საქართველოს ციტრუსის ბაზრის გამოწვევები და პერსპექტივები
საქართველოში ციტრუსის წარმოება ყოველთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებდა, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც მანდარინი ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი პროდუქტი იყო. საბჭოთა პერიოდში

საქართველოში ციტრუსის წარმოება ყოველთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებდა, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც მანდარინი ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი პროდუქტი იყო. საბჭოთა პერიოდში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი იყო, ხოლო დამოუკიდებლობის შემდეგ წარმოება კვლავ განვითარდა, თუმცა ახალი ბაზრების მოძიება აუცილებელი გახდა.
2023 წელს ციტრუსის წარმოებაში მანდარინი დომინირებდა – საერთო მოცულობის 92% მანდარინზე მოდიოდა, რაც ცხადყოფს მის ეკონომიკურ მნიშვნელობას. ფორთოხალი და ლიმონი შედარებით მცირე ნაწილს იკავებენ, თუმცა მათი წარმოებაც მზარდია.
ბოლო წლებში მანდარინის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მის სტაბილურობას ექცევა. 2024 წელს მანდარინის ექსპორტი 28.5 მილიონი დოლარი იყო, რაც წინაწელთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირებულია, თუმცა მთლიანობაში 2015 წლიდან ექსპორტი გაორმაგდა. ფორთოხლის ექსპორტმა 2.3 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ლიმონის – 3.1 მილიონი (წყარო: საქსტატი).
2025 წლის იანვარში მანდარინის ექსპორტის 70% რუსეთზე მოდიოდა, სადაც გავიდა 1 523 ტონა პროდუქტი 983 ათასი დოლარის ღირებულებით. ქართული მანდარინი ამ პერიოდში მხოლოდ ორ ბაზარზე გაიტანეს – რუსეთში და სომხეთში, სადაც 639 ტონა პროდუქტი 333 ათასი დოლარად გაიყიდა.
მიუხედავად ექსპორტის ზრდისა, ბაზრების კონცენტრირება მხოლოდ მცირე რაოდენობით ქვეყნებზე ინდუსტრიას რისკების წინაშე აყენებს. ექსპორტის სტაბილურობისთვის აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია და თანამედროვე შენახვისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გაზრდის პროდუქტის ხარისხს და კონკურენტუნარიანობას. ასევე, მცირე და საშუალო ფერმერებისთვის მხარდაჭერის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ საერთაშორისო მოთხოვნებთან უკეთესი ადაპტაცია და ქართული მანდარინის პოზიციების გამყარება გლობალურ ბაზარზე.