საქართველოს სკოლების ახალი რეალობა: მოსწავლეთა ზრდა, კერძო სექტორის გამოწვევები და განათლების ბაზრის ტრანსფორმაცია
2024-25 სასწავლო წელს საქართველოში საჯარო და კერძო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეების რაოდენობამ 640 700-ს მიაღწია, რაც ქვეყანაში ბოლო წლებისთვის იშვიათი

2024-25 სასწავლო წელს საქართველოში საჯარო და კერძო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეების რაოდენობამ 640 700-ს მიაღწია, რაც ქვეყანაში ბოლო წლებისთვის იშვიათი – 1%-იანი ზრდაა. ეს ზრდა მნიშვნელოვნად ასახავს როგორც დემოგრაფიულ ტრენდებს, ასევე განათლების სექტორში არსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს. ბოლო მონაცემების მიხედვით, მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი – 570 400 – კვლავ საჯარო სკოლებში სწავლობს, კერძო სექტორის წილი კი 70 300 მოსწავლეს შეადგენს, რაც საერთო რაოდენობის 11%-ია.
ინსტიტუციური დონიდანაც ბაზარი მნიშვნელოვნად იცვლება. საქართველოში სკოლების საერთო რაოდენობა 2 294-მდე შემცირდა, რაც მთლიანად კერძო სკოლების კლებით არის განპირობებული. დღეს, ქვეყანაში 2 086 საჯარო და მხოლოდ 208 კერძო სკოლაა. კერძო სექტორში დაწესებულებების შემცირების ტენდენცია განპირობებულია როგორც სკოლების შერწყმით და შეძენით, ასევე ავტორიზაციის კრიტერიუმების გამკაცრებით. კერძო სკოლების ბაზარზე გაერთიანებების და ბაზრის კონსოლიდაციის ტენდენცია იზრდება – ეს ნიშნავს, რომ პატარა და ნაკლებად კონკურენტუნარიანი სკოლები ან იძულებით ერთიანდებიან მსხვილ ქსელებში, ან საერთოდ ტოვებენ ბაზარს.
ყველაზე მაღალი კონცენტრაცია კერძო განათლებაში, ტრადიციულად, დედაქალაქშია: თბილისში 109 კერძო სკოლაა, სადაც 45.5 ათასი მოსწავლე სწავლობს. აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლებში ჩარიცხვის მაჩვენებელი თბილისში თითქმის 20%-ს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. თბილისის ბაზარი უფრო დივერსიფიცირებულია როგორც ფასის, ასევე სასწავლო პროგრამების მიხედვით – კერძო სკოლების თითქმის ნახევარში წლიური სწავლის საფასური 6 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო მეოთხედში 12 000 ლარსაც კი აჭარბებს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ კერძო განათლება, პირველ რიგში, საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის არის ხელმისაწვდომი და ქალაქის სოციალური სტრუქტურის რჩეული სეგმენტისთვის წარმოადგენს სტატუსისა და ხარისხის ინდიკატორს.
ფინანსური კუთხითაც კერძო სექტორი ბოლო წლებში აჩქარებულ ზრდას ავლენს. 2023 წელს კერძო სკოლებმა 242 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 21%-იანი მატებაა. ასეთი ზრდა, ერთი მხრივ, გამოწვეულია სწავლის საფასურის სისტემური ზრდით, მეორე მხრივ კი – კერძო სექტორში ჩარიცხული მოსწავლეების რაოდენობის ზრდით, რაც მთლიანად სოციო–ეკონომიკური ტრენდების შედეგია: დედაქალაქსა და მსხვილ ქალაქებში განათლების ბაზარი სწრაფად ლაგდება კომერციულ მოდელზე, სადაც კონკურენცია ხარისხში, ინფრასტრუქტურასა და დამატებით მომსახურებებში გადადის.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლების რაოდენობა იკლებს, სექტორი სულ უფრო ფინანსურად ძლიერდება და განათლების ბაზრის საერთო სტრუქტურაზე მზარდ გავლენას ახდენს. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს ახალ დინამიკას საჯარო სკოლებსა და კერძო სექტორს შორის – ხარისხში, მომსახურებასა და ბაზრის სტრატეგიულ განვითარებაში.
დღევანდელი სურათი ცხადყოფს, რომ ქართულ სკოლაში გრძელდება მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, თუმცა სექტორში კარდინალური ცვლილებებია: კერძო განათლება სულ უფრო ექსკლუზიური და ფინანსურად ძვირი ხდება, ხოლო საჯარო სექტორი კვლავ რჩება განათლების ბაზისურ საფუძვლად. მომავალი წლებისთვის ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება – და იმისთვის, რომ განათლების სისტემა ინკლუზიური და ხარისხზე ორიენტირებული გახდეს, სახელმწიფო პოლიტიკა და სექტორული სტრატეგიები უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი და ინოვაციური.