ტარიფების შტორმი: როგორ შეცვლის აშშ-ის ახალი გადასახადები ვაჭრობას და ბაზრებს
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 3 თებერვლიდან აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, ხოლო ჩინეთიდან შემოტანილ
![ტარიფების შტორმი: როგორ შეცვლის აშშ-ის ახალი გადასახადები ვაჭრობას და ბაზრებს](https://btuai.ge/wp-content/uploads/2025/02/WhatsApp-Image-2025-02-04-at-11.39.15-2.jpeg)
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 3 თებერვლიდან აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 25%-იან ტარიფს დააწესებს, ხოლო ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე – 10%-იანს. ბაზრებზე, პირველადი რეაქცია ნეგატიური იყო. ტარიფების შედეგად, ამერიკელ მომხმარებლებს ფასების ზრდა ელოდებათ, ხოლო ექსპორტიორი ქვეყნები მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდიან.
ტარიფების დაწესება პირდაპირ იმოქმედებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც აშშ-ს კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან შემოაქვს. კანადა აშშ-ის უმსხვილესი ენერგომომწოდებელია, ნავთობის ექსპორტის 98% სწორედ სამხრეთ მეზობელზე მოდის. ახალი ტარიფები გაზრდის საწვავის ფასს ამერიკის ბაზარზე და გავლენას მოახდენს ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაზე (თუმცა აღსანიშნავია, რომ ნავთობ პროდუქტებზე 25%-ის მაგივრად, მხოლოდ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს). ასევე დაზარალდება ხის მასალის სექტორი, რადგან კანადა აშშ-ის სამშენებლო ინდუსტრიის მთავარი მიმწოდებელია. მექსიკისთვის მთავარი დარტყმა ავტომობილებს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მიადგება – მექსიკიდან იმპორტირებული ავტომობილების მოცულობა 2023 წელს $100 მილიარდს აჭარბებდა, რაც ამერიკული ბაზრის კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს. ტარიფები მექსიკურ მწარმოებლებს აიძულებს ან ფასები გაზარდონ, ან ამერიკაში წარმოება გადაიტანონ. ასევე გაიზრდება იმპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის, მათ შორის ავოკადოს, პომიდვრის და ციტრუსების ფასები. ჩინეთის შემთხვევაში, მთავარი დარტყმა ელექტრონიკის, ტექნოლოგიური აღჭურვილობის და ტანსაცმლის სექტორებს შეეხებათ. ამერიკაში გაყიდული სმარტფონებისა და ლეპტოპების დიდი ნაწილი ჩინეთში იწარმოება, ხოლო ტარიფები ამ პროდუქტების ფასებს გაზრდის, რაც მომხმარებლებისთვის დამატებითი ხარჯების მომტანი იქნება.
კანადისთვის აშშ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რადგან მისი ექსპორტის დაახლოებით 3/4 სწორედ იქ მიდის. ტარიფების შედეგად, კანადურ ენერგოსექტორსა და მეტალურგიულ ინდუსტრიას დიდი ფინანსური ზიანი მიადგება, რაც სამუშაო ადგილებსაც ემუქრება. მექსიკის ეკონომიკა აშშ-ზე კიდევ უფრო დამოკიდებულია – მისი მთლიან ექსპორტის 80%-ზე მეტი აშშ-ში გადის. ეს ნიშნავს, რომ მექსიკური წარმოებისა მაჩვენებლები შესაძლოა სერიოზულად შემცირდეს, განსაკუთრებით საავტომობილო ინდუსტრიაში. ჩინეთისთვის ამერიკული ბაზარი ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო დაბალი პირდაპირი დამოკიდებულებით – ექსპორტის დაახლოებით 17% აშშ-ზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს უფრო დიდი და დივერსიფიცირებული გლობალური სავაჭრო ქსელი აქვს, ახალი ტარიფები მაინც გამოიწვევს ზარალს ტექნოლოგიურ სექტორში, რაც ჩინურ კომპანიებს აიძულებს, ალტერნატიული ბაზრები მოძებნონ. ამასთან, ჩინეთს შესაძლოა დამატებითი, ირიბი გავლენაც ჰქონდეს, რადგან მისი მრავალი პროდუქტი და მასალა კანადასა და მექსიკაში გადის, საიდანაც შემდეგ აშშ-ში ექსპორტირდება. ეს შეეხება ისეთ სექტორებს, როგორიცაა ავტომობილები, ელექტრონიკა და სამრეწველო მასალები, სადაც კანადა და მექსიკა ხშირად იყენებენ ჩინური წარმოშობის ნაწილებსა და კომპონენტებს. შესაბამისად, აშშ-ის მიერ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდა შესაძლოა საბოლოოდ ჩინურ ექსპორტსაც შეამციროს, რადგან შემცირდეს მოთხოვნა იმ ნაწილებზე, რომლებიც მექსიკური და კანადური კომპანიების წარმოებაში გამოიყენება.
ტარიფების გამოცხადებამ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არასტაბილურობა გამოიწვია. პარასკევს, S&P 500 0.5%-ით შემცირდა, Dow Jones 0.8%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq 0.3%-ით შემცირდა. ავტომწარმოებლებმა, როგორებიცაა Ford და General Motors, აქციების ვარდნა განიცადეს, რადგან ტარიფების გავლენით მათი წარმოების ხარჯები გაიზრდება. ასევე, ფასდაკლებები შეეხო ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც ჩინეთიდან იმპორტირებულ ნაწილებზე არიან დამოკიდებული. სამაგიეროდ, ადგილობრივმა ფოლადის მწარმოებლებმა, როგორიცაა US Steel და Cleveland-Cliffs, შესაძლოა მოგება ნახონ, რადგან იმპორტზე ტარიფების ზრდა მათ შიდა გაყიდვებს გაზრდის.
ტარიფების გავლენა აშშ-ის ეკონომიკაზე მრავალმხრივია. ერთის მხრივ, შესაძლოა, ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს, თუმცა ეს მოხდება ფასების ზრდის და სავაჭრო პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობების ხარჯზე. მექსიკასა და კანადას სავარაუდოდ საპასუხო სანქციების შემოღება მოუწევთ, რაც გლობალურ ვაჭრობას კიდევ უფრო გაართულებს. საბოლოოდ, ეს ნაბიჯი შეიძლება ამერიკელი მომხმარებლისთვის უფრო მაღალ ფასებში აისახოს.