რომელი ტიპის ანაბარი სჯობს საქართველოში?
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტები ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტები ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობა დაახლოებით 17%-ით გაიზარდა და 10.2 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო უცხოური ვალუტით დეპოზიტებმა 15%-იანი ზრდის შემდეგ 20.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ ზრდის ფონზე ჩნდება კითხვა: რა არის უკეთესი არჩევანი დანაზოგისთვის – ეროვნული თუ უცხოური ვალუტის ანაბარი? და რომელი ტიპის დეპოზიტია უფრო ხელსაყრელი, მოთხოვნის თუ ვადიანი?
ეროვნულ ვალუტის დეპოზიტების სტრუქტურაში ვადიანი დეპოზიტები 58%-ს შეადგენს, რაც აჩვენებს, რომ მომხმარებლები უპირატესობას უფრო სტაბილურ და მაღალშემოსავლიან პროდუქტებს ანიჭებენ. უცხოურ ვალუტაშიც ვადიანი დეპოზიტები ლიდერობენ 52%-იანი წილით.
თუ დეტალურად გავაანალიზებთ საპროცენტო განაკვეთებს, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, თუ რატომ ირჩევენ მომხმარებლები ვადიან დეპოზიტებს. ეროვნულ ვალუტაში ერთწლიანი ვადიანი დეპოზიტი საშუალოდ 11.5%-ს გვთავაზობს, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტის განაკვეთი მხოლოდ 6.4%-ს შეადგენს. განსხვავება აშკარაა – ვადიანი დეპოზიტი თითქმის ორჯერ მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს. უცხოურ ვალუტაში ეს განსხვავება უფრო მცირეა: ერთწლიანი ვადიანი დეპოზიტის საშუალო განაკვეთი 3.4%-ს შეადგენს, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტის – 2.4%-ს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები მთლიანობაში დაბალია, ვადიანი დეპოზიტი მაინც უფრო მომგებიანია მათთვის, ვისაც კურსის ცვლილების რისკისგან დაცვა სურს.
ასეთ პირობებში, რომელი ვარიანტია თქვენთვის? თუ თანხა მოკლევადიანია და შეიძლება მალე დაგჭირდეთ, მოთხოვნის დეპოზიტი მარტივი და მოსახერხებელია, თუმცა მისი სარგებელი ნაკლებად არის. მაგალითად, თუ დანაზოგი ლარშია, საპროცენტო განაკვეთის დაბალი მაჩვენებელი ნაკლებ მოტივაციას ქმნის. თუმცა, თუ თანხას 6-12 თვეზე მეტი დროით არ გამოიყენებთ, ვადიანი ანაბარი ბევრად მომგებიანია, განსაკუთრებით ლარში სადაც პროცენტები მნიშვნელოვნად მაღალია. უცხოურ ვალუტაში ვადიანი ანაბრები კი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დანაზოგი დოლარში ან ევროში აქვს და სტაბილურობა სურს.
საბოლოოდ, არჩევანი თქვენი ფინანსური საჭიროებების მიხედვით უნდა გააკეთოთ. მოკლევადიანი დანაზოგისთვის ეროვნული ვალუტის მოთხოვნის დეპოზიტი შეიძლება კომფორტული იყოს, ხოლო გრძელვადიანი მიზნებისთვის ვადიანი დეპოზიტები, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში, უფრო მაღალ სარგებელს მოგცემთ. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, თუ რა ვალუტაში გეგმავთ ხარჯებს – ეროვნული ვალუტის შემთხვევაში ლარი, ხოლო უცხოურის შემთხვევაში დოლარი ან ევრო საუკეთესო არჩევანია.