ეკონომიკური თავისუფლება საქართველოში: რეგრესის რისკები გრძელვადიანი პროგრესის შემდეგ
ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. მაღალი ეკონომიკური თავისუფლება უზრუნველყოფს ბიზნესის ინოვაციების და
ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. მაღალი ეკონომიკური თავისუფლება უზრუნველყოფს ბიზნესის ინოვაციების და ინვესტიციების ხელშეწყობას, ამცირებს კორუფციას და ქმნის სტაბილურ ბაზარს, რაც მიმზიდველს ხდის უცხოური ინვესტიციებისთვის. ეს ასევე დაკავშირებულია უფრო დაბალ უმუშევრობასთან, მაღალი პროდუქტიულობითა და სიღარიბის შემცირებით. თუმცა, ეკონომიკური თავისუფლების დონის შემცირება ქვეყნის განვითარებას აფერხებს და პოტენციური რისკების საფუძველს ქმნის.
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ანალიზისთვის ორი ძირითადი საერთაშორისო ინდექსი გამოიყენება: Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. თითოეული მათგანი აფასებს სხვადასხვა ფაქტორებს, მათ შორის საკუთრების უფლებების დაცვას, ვაჭრობის თავისუფლებას, ფისკალურ პოლიტიკასა და რეგულაციების მოქნილობას. მათი მონაცემები გრძელვადიანი ტენდენციების და ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალურ სურათს გვაძლევს.
გრძელვადიანი ტენდენციების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლები. Heritage Foundation-ის მონაცემებით, 1996 წელს ქვეყნის ქულა 44.1 იყო (100 ქულიდან), რაც მისი ეკონომიკის „არათავისუფალ“ სტატუსს უსვამდა ხაზს. 2013 წლისთვის რეფორმებმა, როგორიცაა საგადასახადო სისტემის გამარტივება და ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ქულა 75.4-მდე გაზარდა, რაც საქართველოს „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსს ანიჭებდა. თუმცა, ბოლო წლებში პროგრესი შენელდა და ქულა 2024 წელს 68.4-მდე დაეცა.
Fraser Institute-ის მონაცემებით, 2000 წელს საქართველოს ქულა 6.0-ს შეადგენდა (10 ქულიდან), ხოლო 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 7.4-მდე გაიზარდა. მსგავსი ზრდა ასახავდა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების წარმატებას. თუმცა, 2022 წლისთვის საქართველოს ქულა 7.67-მდე შემცირდა, რაც ბოლო წლებში ეკონომიკური თავისუფლების განვითარების ტემპის შენელებას მიანიშნებს.
ეკონომიკური თავისუფლება საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური ტრანსფორმაციის ქვაკუთხედად იქცა 2000-იანი წლების დასაწყისიდან. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ფართომასშტაბიანი რეფორმები განახორციელა, იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ბიზნესმეგობრული გარემო გახდა და მუდმივად ლიდერობს ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსებში. ეს პროგრესი პირდაპირ უკავშირდება მილიარდობით უცხოური პირდაპირი ინვესტიციის (FDI) მოზიდვას, რაც 2022 წელს 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მინიმალური სავაჭრო ბარიერებით, დაბალი საგადასახადო ტვირთით და გამარტივებული რეგულაციებით, საქართველომ თავი დაამკვიდრა, როგორც რეგიონალური ჰაბი საერთაშორისო ბიზნესისთვის. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც სტაბილურ გარემოს ეძებენ რეგიონში, სადაც საკუთრების უფლებების სუსტი დაცვა და კორუფციის მაღალი დონე ხშირი პრობლემაა. საქართველოს გახსნილი საბაზრო პოლიტიკა და რეგულაციების მოქნილობა კონკურენტულ უპირატესობას აძლევს და მრავალმხრივი ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროებში.
ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვადასხვა კატეგორია სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ თავისუფლებაზე. Heritage Foundation-ის ინდექსში ძლიერი მხარეებია საგადასახადო ტვირთის დაბალი დონე და ვაჭრობის თავისუფლება, რაც საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარება. თუმცა, საჯარო ხარჯებისა და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ფისკალურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ინვესტიციების და ფინანსური თავისუფლების სფეროებში დაბალი ქულები რისკად რჩება.
Fraser Institute-ის ინდექსი ასევე ხაზს უსვამს ძლიერი და სუსტი მხარეების სხვადასხვა სპექტრს. ძლიერი მხარეებია საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, რომელიც მაღალ ქულებს ინარჩუნებს, და ბაზრის რეგულაციების მოქნილობა, რაც ხელს უწყობს ადგილობრივ და უცხოურ ბიზნესებს. თუმცა, სამართლებრივი სისტემის და საკუთრების უფლებების დაცვის სუსტი მექანიზმები კვლავ სერიოზული გამოწვევაა. Fraser-ის მონაცემებით, ეს არის სფერო, რომელიც მნიშვნელოვანად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას.
საბოლოოდ, ორივე ინდექსი ცხადყოფს, რომ ქვეყნის ძირითადი პრობლემები დაკავშირებულია ინსტიტუციური სუსტი მხარეების გაუმჯობესებასთან. მიუხედავად ძლიერი მხარეებისა, როგორიცაა ვაჭრობისა და საგადასახადო რეგულაციების მოქნილობა, საქართველოსთვის გადამწყვეტია სამართლებრივი და ფისკალური სისტემების გაძლიერება. ეს შესაძლებელს გახდის ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების დონის ზრდას და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.