ანალიტიკა

ინფლაცია საქართველოში: რომელი სექტორები ახდენენ ამჟამად გავლენას მასზე?

ინფლაცია მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც ეკონომიკის დინამიკას ასახავს და საზოგადოებაზე პირდაპირი გავლენა აქვს. 2024 წლის დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონე

ინფლაცია საქართველოში: რომელი სექტორები ახდენენ ამჟამად გავლენას მასზე?

ინფლაცია მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც ეკონომიკის დინამიკას ასახავს და საზოგადოებაზე პირდაპირი გავლენა აქვს. 2024 წლის დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 1.9%-ს შეადგენდა (წყარო:საქსტატი), რაც მკვეთრად დაბალი მაჩვენებელია ბოლო წლების მაღალი ინფლაციის პერიოდებთან შედარებით.

საქართველო რეგიონში საშუალო ინფლაციის დონეს ინარჩუნებს. მაგალითად, სომხეთში 2024 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 1.5%-ს შეადგენდა, ხოლო აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 2.1% იყო. მიუხედავად ინფლაციის საერთო დაბალი დონისა, საინტერესოა მისი სექტორული ანალიზი და იმ სფეროების იდენტიფიცირება, რომლებიც ფასების ზრდასა და შემცირებაზე გავლენას ახდენენ.

წარმოშობის მიხედვით, ინფლაციის ზრდაზე უფრო დიდ გავლენას ადგილობრივი პროდუქტების ფასების ზრდა ახდენს, ვიდრე იმპორტული პროდუქტების. ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას სურსათი, სასმელები და თამბაქო ახდენენ.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა ფასების 3.6%-იანი ზრდით ინფლაციაში 1.18 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეიტანა. ამ კატეგორიაში ფასების მატება ძირითადად ბოსტნეულის (15.7%), ზეთის (10.1%), ყავისა და ჩაის (8.8%), შაქრისა და ტკბილეულის (6.9%) ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული პროდუქტების გაძვირება განსაკუთრებით მძიმეა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა ხარჯების დიდი წილი საკვებ პროდუქტებზე მოდის. ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს კატეგორიაში ფასების 5.9%-იანი ზრდამ საერთო ინფლაციაში 0.4%-იანი წვლილი შეიტანა.

კომუნიკაციის სექტორმა, პირიქით, ფასების 12.7%-იანი შემცირებით ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა. ეს ცვლილება დიდწილად ინტერნეტის მომსახურების ფასების შემცირებას უკავშირდება, რაც მომხმარებელთა ხარჯებს ამცირებს და ტექნოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უსვამს ხაზს.

მიუხედავად ინფლაციის საერთო დაბალი დონისა, სურსათისა და სასმელების ფასების ზრდა მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რადგან მათ ხარჯების დიდი წილი საკვებ პროდუქტებზეა მიმართული.