ანალიტიკა

სადოქტორო განათლების ტრანსფორმაცია საქართველოში – რაოდენობრივი კლება თუ ხარისხობრივი ზრდა?

საქართველოში სადოქტორო განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. ბოლო წლებში დოქტორანტურაში ჩარიცხულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ეს აუცილებლად უარყოფითი ტენდენცია

სადოქტორო განათლების ტრანსფორმაცია საქართველოში – რაოდენობრივი კლება თუ ხარისხობრივი ზრდა?

საქართველოში სადოქტორო განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. ბოლო წლებში დოქტორანტურაში ჩარიცხულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ეს აუცილებლად უარყოფითი ტენდენცია არ არის. კითხვა ისმისეს ცვლილება კრიზისის მანიშნებელია, თუ პირიქით, მიანიშნებს კვლევების ხარისხზე და დარგობრივი ფოკუსის გადასინჯვაზე?

2024 წელს დოქტორანტურაში ჩარიცხული 700 სტუდენტიდან ყველაზე დიდი წილი სოციალურ მეცნიერებებს, ბიზნესსა და სამართალს უკავია – 294 სტუდენტი (42%). ამის შემდეგ მოდის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 100 (14%), მეცნიერება – 112 (16%), ხოლო საინჟინრო და სამშენებლო დარგები მხოლოდ 50 სტუდენტით (7%). მსოფლიო მასშტაბით, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დოქტორანტურაში უფრო მაღალი წილი შეინიშნება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც კვლევითი ინოვაციები ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, აშშ-სა და გერმანიაში დოქტორანტთა დიდი ნაწილი საინჟინრო, მონაცემთა მეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულებით კონცენტრირდება, მაშინ როცა საქართველოში კვლავ სოციალური მეცნიერებები დომინირებს. ეკონომიკის რეალური საჭიროებები და აკადემიური მიმართულებები ერთმანეთს სრულად არ ემთხვევა.

ახლა ჩარიცხვების დინამიკას დავუბრუნდეთ. ყველაზე მკვეთრი შემცირება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით შეინიშნება – 2019 წელს 694 სტუდენტი, ხოლო 2024 წელს 294. ეს დარგი აღარ არის დოქტორანტურისთვის ისეთი პრიორიტეტული, როგორც ადრე ან დასაქმების ბაზარზე მისი გავლენა შემცირდა. თუ ნაკლებად აქტუალური სადოქტორო პროგრამები თანდათან მცირდება, ეს შეიძლება განათლების სისტემის ბუნებრივ ტრანსფორმაციად მივიჩნიოთ.

მეცნიერებისა და საინჟინრო დარგებში კლება უფრო კრიტიკულია. 2019 წელს საინჟინრო დარგებში 159 დოქტორანტი ჩაირიცხა, ხოლო 2024 წელს – მხოლოდ 50. კვლევითი დაფინანსება და აკადემიური რესურსები ამ მიმართულებებში სუსტია, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე. ინოვაციური სექტორებისთვის ტექნოლოგიური კვლევები გადამწყვეტია, და თუ ეს მიმართულება არ ვითარდება, ქვეყანა შეიძლება ჩამორჩეს გლობალურ კონკურენციას.

ჯანდაცვის მიმართულება შედარებით სტაბილურია – 2019 წელს 126 სტუდენტი, ხოლო 2024 წელს 100. სამედიცინო კვლევები კვლავ აქტუალურია, რაც დაკავშირებულია ჯანდაცვის სექტორში მზარდ მოთხოვნასთან და საერთაშორისო ტენდენციებთან.

სადოქტორო განათლებაში კლება არ არის პირდაპირი პრობლემა. შესაძლებელია, რომ ეს ტრანსფორმაციის პროცესის ნაწილია, სადაც რაოდენობრივად შემცირებული, მაგრამ ხარისხობრივად უფრო ეფექტიანი კვლევები წამოიწევს წინ. მნიშვნელოვანია, როგორ ნაწილდება რესურსები და რამდენად სწორად ერგება განათლების სისტემა ეკონომიკის საჭიროებებს. წლების განმავლობაში დოქტორანტურის პროგრამები ზედმეტად ფორმალური იყო, ახლა კი ხდება მისი „გაწმენდა“, რაც შეიძლება დადებითი ტენდენცია აღმოჩნდეს, თუ დარჩენილი პროგრამები რეალური ღირებულების მატარებელია.