საქართველოს სოციალური კრიზისი – მოსახლეობის მესამედი თავს ღარიბად თვლის
საქართველოში სიღარიბის დონე საგრძნობლად გაიზარდა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით დასტურდება. 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა

საქართველოში სიღარიბის დონე საგრძნობლად გაიზარდა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით დასტურდება. 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 700 ათასს თითქმის მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით მეტია. პარალელურად, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან და დახმარებას საჭიროებენ, 1.275 მილიონს აჭარბებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა როგორც იმ პირების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან მხოლოდ საარსებო შემწეობას იღებენ, ასევე იმათი, რომლებიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთნენ. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, 696 359 ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას, აქედან 465 026 მხოლოდ შემწეობას ეყრდნობა, ხოლო 231 333 დასაქმების პროგრამაში ჩართულია, რაც მათ ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსს უნარჩუნებს. გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებლები შედარებით დაბალი იყო – 647 479 ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას, ხოლო დასაქმების პროგრამაში ჩართული იყო 208 085 პირი.
განსაკუთრებით საგანგაშოა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 2024 წლის იანვარში 1 215 483-ს შეადგენდა, წელს კი 1 275 118-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ სულ მცირე 60 000-მა ადამიანმა ოფიციალურად მოითხოვა სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ეს ციფრები განსაკუთრებით დამთრგუნველია, თუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის რაოდენობას შევხედავთ. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ყოველი მესამე მოქალაქე მიიჩნევს, რომ ის ღარიბია, ხოლო ყოველი მეხუთე საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული. ეს ცხადყოფს, რომ ქვეყნის სოციალური პოლიტიკა ვერ უძლებს მზარდი სიღარიბის გამოწვევებს და სახელმწიფოს დახმარების საჭიროება მუდმივად იზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილი დახმარებას საჭიროებს, ეს მიანიშნებს ეკონომიკის სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც არ იძლევა მდგრადი დასაქმების ან ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესების შესაძლებლობას.
საქართველოს მთავრობა გარკვეული ინციატივებით ცდილობს სხვადასხვა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დანერგვას, თუმცა შედეგები ჯერ კიდევ არ ჩანს მასობრივად. დასაქმების პროგრამებში ჩართული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მათი შემოსავლისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შესახებ დეტალური მონაცემები არ მოიპოვება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა არ იყოს მხოლოდ შემწეობის გაზრდაზე ორიენტირებული, არამედ რეალურად შეიქმნას სამუშაო ადგილები და გაიზარდოს ეკონომიკური სტაბილურობა, რაც ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება.
საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები კიდევ უფრო მწვავდება, თუ გავითვალისწინებთ გლობალურ ეკონომიკურ კონტექსტს და ინფლაციის ზრდის ტენდენციებს. ქვეყანაში საცხოვრებელი მინიმუმის გაძვირება და დასაქმების შემცირებული შესაძლებლობები ქმნის პირობებს, სადაც სიღარიბე კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, თუ შესაბამისი ზომები დროულად არ იქნა მიღებული.
ამ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ შემწეობის პროგრამები გააფართოვება, არამედ ეკონომიკური ზრდის ისეთი მოდელი შექმნა, რომელიც მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს უზრუნველყოფს რეალური შემოსავლის წყაროებით