ხელოვნური ინტელექტი და საქართველოს შრომის ბაზარი: რომელი პროფესიები შემცირდება 2030 წლისთვის

დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოში ხელოვნური ინტელექტი მასობრივ უმუშევრობას არ გამოიწვევს. სამაგიეროდ, ის შეამცირებს იმ სამუშაო ადგილებს, რომლითაც ახალგაზრდები კარიერას იწყებენ. პრობლემა ის კი არ არის, რომ სამუშაო გაქრება, არამედ ის, რომ ახალი მზარდი მიმართულების სამუშაო ადგილები საქართველოში ნაკლებად  იქმნება.

რას ნიშნავს „პროფესია რისკის ქვეშაა“?

ეს არ ნიშნავს, რომ პროფესია გაქრება. ყოველი სამუშაო შედგება ბევრი სხვადასხვა საქმისგან. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ამ საქმეების ნაწილის შესრულება, მაგრამ არა ყველასი. მაგალითად, ბუღალტერს შეიძლება აღარ დასჭირდეს ცხრილების ხელით შევსება, მაგრამ კლიენტთან საუბარი, გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობა მაინც მის მოვალეობებში რჩება.

ამიტომ უფრო ხშირად იცვლება არა პროფესია, არამედ ის, თუ როგორ მუშაობს ადამიანი. რისკი მაშინ ჩნდება, როცა ერთ ადამიანს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია და დამსაქმებელს ნაკლები თანამშრომელი სჭირდება.

რომელი პროფესიები შემცირდება?

პირველ რიგში ისეთი სამუშაო, სადაც დღის დიდი ნაწილი ერთფეროვან, გამეორებად ოპერაციებზე მიდის: მონაცემების შეყვანა, დოკუმენტების მომზადება, პირველადი ანგარიშგება, სტანდარტული საკასო ოპერაციები. კონკრეტულად ეს ეხება მოლარეებს, საოფისე და საწყობის აღრიცხვის თანამშრომლებს, ბანკის ოპერატორებს, დამწყებ ბუღალტრებსა და საკრედიტო სპეციალისტებს.

საქართველოს დასაქმების ბაზრის განაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: სწრაფად შემცირებადი საოფისე და სააღრიცხვო სამუშაო შეადგენს 6.3%-ს, თანდათან შემცირებადი მიმართულებები (ბუღალტერია, ფინანსები და იურიდიული სფერო) 4.4%-ს, გარდაქმნადი პროფესიები (სადაც შინაარსი იცვლება, ხოლო მოთხოვნა რჩება) 15.9%-ს, სტაბილური ფიზიკური შრომა, რომელსაც ავტომატიზაცია არ ემუქრება 38.6%-ს, გლობალურად მზარდი სფეროები (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ზრუნვა, განათლება)  34.2%-ს, ხოლო IT, ინჟინერიისა და მონაცემთა ანალიზის ტექნოლოგიური ავანგარდი მხოლოდ 0.6%-ს.

რომელი პროფესიები გაიზრდება?

ორი სრულიად განსხვავებული ჯგუფი. პირველი, ტექნოლოგიური სფერო: პროგრამირება, ინჟინერია, მონაცემთა ანალიზი. ეს პროფესიები ყველაზე სწრაფად იზრდება, მაგრამ მათი რაოდენობა  საქართველოში ძალიან მცირეა. მეორე, ფიზიკური და ადამიანური შრომა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ზრუნვა და განათლება. აქ ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს, რადგან სამუშაო ხელით და ადგილზე კეთდება.

რატომ არის ეს პრობლემა ახალგაზრდებისთვის?

იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერ სწორედ დამწყების საქმეს ითავსებს. კურსდამთავრებული ჩვეულებრივ სწორედ იმ მარტივი, გამეორებადი ამოცანებით იწყებს, რომლებსაც AI უკვე კარგად ასრულებს. თუ ეს საფეხური გაქრა, ახალგაზრდას ბაზარზე შესვლის გზა ერთმევა.

მონაცემები ამას ადასტურებს: 30 წლამდე დასაქმებულები შემცირებად პროფესიებში ორჯერ მეტნი არიან, ვიდრე დანარჩენი დასაქმებულები, მზარდში კი თითქმის ორჯერ იშვიათად.

ეს ნიშნავს, რომ უმუშევრობა გაიზრდება?

სავარაუდოდ არა. უფრო არსებოს იმის რისკი, რომ ახალგაზრდები უბრალოდ წავლენ საზღვარგარეთ. სწორედ ეს ჯგუფი ანუ განათლებული და ოფიციალურად დასაქმებული ახალგაზრდა, ყველაზე ადვილად ახერხებს გადაადგილებას. ამიტომ ცვლილება უფრო მიგრაციის სტატისტიკაში გამოჩნდება, ვიდრე უმუშევრობის მაჩვენებელში.

რას უნდა აკეთებდეს კონკრეტული ადამიანი?

სამი პრაქტიკული დასკვნა

თუ სტუდენტი ხართ: პროფესიის არჩევისას იფიქრეთ არა მხოლოდ იმაზე, რა გამოგდით, არამედ იმაზეც, რამდენად ბევრი გამეორებადი ოპერაციაა ამ სამუშაოში. რაც მეტია, მით უფრო სწრაფად შეიცვლება.

თუ საოფისე სამუშაოზე ხართ: სამსახურის დაკარგვის შიშზე უფრო რეალურია ის, რომ თქვენი სამუშაოს ნაწილი ავტომატიზდება. სჯობს, თავად ისწავლოთ ამ ხელსაწყოების გამოყენება, ვიდრე დაელოდოთ, სანამ სხვა ისწავლის.

თუ დამსაქმებელი ხართ: დამწყები პოზიციების გაუქმება მოკლევადიან დაზოგვას მოგცემთ, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში კადრების მომზადების ჯაჭვს გაწყვეტთ. ვიღაცამ ხომ უნდა გაწვრთნას მომავალი გამოცდილი თანამშრომელი.

როგორ ჩატარდა კვლევა?

გამოყენებულია საქსტატის სამუშაო ძალის გამოკვლევის პირველადი მონაცემები (58,170 ჩანაწერი, 2025 წელი). თითოეული პროფესია დაჯგუფდა საერთაშორისო კლასიფიკატორით ISCO-08, რის შემდეგაც მას მიესადაგა ორი გლობალური კვლევა: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის Future of Jobs 2025 და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ნაშრომი 140 (2025).

მნიშვნელოვანი პირობა: გლობალური პროგნოზები საქართველოზე გადმოტანილია დაშვების სახით, რადგან ქართული კომპანიები იმ გამოკითხვაში არ მონაწილეობდნენ. ასევე ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი წლის მონაცემები, ამიტომ ტენდენციის დინამიკაზე მსჯელობა ჯერ შეუძლებელია.

ანალიზი მომზადებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) და BTUAI-ის მიერ, თბილისი. სრული ანგარიში გრაფიკებით თან ერთვის ცალკე ფაილად.

ციტირება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და BTUAI. (2026). ხელოვნური ინტელექტი და საქართველოს შრომის ბაზრის მომავალი. თბილისი.