ანალიტიკა

საშუალო ხელფასი იზრდება, როგორია მისი გავლენა საშუალო დასაქმებულებზე?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10.9%-ით გაიზარდა და 2,057 ლარი შეადგინა.

საშუალო ხელფასი იზრდება, როგორია მისი გავლენა საშუალო დასაქმებულებზე?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10.9%-ით გაიზარდა და 2,057 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს წლების განმავლობაში, თუმცა რეალური ეფექტი კვლავ არაერთგვაროვანია. მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება სქესისა და ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით. მამაკაცების საშუალო ხელფასი 2,451 ლარი იყო, რაც ქალების საშუალო ხელფასს (1,651 ლარი) მნიშვნელოვნად აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სქესის შემთხვევაში ხელფასები წლიურად იზრდება, გენდერული უთანასწორობა თვალსაჩინოა და ძირითადად დარგობრივ სპეციფიკაზეა დამოკიდებული. ზოგადად, ყველაზე მაღალი ანაზღაურება დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (3,977 ლარი), მშენებლობა (3,198 ლარი) და საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობები (3,186 ლარი). მიუხედავად ამ ზრდისა, ბევრი დასაქმებულისთვის გაუმჯობესება თითქმის შეუმჩნეველია, რაც სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობით აიხსნება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციაა, რომელიც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე პირდაპირ მოქმედებს. მაშინ, როდესაც 2024 წელს ინფლაციის დონე დაახლოებით 1.3%-ია და შედარებით სტაბილური ჩანს, წინა რამდენიმე წლის განმავლობაში ინფლაცია განსაკუთრებით მაღალი იყო, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხელფასების ზრდის რეალურ ეფექტს. მომხმარებლისთვის გაზრდილი ხელფასი იმაზე ნაკლებ სარგებელს იძლევა, ვიდრე რიცხვები აჩვენებს, რადგან ფასების ზრდა საკვებზე, კომუნალურ მომსახურებასა და ტრანსპორტზე ხელფასის ნაწილს მალევე “შთანთქავს”. მაგალითად, საშუალო თვიური ხელფასის 2,057 ლარამდე ზრდა ამ ზრდის სისწრაფესთან შედარებით რეალური მსყიდველუნარიანობის მხოლოდ მცირე გაუმჯობესებას იძლევა.

საშუალო და მედიანური ხელფასების სხვაობაც უნდა გავითვალისწინოთ. საშუალო ხელფასი არარელევანტურ სურათს ქმნის, რადგან მაღალი შემოსავლის მქონე დასაქმებულები ამ მაჩვენებელს ზრდიან და რეალობას მალავენ. 2023 წლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 1,767 ლარი იყო, მაშინ როცა მედიანური ხელფასი მხოლოდ 1,238 ლარს შეადგენდა (ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი იღებდა ამ თანხაზე ნაკლებს). მედიანური ხელფასის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ის უკეთ ასახავს „საშუალო დასაქმებულის“ რეალურ სურათს, ხოლო საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ სტატისტიკურ ილუზიას ქმნის. შედეგად, ხელფასების დინამიკა ზოგადად პოზიტიურია, მაგრამ გაღრმავებული უთანასწორობა მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ დაბალშემოსავლიანი რჩება.

გადასახადების ფაქტორიც დიდ გავლენას ახდენს ნომინალური და რეალური ხელფასების შედარებაზე. ოფიციალური მონაცემები, რომლებიც სახელფასო ზრდის შესახებ ვრცელდება, არ ითვალისწინებს შემოსავლის გადასახადს. საქართველოში 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გამო, საშუალო ხელფასიდან დასაქმებულს მხოლოდ 1,645 ლარი რჩება, რაც რეალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მძიმეა საშუალო და დაბალშემოსავლიანი დასაქმებულებისთვის, რომელთა შემოსავლის ზრდა გადასახადების გამო მნიშვნელოვნად შეზღუდულია. სწორედ ეს ასპექტები ხაზს უსვამს იმ აუცილებლობას, რომ სახელფასო ზრდის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ მისი სხვადასხვა „ფარდობითი“ კომპონენტი, რომელიც ამ მონაცემებს მნიშვნელოვნად ცვლის.

საბოლოოდ, მიუხედავად ხელფასების ზრდის ნომინალური ტენდენციისა, მისი აღქმა მოსახლეობაში განსხვავებულია. ინფლაცია, გადასახადები და მედიანური ხელფასის დაბალი დონე რეალურ გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ამასთანავე, გენდერული და დარგობრივი უთანასწორობა ცხადყოფს, რომ ხელფასების ზრდა მხოლოდ სტატისტიკურად ჩანს პოზიტიურად, მაგრამ დასაქმებულთა დიდ ნაწილს კვლავ არ აძლევს რეალური შემოსავლების გაუმჯობესების საშუალებას.

Leave a Reply