საქართველოს რომელი რეგიონებია ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ვიზიტორებში და რა განსაზღვრავს ამას?
საქართველოში, უცხოელი ვიზიტორების უმეტესობა თავიანთ მოგზაურობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იწყებს, რაც ქალაქს ქვეყნის მთავარი ტურისტული ჰაბის სტატუსს უნარჩუნებს. საქსტატის
საქართველოში, უცხოელი ვიზიტორების უმეტესობა თავიანთ მოგზაურობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იწყებს, რაც ქალაქს ქვეყნის მთავარი ტურისტული ჰაბის სტატუსს უნარჩუნებს. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, თბილისი ყველაზე მონახულებული რეგიონია, რომელსაც ვიზიტორთა 63% სტუმრობს, რაც მის კულტურული, ისტორიული და საქმიანი ტურიზმის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. დედაქალაქი ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, მაღალი კლასის სასტუმროებს, გურმანულ რესტორნებს, ბაზრებსა და მუზეუმებს.
აჭარა 47%-ით მეორე ადგილზეა, რაც ძირითადად ბათუმის ზღვისპირა კურორტის, ღამის ცხოვრების და სათამაშო ბიზნესის პოპულარობას უკავშირდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონისთვის დამატებით უპირატესობას ქმნის, რაც მას თურქი, აზერბაიჯანელი და ახლო აღმოსავლეთის ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
იმერეთი, რომლის ცენტრი ქუთაისია, მხოლოდ 10%-იან მაჩვენებელს ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ აქ მდებარეობს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომელიც იაფფასიანი ავიაკომპანიების ფრენებს ემსახურება. ქუთაისში ჩამოსული ვიზიტორების ნაწილი ქალაქში გაჩერებას არ აპირებს და პირდაპირ სხვა რეგიონებში გადადის.
მცხეთა-მთიანეთი 19%-ით უფრო პოპულარული მიმართულებაა, განსაკუთრებით ყაზბეგისა და გუდაურის წყალობით. ეს ადგილები ზამთრის კურორტების მოყვარულებს იზიდავს, თუმცა სეზონურობა რეგიონში ტურისტული ნაკადების ცვალებადობას განაპირობებს.
სამცხე-ჯავახეთი (11%) და ქვემო ქართლი (10%) ნაკლებად პოპულარულია, თუმცა აქ არსებული ისტორიული ძეგლები, გარკვეული კატეგორიის ტურისტებისთვის მაინც მიმზიდველია.
კახეთი (8%) ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი უნდა იყოს, თუმცა მისი საერთაშორისო პოპულარობა ჯერ კიდევ დაბალია. რეგიონის ტურისტული განვითარება მეტ საერთაშორისო რეკლამირებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას საჭიროებს.
სხვა რეგიონებს, ჯამურად ვიზიტორების მხოლოდ 9%-ს სტუმრობს, რაც მიუთითებს ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე, ნაკლებ ცნობადობასა და რთულ სატრანსპორტო კავშირზე.
თუ შევაჯამებთ, რეგიონის პოპულარობას განსაზღვრავს აეროპორტის ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურა, ცნობადობა და სეზონურობა. ტურისტული ნაკადების უფრო ფართოდ გადანაწილებისთვის, რეგიონებში ტრანსპორტისა და მარკეტინგის განვითარება აუცილებელია.