საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოტენციალი: რამდენად სწრაფად შეგვიძლია სხვებს დავეწიოთ?
ეკონომიკური ზრდა ქვეყნის განვითარების მთავარი კომპონენტია და ეს პრინციპი ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია
ეკონომიკური ზრდა ქვეყნის განვითარების მთავარი კომპონენტია და ეს პრინციპი ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, სწრაფი და ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის მეშვეობით გახდნენ მსოფლიოში წამყვანი ეკონომიკური ძალები. ჩინეთი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა 10%-ზე მეტ წლიურ ზრდას, რაც მას საშუალებას აძლევდა, გამოეყო სიღარიბიდან და ტექნოლოგიურ ლიდერად ქცეულიყო. იაპონიამ ომისშემდგომ პერიოდში „ეკონომიკური სასწაულის“ მეშვეობით მოახერხა ინდუსტრიულ გიგანტად ქცევა. აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები, მაგალითად, პოლონეთი, ათწლეულების განმავლობაში სტაბილური ეკონომიკური ზრდის წყალობით მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ და წარმატებით გადალახეს გარდამავალი ეკონომიკის გამოწვევები.
IMF-ს 2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე შეადგენს 8.9 ათას დოლარს. შედარებისთვის, ბულგარეთში ეს მაჩვენებელი 17 ათას დოლარს უტოლდება, პოლონეთში – 23.6 ათასს, ხოლო გერმანიაში – 55.5 ათასს. ამ ანალიზში განვიხილავთ, რამდენად სწრაფად შეუძლია საქართველოს სხვა ქვეყნების დღევანდელ დონეს მიაღწიოს. ეს ანალიზი მოიცავს დაშვებებს, გაცვლითი კურსი უცვლელია და აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკა „გაყინულ მდგომარეობაში“ რჩება – თუ მათი ეკონომიკური მაჩვენებლები არ შეიცვლება, საქართველო რა დროის განმავლობაში შეძლებს მათ მიღწევას?
თუ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 5%-ით გაიზრდება, ბულგარეთის დღევანდელ ეკონომიკურ დონეს 13 წელიწადში მიაღწევს, პოლონეთისას – 20 წელიწადში, ხოლო გერმანიისას – 36 წელიწადში. თუ ზრდის ტემპი 7%-მდე გაიზრდება, ბულგარეთის მაჩვენებლის მიღწევა 10 წელში იქნება შესაძლებელი, პოლონეთის – 15 წელიწადში, ხოლო გერმანიის დონე 25 წელში გახდება რეალობა. 10%-იანი ზრდის შემთხვევაში, ბულგარეთთან დასწრება 7 წელში იქნება შესაძლებელი, პოლონეთთან – 10 წელიწადში, ხოლო გერმანიასთან – 18 წელიწადში. თუმცა, თუ საქართველოს ეკონომიკა შედარებით ნელი ტემპით გაიზრდება, მაგალითად 2-3%-ით, მაშინ შეიძლება რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს მხოლოდ დღევანდელ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებთან დასაწევად.
მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ექსპორტის გაფართოებას. ამისთვის საჭიროა ინოვაციების წახალისება, განათლების სისტემის გაუმჯობესება და კორუფციის შემცირება. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაცია კიდევ ერთი კრიტიკული ელემენტია, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას და ზრდის მაღალ ტემპს.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა საქართველოზე დიდ შესაძლებლობებს ხსნის, მაღალი ზრდის მუდმივად შენარჩუნება და ეკონომიკური კონვერგენცია მრავალი ათწლეულის საქმეს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევებში, ეკონომიკური დასწრება ხშირად თაობათა შორის პროცესი ხდება, რაც მოითხოვს თანმიმდევრულ და გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც მომავალი თაობების ინტერესებსაც მოიცავს.