ანალიტიკა

გენდერული სხვაობები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) გამოყენებაში: გლობალური და ქართული რეალობა

ბოლო წლებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (GenAI) აქტიურად იკიდებს ფეხს სხვადასხვა სფეროში, თუმცა მისი გამოყენების ხასიათი მნიშვნელოვნად განსხვავდება გენდერის მიხედვით.

გენდერული სხვაობები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) გამოყენებაში: გლობალური და ქართული რეალობა

ბოლო წლებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (GenAI) აქტიურად იკიდებს ფეხს სხვადასხვა სფეროში, თუმცა მისი გამოყენების ხასიათი მნიშვნელოვნად განსხვავდება გენდერის მიხედვით. გლობალური ტენდენციები აჩვენებს, რომ მამაკაცები უფრო ხშირად იყენებენ GenAI-ს ტექნოლოგიების ადრეულ ეტაპზევე, განსაკუთრებით კოდის გენერირებისა და მონაცემთა ანალიზისთვის, მაშინ როცა ქალები მას კონტენტის შექმნისა და ადმინისტრაციული პროცესების გასამარტივებლად მიმართავენ. თუმცა, საქართველოს მონაცემები ამ სურათს უფრო კონკრეტულ ადგილობრივ განზომილებას სძენს.

BTU-ის 2024 წლის ოქტომბრის კვლევის მიხედვით, საქართველოში მამაკაცებში ყველაზე მეტად ორი მსხვილი რადიკალურად განსხვავებული ჯგუფი გამოიკვეთა: ერთი ნაწილი GenAI-ს ყოველდღიურად იყენებს, ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტს რთავს და ცდილობს, ტექნოლოგიის ყველა შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს, მაშინ როცა მეორე ნაწილი GenAI-ს იშვიათად, კვირაში ერთხელ ან ნაკლებად იყენებს და ძირითადად მხოლოდ ერთ ინსტრუმენტზეა ორიენტირებული, რომელსაც სამუშაოსთვის კი არა, ზოგადი ინფორმაციის მოსაძიებლად მიმართავს.

ქალებში კი შედარებით მაღალი წილი იმ მომხმარებლებს ეკუთვნით, რომლებიც GenAI-ს სტაბილურად, ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად იყენებენ, მაგრამ ერთი ან მაქსიმუმ ორი ინსტრუმენტის ფარგლებში, მათი საჭიროებების მიხედვით. ეს მომხმარებლები ცდილობენ, კონკრეტული AI პლატფორმა კარგად აითვისონ და მაქსიმალურად პრაქტიკულად გამოიყენონ სამუშაოსა თუ პირადი საქმეებისთვის, ვიდრე ექსპერიმენტირებაში დახარჯონ დრო.

ასევე გამოიკვეთა მცირე გენდერული განსხვავება GenAI ინსტრუმენტების არჩევანში. ორივე სქესისთვის მთავარი პლატფორმა ChatGPT-ია, თუმცა ქალებში უფრო მეტად პოპულარულია Gemini კაცებთან შედარებით.

შედეგად საქართველოს მონაცემები გვიჩვენებს, რომ მამაკაცებში GenAI-ის გამოყენება ორ უკიდურესობას შორის მერყეობს – ან ინტენსიური და მრავალმხრივი გამოყენება, ან იშვიათი და ზედაპირული მიდგომა. ქალები კი უფრო სტაბილურად და მიზანმიმართულად იყენებენ GenAI-ს, შესაბამის მიდგომაზე კონცენტრირებით. ეს განსხვავებები აჩვენებს, რომ ტექნოლოგიის აღქმა და ინტეგრაცია გენდერული ფაქტორების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. შესაბამისად, GenAI-ის გამოყენება არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სიახლეებზეა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ როგორ ერთვებიან ადამიანები მასში – ზოგი უფრო ცდის და ავითარებს, ზოგი კი მის უკვე ნაცნობ ფუნქციებს ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად იყენებს.

BTU-ის 2024 წლის ოქტომბრის კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.