სად იმუშავებენ დღევანდელი სტუდენტები – მომავლის პროფესიული ტრენდები 2030 წლისთვის
შრომის ბაზარი დრამატულად იცვლება. ის, რასაც დღეს წარმატებულ კარიერად მივიჩნევთ, შესაძლოა ათწლეულის ბოლოს საერთოდ აღარ არსებობდეს. ტექნოლოგიური პროგრესი, ეკოლოგიური

შრომის ბაზარი დრამატულად იცვლება. ის, რასაც დღეს წარმატებულ კარიერად მივიჩნევთ, შესაძლოა ათწლეულის ბოლოს საერთოდ აღარ არსებობდეს. ტექნოლოგიური პროგრესი, ეკოლოგიური ტრანსფორმაცია და გლობალური ეკონომიკური ცვლილებები ახალ პროფესიებს ქმნის, ხოლო ზოგიერთი ტრადიციული სამუშაო სულ უფრო ქრება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 170 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, თუმცა 92 მილიონი გაქრება. ეს ნიშნავს, რომ ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, მაგრამ მათთვის მზადყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
რომელი სფეროები იქნება ყველაზე მოთხოვნადი? ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროები ტექნოლოგიას უკავშირდება. მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება და კიბერუსაფრთხოება სამუშაო ბაზრის მთავარ მოთხოვნებად რჩება. კომპიუტერული ინჟინრები, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები და ფინტექ სპეციალისტები მაღალი ანაზღაურებით სარგებლობენ და მათი საჭიროება მხოლოდ გაიზრდება. განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფერო. მონაცემების დაცვა ყველა კომპანიის პრიორიტეტი ხდება, რაც კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.
ეკოლოგიურად მდგრადი ინდუსტრიები 2030 წლისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად გადაიქცევა. განახლებადი ენერგიის სპეციალისტები, გარემოსდაცვითი ინჟინრები და ელექტრო და ავტონომიური ტრანსპორტის ინჟინრები მომავლის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, მათ შორის განახლებადი ენერგიის პროექტების მენეჯერებისთვის და ბატარეების ინჟინრებისთვის, რომლებიც მომავლის ენერგეტიკული სტრუქტურების განვითარებაზე იმუშავებენ.
როგორ შეიცვლება ჯანდაცვა? მოსახლეობის დაბერებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ბიოინჟინრებზე, სამედიცინო მონაცემთა ანალიტიკოსებზე და ჯანდაცვის IT სპეციალისტებზე. სამედიცინო სერვისების პერსონალიზაცია და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ჯანდაცვის სფეროს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
განათლება როგორ გარდაიქმნება? ცოდნის გადაცემა ციფრულ პლატფორმებზე გადადის. ონლაინ სწავლების და ედტექ (EdTech) მიმართულებები სწრაფად ვითარდება, რაც ციფრული სწავლების სპეციალისტებს და ვირტუალური კურსების მენეჯერებს მოთხოვნად პროფესიებად აქცევს.
არის საქართველო მზად არის ამ ცვლილებებისთვის? საქართველო ჯერ კიდევ ჩამორჩება ამ გლობალურ ცვლილებებს. ტექნოლოგიური სექტორი მზარდია, თუმცა მონაცემთა მეცნიერებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტი აშკარაა. ფინტექ და ციფრული ფინანსების სფერო ქვეყანაში სწრაფად ვითარდება, მაგრამ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება. მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით საქართველო ჯერ კიდევ დასაწყის ეტაპზეა, და თუ პროფესიონალების მომზადება არ დაჩქარდება, ქვეყანა ჩამორჩება გლობალურ ტენდენციებს.
თუ საქართველო სწრაფად მოერგება ამ ტრანსფორმაციას და განათლების სისტემას ახალ რეალობას მოარგებს, მას შეუძლია რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს ტექნოლოგიებისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. თუმცა, თუ მოქმედება დაგვიანდა, შესაძლოა ქვეყანა საერთაშორისო კონკურენციას ვერ გაუძლოს და სტუდენტებს მოუწიოთ სამუშაოს ძიება საზღვარგარეთ.
დრო არ იცდის – მომავლის სამუშაო ბაზრისთვის მზადყოფნა დღესვე უნდა დაიწყოს.