საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შეცვლა
საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე მნიშნელოვანი გეოეკონომიკური ცვლილება დაფიქსირდა — 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებულმა ბუნებრივმა გაზმა პირველად

საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე მნიშნელოვანი გეოეკონომიკური ცვლილება დაფიქსირდა — 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებულმა ბუნებრივმა გაზმა პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში გადააჭარბა აზერბაიჯანულ იმპორტს. ეს ფაქტი არა მხოლოდ სტატისტიკურადაა მნიშვნელოვანი, არამედ ენერგოდამოუკიდებლობისა და რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისითაც არსებით გეოპოლიტიკურ ცვლილებაზე მიანიშნებს.
საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც 2009 წლიდან ხელმისაწვდომია, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა იყო. იმ წელს საქართველომ 73.9 მილიონი დოლარის ღირებულების გაზი შეიძინა, აქედან აზერბაიჯანული წილი 43 მილიონ დოლარს აღემატებოდა, რაც რუსულ იმპორტზე აშკარად მაღალი მაჩვენებელი იყო. მას შემდეგ აზერბაიჯანის გაზის წილი სტაბილურად ლიდერობდა.
2025 წლის იანვარ–მარტის მაჩვენებელი ამ მრავალწლოვან დინამიკას არღვევს: საქართველომ სულ 183 მილიონი დოლარის ღირებულების გაზი შეიძინა, საიდანაც რუსულ წილზე 100.6 მილიონი დოლარი მოდის — ანუ საერთო მოცულობის 55%. იმავე პერიოდში აზერბაიჯანიდან იმპორტი 82.4 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ისტორიული რეგრესია ამ პარტნიორობისთვის.
ეკონომიკური მაჩვენებლების გარდა, ამ ცვლილებას აქვს ღრმა პოლიტიკურიც. საქართველოს ენერგოპოლიტიკის მთავარი ამოსავალი წლების განმავლობაში დასავლეთთან ინტეგრაციის პარალელურად აზერბაიჯანულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება იყო. ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) და სამხრეთ კავკასიური გაზსადენი (SCP) სწორედ ამ სტრატეგიული მიზნების გარშემო იგებოდა. მათში აზერბაიჯანი პარტნიორი იყო, რუსეთი კი კონკურენტი ან რისკის შემცველი მიმწოდებელი.
დღეს კი ვითარება იცვლება. გაზის საერთო იმპორტის მოცულობის ზრდა შეიძლება განპირობებული იყოს გაზრდილი მოხმარებით, მაგრამ რუსული წილის ამხელა მატება მიუთითებს ან უკეთეს კომერციულ პირობებზე, ან ალტერნატიული მიწოდების შეზღუდვებზე. შესაძლებელია, რუსეთის მხრიდან ფასდაკლებამ, მოქნილი სატრანსპორტო პირობებმა ან დროში უფრო ეფექტიანმა მიწოდებამ გადაწონა სტრატეგიული პრიორიტეტები და ბიზნესმა იხელმძღვანელა ეკონომიკური ოპტიმიზაციით.
თუმცა ეკონომიკური არჩევანი ყოველთვის არ არის სტრატეგიული არჩევანი. რუსეთის გაზზე მზარდი დამოკიდებულება საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რუსეთთან არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას, ოკუპაციას და მის ეკონომიკურ ზემოქმედების ბერკეტად გამოყენების ისტორიას რეგიონში.