდა ეკონომიკური აქტივობის შემცირებით.
ფისკალური პოლიტიკა, ანუ მთავრობის ხარჯვა და საგადასახადო პოლიტიკა, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფლაციის განსაზღვრაში. თუკი მთავრობა ბიუჯეტიდან მეტ ხარჯვას განახორციელებს, მაგალითად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეს შეიძლება ეკონომიკური აქტივობის გაზრდას და შესაბამისად, ინფლაციის დაჩქარებასაც შეუწყოს ხელი. პირიქით, თუ სახელმწიფო ხარჯები შემცირდება ან გაიზრდება გადასახადები, ეს მოთხოვნის შემცირებას და ინფლაციის შენელებას შეუწყობს ხელს.