საქართველოს პორტები: ტვირთბრუნვის ზრდა და პოტენციალი მგზავრთა მიმოსვლისთვის
საქართველოს საზღვაო ნავსადგურები და ტერმინალები კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც მათ სტრატეგიულ მდებარეობასა და მზარდ ტვირთბრუნვაზე
საქართველოს საზღვაო ნავსადგურები და ტერმინალები კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც მათ სტრატეგიულ მდებარეობასა და მზარდ ტვირთბრუნვაზე მიუთითებს. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში შემოვიდა 4,121 გემი, რომელთა შორის ლიდერი ქვეყნები იყვნენ თურქეთი (22.6%), პანამა (15.3%), მალტა (9.2%) და ლიბერია (6.6%), დანარჩენი გემები კი სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავდნენ.
ტვირთბრუნვა კიდევ უფრო მზარდი გახდა. 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავდა 4,232 ათასი ტონა ტვირთი, რაც 13.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, მგზავრთა ნაკადი კვლავაც დაბალია და საფიქრალი საკითხია. III კვარტალში მხოლოდ ორი ათასმა მგზავრმა ისარგებლა საქართველოს ნავსადგურებით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% პროცენტით ნაკლებია. საინტერესოა, რომ მათ შორის გამავალი მგზავრების წილი 55%-ს პროცენტს შეადგენდა. ცხადია, რომ პორტების მგზავრთა მომსახურება, როგორც სერვისი, საჭიროებს დამატებით განვითარებასა და პოპულარიზაციას.
საგულისხმოა, რომ იმავე პერიოდში საქართველოს ავიაცია მოემსახურა 204.4 ათას მგზავრს (დაახლოებით 100-ჯერ მეტს პორტებთან შედარებით) რაც აჩვენებს მკვეთრ განსხვავებას ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის გამოყენებას შორის და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს საგზაო, საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურის პოტენციალი განსხვავებულად ვითარდება, რაც საჭიროებს მეტად დაბალანსებულ მიდგომას.
სხვა ქვეყნებთან შედარებისას ნათელია, რომ საქართველოს საზღვაო პორტებს მგზავრთა გადაზიდვის კუთხით დიდი პოტენციალი აქვთ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოყენებული. მაგალითად, თურქეთში, სტამბულისა და იზმირის პორტები პოპულარულია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მგზავრთა მიმოსვლისთვის. სტამბულისა და ბოდრუმის პორტები ხშირად გამოიყენება როგორც საკრუიზო გემების გაჩერების წერტილები, რომლებიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. მგზავრებისთვის პოპულარულია ასევე საბერძნეთის კუნძულებზე გადამავალ ბორანები, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.
ბულგარეთის პორტები, როგორიცაა ვარნა და ბურგასი, ასევე ითვლება მნიშვნელოვან გადაზიდვის წერტილებად შავი ზღვის სანაპიროზე. ვარნას პორტი რეგულარულად იღებს საკრუიზო გემებს, რაც აჩვენებს, რომ პორტების განვითარება არამხოლოდ ტვირთების გადაზიდვის, არამედ ტურისტული ნაკადების ზრდასაც უწყობს ხელს. მსგავსი მოდელი საქართველოს პორტებისთვისაც შეიძლება იყოს მიმზიდველი, განსაკუთრებით თუ პორტების ინფრასტრუქტურა ტურისტულ მოთხოვნებთან ადაპტირდება.
აღნიშნული მაგალითები აჩვენებს, რომ საქართველოს პორტებს აქვთ პოტენციალი მეტი საერთაშორისო და შიდა მგზავრთა ნაკადის მისაზიდად, რისთვისაც საჭიროა დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება. ავიაციასთან შედარებით, პორტებს შეუძლიათ წარმოადგენდნენ ალტერნატიულ გზას მგზავრობისთვის, განსაკუთრებით ტურისტულ მიმართულებებში, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.